Sunday, September 8, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი VI - ვარდოს ნაამბობი, თავი II - მოტაცება

560.  ერთ საღამოს, არემარე
         რომ ისხამდა ბინდის ფერსა,
         სოფლის გზას მივუყვებოდი
         მეზობლის გოგოსთან ერთად.

561.  რატომღაც უკან მრჩებოდა
         და განზრახ ითრევდა ფეხსა,
         ვაჩქარებდი, არ მინდოდა,
         რომ გზაში მოესწრო ბნელსა.

562.  უცებ ვიგრძენ მისი ხელის
         თითები შემეხო ყელსა,
         ნათლობის ჯვარს წაეტანა,
         ხელად შეაწყვიტა ძეწკვსა.

563.  შეტრიალდა და უკანვე
         სირბილით აუყვა სერსა,
         ახსნა ვერსით მოვუძებნე,
         მის უმსგავსო საქციელსა.

564.  გზა განვაგრძე და მალედვე
         შიშისაგან ელდა მეცა,
         როცა ცხვირწინ შევეფეთე
         ჭიჭიას მღვრიე თვალებსა.

565.  ისეთ ადგილას დამიხვდა,
         სულ რომ არ ჩანდა სოფლიდან,
         მივხვდი, ჩემი თანამგზავრიც
         ამ გარეწარს მოესყიდა.

566.  ხელი მტაცა და მაჯაზე
         გამეტებით მომიჭირა,
         კრიჭაშეკრულმა ვერ შევძელ,
         რომ საშველად დამეყვირა.

567.  სილა შემოვკარ და სახე
         ჩამოვახოკე ფრჩხილებით,
         მწარე ღმუილი აღმოხდა,
         გააღრჭიალა კბილები.

568.  სახე იცვალა, მეჩვენა
         ურჩხულის შეხედულებით,
         არსი შევიცან ჩემს თავზე
         დამტყდარი უბედურების.

569.  წინ მედგა ჭინკა-მაქცია
         საზარო აგებულებით,
         გულწასული ძირს დავეცი,
         თვალთ დამიბნელდა სრულებით.

570.  ვიგრძენი, როგორ შეიხსნა
         სულმა სხეულის ხუნდები,
         მეგონა უკვე გათავდა
         ამ სოფლად ყოფნის წუთები.

571.  არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავ
         გრძნობამიხდილდაკარგული,
         რა ძალამ შემომაბრუნა
         ლამის ხიდზე გადასული.

572.  გონს მოვედი ბნელ სარდაფში
         გაკოჭილი, პირაკრული,
         თავი საფლავში მეგონა
         ცოცხლად ჩაფლულ-დამარხული.

573.  მაღლა ხალხი ხმაურობდა,
         კარგად რომ დავუგდე ყური,
         საუბარიც გავარჩიე
         ჭერს ზემოდან ჩამოსული.

574.  ხმა ვიცანი დედაჩემის,
         გაბზარული, დაზაფრული,
         მაჩვენეთო ჩემი შვილი,
         სადა გყავთო დამალული.

575.  უპასუხეს, რომ ჭიჭიას
         არ ვყავდი მოტაცებული,
         თურმე ნებით გავყოლივარ
         სიყვარულით ფრთაშესხმული

576.  და რადგანაც მშობლებისგან
         ვყოფილვარ დაშინებული,
         ჩემი თხოვნითვე აღმოვჩნდი
         სოფლიდან გარიდებული.

577.  გატყუებენ თქო, ვყვიროდი,
         აქა ვარ გამომწყვდეული,
         პირსახვევს ვერა სცდებოდნენ
         სიტყვები ბრაზმორეული.

578.  წავიდა დედა მტირალი,
         უტიფრად მოტყუებული,
         ვაი თუ დაიჯერა თქო,
         ვფიქრობდი შეშფოთებული.

579.  მომაკითხეს ცოტა ხანში
         ჭიჭიამ და დედამისმა,
         კაცის ტყავში გახვეული
         ჭინკები შეიცნო ფიქრმა.

580.  მოვიდა სადედამთილო,
         სკამზე მიბმულს წინ დამიდგა,
         დამცინავად გამიღიმა
         და ნიშნის მოგებით მკითხა,

581.  რად ურჩობო, მწყემსის ქალო,
         ხომ არ მიწუნებო ბიჭსა,
         გაფრთხილებდი თუ გახსოვსო,
         რომ ყოველთვის ვაღწევ მიზანს.

582.  ამ ჯურღმულში დაგალპობო,
         გაყურყუტებ კიდევ დიდხანს,
         სანამ თანხმობას არ იტყვი
         ჩემს ვაჟთან შეუღლებისას.

583.  თუ ისურვებ მის ცოლობას,
         მოიბრუნებ ჩვენსკენ პირსა,
         არაფერი მოგაკლდება,
         გემოს ნახავ ცხოვრებისას.

584.  დამიჯერე, მორჩილებით
         გახდიო ერთგული რძალი,
         ისეთ ქორწილს გადაგიხდით,
         რომ მტერს დაუდგესო თვალი.

585.  წესითა და რიგით უნდა
         შექმნათ ოჯახი ახალი,
         ნებით უნდა დაიწიდნო,
         შეიყვარო შენი ქმარი.

586.  ერთურთს ვერ მიგაკარებთო,
         შეიკავოთ უნდა თავი,
         სანამ არ ჩატარდებაო
         საქორწილო რიტუალი.

587.  ვუსმენდი და მძვინვარებდა
         გულში ზიზღის ქარიშხალი,
         ჭინკა ჭიჭიას სარეცელს
         მახარბებდა ეს ავქალი.

588.  არასოდეს გავხდებოდი
         მისი, თუნდაც მოვეკალი,
         მაგრამ ვფიქრობდი, როგორმე
         მეპოვნა გამოსავალი.

589.  შევეცადე დრო მომეგო,
         თანხმობა ვუთხარ კანკალით,
         ვტიროდი, ცრემლებსა ვღვრიდი
         ძალადობისგან გამტყდარი.

590.  უარს ღვთის სახლში ვიტყოდი,
         დასრულდებოდა კოშმარი,
         ჯვარს ძალით ხომ არ დამწერდა
         ქრისტეს მსახური მოძღვარი.

591.  სამამამთილოს მიმგვარეს,
         როგორც სამსხვერპლო ბატკანი,
         მუშტარის თვალით მსინჯავდა
         თვითკმაყოფილი ვაჭარი.

592.  კარგიაო, ბრძანა, რაკი
         ნებით ხდება ჩვენი რძალი,
         დიდხანს ნუღარ გადავდებთო,
         მომზადდესო რიტუალი.

593.  მერე ვახშმად მიმიწვიეს
         გამაცნეს მთელი ოჯახი,
         მოსასვენებლად დამითმეს
         ერთი პატარა ოთახი.

594.  განვმარტოვდი, მოვიძიე
         ჯვარი შენი ნაჩუქარი,
         გულის ჯიბით რომ დამქონდა
         ანდამატი სანუკვარი.

595.  ვილოცე მუხლმოდრეკილმა,
         უფალს შევავედრე თავი,
         ღამე თეთრად გავათენე,
         შიშით ვერ მოვხუჭე თვალი.

596.  გათენდა და აზუზუნდა
         სახლი ფუტკრების სკასავით,
         დიდი სამზადისი ჰქონდათ,
         მისვლა-მოსვლა და ხავხავი.

597.  მოვიდა დიასახლისი,
         ღიმილს აფრქვევდა ალქაჯი,
         თან თეთრი კაბა მოჰქონდა
         ოქრომკედულით ნაქარგი.

598.  მასთანვე სხვა სამოსელიც,
         ერთიც ბეჭედი ალმასის,
         გამოეწყვეო, მიბრძანა,
         ქმარს რომ შეხვდეო ლამაზი.

599.  ჩავიცვი, ბედმა სარკიდან
         მწარედ დამცინა ქარაგმით,
         გულს შენი ჯვარი მეკიდა,
         ტანს კაბა ჭინკის პატარძლის.

600.  ცოტაც გავძლებ თქო, ვფიქრობდი,
         და როცა მივალთ ტაძარში,
         თავს რომ დავაღწევ ტყვეობას,
         გავცვლი მონაზვნის კაბაში.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი



No comments:

Post a Comment