601. კაცი ბჭობს, ღმერთი იცინის,
თურმე ტყუილად არ თქმულა,
და ჩემი ვარაუდები,
სამწუხაროდ, არ ასრულდა.
602. მაზლებმა წამომიყვანეს,
სახლის გარეთ არც გავსულვართ,
ერთ დიდ დარბაზში აღმოვჩნდი,
ვიგრძენი საქმე გართულდა.
603. რომ შევედით, ჩემს ზურგს უკან
ხმაურით დაკეტეს კარი,
ტაძრის ნაცვლად თავი მგონი
ჯოჯოხეთში ამოვყავი.
604. ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა,
ლიცლიცებდა ცეცხლის ალი
და ყრუ კედლებზე ხრჩოლავდა
ათიოდე ჩირაღდანი.
605. ცენტრში ენთო შუაცეცხლი,
ზედადგარზე დიდი ქვაბით
ბლანტი სითხე თუხთუხებდა
ასდიოდა ოხშივარი.
606. ამ სიმყრალეს თან ერთვოდა
თრიაქის სუნი და კვამლი,
ხარბად რომ შეექცეოდა
ერთთავად ყველა სტუმარი.
607. ცეცხლის წინ ქვის იატაკზე
მოჩანდა ნაკვეთ-ნაღარი,
წრეში ჩახაზულ-ჩასმული
ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
608. მის ზემოთ თავხეს ეხატა
ზუსტად იგივე ნიშანი,
ზედ ჯაჭვით ჩამოეკიდათ
თავდაღმა შავი ციკანი.
609. რიტუალისთვის ზვარაკად
შეთქმული, სიკვდილმისჯილი,
შველას ამაოდ ითხოვდა
საწყალობელი კიკინით.
610. ჩემს გამოჩენას იქ მყოფნი
შეხვდნენ ტაშით და ყიჟინით,
იკრიჭებოდა ჭიჭია
იონჯანაჭამ ვირივით.
611. მიმიყვანეს და მის გვერდით
რომ მიმიჩინეს ადგილი,
მივხვდი თავს დამტრიალებდა
ეშმაკეულის აჩრდილი.
612. წრე შეკრეს ჩვენს გარეშემო,
როკავდნენ ხელებგაწვდილნი,
გაურკვეველი სიტყვების
მონოტონური ძახილით.
613. ხელხანჯნლიანი ვაჭარი
იდგა ვარსკვლავის შუაში,
ქაჯურად რასმე ამბობდა
ბელადის როლ-ამპლუაში.
614. ციკნის ყელს ძარღვი გადუხსნა,
სისხლმა იდინა სურაში,
მიაძღა, ამოითხვარა
ტუჩნიკაპი და ულვაში.
615. ცოლსაც დაუსხა, იმანაც
ჩაიმხო სავსე ფიალა
და მერე სისხლის სმურებმა
სტუმრებში ჩამოიარა.
616. ხარბად დააცხრნენ სასმისებს
დიდიან პატარიანად,
პირსისხლიანი ბრბო იყო
ეშმაკის მონა მთლიანად.
617. უხმო ვაჭარმა ჭიჭიას,
უცხო თასი რამ გადასცა,
თვალი გავკიდე შორიდან
შიგთავსის წითლად ლაპლაპსა.
618. დადუმდა მთელი დარბაზი,
თითქოს ელოდა ამ წამსა
და ყურადღებით უსმენდა
ვაჭარბელადის ნათქვამსა:
619. „მივიღოთ ახალი წევრი
ამ ჩვენს გილდია ჰამქარსა,
დიდ ბატონს მიეყიდება,
ნებით დაიდგამს თავს რქასა.
620. სულის სანაცვლოდ მიიღებს
მომხვეჭველობის ძალასა,
გაიგებს სხვისთვის დაფარულს,
ცხოვრებას მოხდის ღალასა.“
621. მომიახლოვდა ჭიჭია
მამის სიტყვების გამგონი,
მივხვდი საითაც დაქანდა
ბედ-იღბლის მრუდე სასწორი.
622. სისხლიან თასს მაძალებდა
სინდის ნამუსის არმქონი,
ხელი ვკარ, ზედ გადავასხი,
ვიყვირე მთელი ძალ-ღონით:
623. „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის,
ის არის ჩემი პატრონი,
დაგლახვროთ წმინდა გიორგიმ,
თქვენცა და თქვენი ბატონიც!“
624. განრისხდა, ხელი წამტაცა,
ჩამომახია საკინძე,
გამოჩნდა ჯვარი ჩემს მკერდზე
სხივს რომ აფრქვევდა საკვირველს.
625. მერე იმატა ნათელმა
და შიშისაგან აკივლდნენ,
გარშემომყოფი ჭინკები
კაცის ტყავისგან გაშიშვლდნენ.
626. ახლოს ვერ მეკარებოდნენ,
ხმებს გამოსცემდნენ საშინელს,
კედლებს ფხოჭნიდნენ ბრჭყალებით,
კარი გახსნეს და გაცვივდნენ.
627. ამგვარად მიხსნა უფალმა
ჯვრის მადლით ღვთივკურთხეულით,
მას შემდეგ არც შემხებია
ჭიჭიას ბილწი სხეული.“
628. ეს თქვა და ერთხანს დადუმდა
თვალებზე ცრემლმორეული,
ტიტეს მკლავებში გაყუჩდა
მის სითბოს მონატრებული.
(გაგრძელება იქნება)
*******************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment