Thursday, September 5, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი V - დაბრუნება, თავი I - გაციებული ღადარი
482. დაბრუნდა ტიტე სოფელში,
მდუმარედ დახვდა სახლ-კარი,
უჟამურ სევდას ებრძოდნენ
კედლები ტკივილჩამდგარნი.
483. ეზოში მწვანედ ღელავდა
მოზღვავებული შამბნარი,
უკაცურობის დასტური
ებრაულ წყევლის მაგვარი.
484. კერიას შემორჩენოდა
გაციებული ღადარი,
აბლაბუდებში გახვეულ
ოთახს გაჰქონდა კანკალი.
485. კარგახანს იდგა უსიტყვოდ
დროისშეგრძნებაგამქრალი,
უსმენდა როგორ კვნესოდა
სახლი სიცოცხლეჩამკვდარი.
486. მერე ნელ-ნელა დალაგდა
მთლად არეული ჟამკარი,
ადგა და საქმეს შეუდგა,
გამრჯედ გაშალა მხარ-მკლავი.
487. გაასუფთავა, გაწმინდა
წლების მტვერი და ნაცარი,
ცეცხლი აანთო, საღამოს
მარტოკამ ჭამა ვახშამი.
488. დილით კი ცელი გამართა,
ეზოს დაატყო გზა-კვალი,
გარეთ მერეღა გავიდა,
იკითხა სოფლის ამბავი...
489. დიდი ხნის წასულს ბევრი რამ
დაუხვდა განსხვავებული,
მის არყოფნაში მომხდარი,
შექმნილი, დაბადებული.
490. ბევრიც იმქვეყნად წასული,
შავ მიწას მიბარებული,
ბევრისთვის თვითონ აღმოჩნდა
უცხო და დავიწყებული.
491. გალაღდნენ ბიძაშვილები,
რომ ნახეს დაბრუნებული,
სამღვთო თქვეს, საკლავი დაკლეს
ტიტეს სახელზე შეთქმული.
492. სუფრა გაშალეს, ალხინეს
სოფელი სტუმრად წვეული,
აწმყომ დალია წარსული
ღვინოში გადარეული.
493. სოფელს თავისი წესი აქვს,
თავის ცხოვრების ფერხული,
აფასებს კეთილ მეზობელს
გლეხკაცი მიწის ერთგული.
494. მხარში უდგანან ერთმანეთს
შრომის უღელში შებმულნი,
ახალმოსახლეთ შველასაც
არიან შეპირებულნი.
495. მოსწონდათ კარგი მებრძოლი,
კაცი ღირსებით შემკული,
მით უფრო, ახლახანს იყო
ომიდან დაბრუნებული.
496. თავად რომ ყველას შველოდა
სხვის დარდით შეწუხებული,
კეთილი საქმის კეთებით
რჩებოდა გახარებული.
497. არ აწუხებდა არავის
სიმდაბლით გამორჩეული,
დიდად არც სტუმრიანობდა
მარტო ცხოვრებას ჩვეული.
498. გულს დარდი შემოსჩვეოდა,
ფიქრს შერეოდა სამსალა,
ვერსად ვერ შეხვდა გულისსწორს,
იღბალმა ისევ აწვალა.
499. შემთხვევით არვის წამოსცდა,
განგებ ეკითხა, არ სწადდა,
და ალალბედზე ეძებდა
ვარდოს ასავალ-დასავალს.
500. ყოველ კვირა დღეს ტაძრისკენ
გზას მიჰყვებოდა, რადგანაც
იმედი ჰქონდა, წირვაზე
მისულს მაინცა ნახავდა.
501. მერე კი ბაღში კარგახანს
იდგა მებაღის საფლავთან,
გულს მოლოდინი სტანჯავდა,
ვარდო კი მაინც არ ჩანდა.
502. ყოველღამ ცას შესცქეროდა,
მთვარის გავსებას ელოდა,
მებაღის სულის ნათქვამი
ქვეშეცნეულად სჯეროდა.
503. ნაკლული მთვარე სირცხვილით
ღრუბლებში ემალებოდა,
თავს ზემოთ ძალა არ მაქვსო,
გულწრფელად ეუბნებოდა.
(გაგრძელება იქნება)
************
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment