673. დრომ იდინა, გადათვალა
წუთები და საათები,
მთვარე მორჩა აღმა გორვას
და დაეშვა დასავლეთით.
674. ბაღში ჩუმად ჩურჩულებდნენ
ჭორიკანა ყვავილები,
გაოცებას ვერ მალავდნენ
ემოციით დაღლილები.
675. საფლავის ქვასთან შენიშნეს
სული ამ ბაღის შემქმნელი,
თმა-წვერსა და სამოსელზე
დაფენილი თეთრი ფერით.
676. აშრიალდნენ სიხარულით,
ხვდებოდნენ ტოტების ქნევით,
მებაღის სული ტკბებოდა
ტურფა ყვავილნარის მზერით.
677. წამოვიდა, ცაცხვის ძირში
ქალ-ვაჟს ჩამოართვა ხელი,
ჩამოჯდა და საუბარი
წამოიწყო ტკბილი ენით:
678. „ვხედავ, ერთად ყოფნით ხარობს
გრძნობით სავსე ორი გული,
ჩემი უგუნური ქცევით
უსამართლოდ დაჩაგრული.
679. მადლობა ღმერთს, არ გასწირა
საარაკო სიყვარული,
ერთ არსებად შეგკრათ ისევ,
დიდი ხნით დაშორებულნი.
680. რადგან ახლა უკვე იცით,
რისთვის ხართ მოწოდებულნი,
მიხვდებით, რომ ჯერ შორს არის
ბედნიერი დასასრული.
681. ერთად უნდა მოვიფიქროთ
და დავსახოთ გეგმა სრული,
ჭინკა-მაქციების მოდგმას
დავუყენოთ აღსასრული.“
682. ტიტემ უთხრა: „მე მზადა ვარ,
ჩემი თავი არ დავზოგო,
თუნდაც ქვესკნელამდე ვდიო,
სათითაოდ ამოვხოცო.
683. მაგრამ ვშიშობ, არ მომცემენ
სანადიროდ ამდენ დროსო,
ერთბაშად შემომიტევენ,
ვერ გავწვდები მთლიან ბრბოსო.
684. მცირე რაზმი დამჭირდება,
შევკრიბავ და თვითონ გავწვრთნი,
ეჭვის გასაფანტად ვიტყვით,
მივდივართო მეფის ჯარში.
685. საიმედო ხალხი გვინდა,
ფეხი არ ჩადგან ღალატში,
ვარდომ უნდა მოგვცეს სია,
ვინ ტრიალებს მათ ხროვაში.
686. მოიწონეს ტიტეს აზრი,
მერე ვარდომ თქვა სათქმელი:
„კაცთა შორისაც ბევრია
ჭინკების თანამზრახველი.
687. ეს მოსყიდული მონები,
ანგარებით მთლად სავსენი,
ფულის გულისთვის ათასგვარ
სისაძაგლეზე წამსვლელნი.
688. არ იციან ვის ჰმონებენ,
თავზე ჯერ არ ადგათ რქები,
არც არასდროს უნახიათ
სახე ჭინკა-მაქციების.
689. მაგრამ ბინძურ საქმეებში
არიან ხელგასვრილები,
არ იქნება მათი ნდობა,
მტერს ჰქონდეს მათი იმედი.“
690. მშვიდად უსმინა მოხუცმა,
მერე სითბო დადნა ხმაში
და თქვა: „ნუ ვენდობით, მაგრამ
ნურც ამოვიღებთ მიზანში.
691. მაგათაც უნდა მიეცეთ
სულის გადარჩენის შანსი,
სიკეთით უნდა დავლეწოთ
ბოროტების ყველა ჩარხი.
692. ჯერ ვაჩვენოთ ავსულების
საზარელი სახე ცხადში,
მერე იქნებ ჩვენს მხარეზეც
დადგნენ გადამწყვეტ ბრძოლაში.
693. არ ივარგებს, თუკი ჭინკებს
ამოვხოცავთ კაცის ტყავში,
ვეღარაფრით დავამტკიცებთ
ჩვენს სიმართლეს ხალხის თვალში.
694. ამიტომაც ბრძოლა გველის
ურჩხულებთან ძალზე მკაცრი,
თავს დავესხათ, როცა ყველა
იქნება დემონის სახით.“
695. ტიტემ კი თქვა: „მაშ მოგვიწევს,
დაველოდოთ სავსე მთვარეს
და როგორმე გავარკვიოთ,
სად იქნებიან მაგ ღამეს.“
696. ვარდომ მიუგო: „ძნელია
წინასწარ მიუხვდე რამეს,
კაცის თვალს ერიდებიან,
ხშირად არც გადიან გარეთ.
697. თავისებურად ღრეობენ,
ხარშავენ ათას სიმყრალეს,
მაგ დღეს მეც თავს მარიდებენ,
დედის ნახვის ნებას მრთავენ.
698. არაფერი გამოგვივა,
თუკი ხერხი არ ვიხმარეთ,
სადმე ყველას ერთიანად
თავი თუ არ მოვუყარეთ.
699. ვფიქრობ, დავთანხმდე ჭიჭიას,
დავპირდე, რომ ჯვარს განვაგდებ,
სიხარულით მიიღებენ
და რიტუალს დანიშნავენ.
700. ყველა მოვა ალბათ მაშინ,
ვინ გამოტოვებს იმ წამებს,
ჭინკების ურჩ პატარძალს რომ
საბოლოოდ გასტეხავენ.
701. თუ შევძელი და მალულად
ჯვარი შიგნით შევიტანე,
გაბრწყინდება სხივნათელი,
ჭინკებს დაუბრმავებს თვალებს.
702. ამ დროს მოხვალთ შეფიცულნი,
შემოანგრევთ მუხის კარებს,
მეც მიხსნით და მაქციების
მოდგმასაც დაასამარებთ.“
703. „კარგიაო, უთხრა ტიტემ,
უკეთეს გზას ვერ მოვნახავთ,
მაგრამ დიდ რისკსაც შეიცავს
მარტო დარჩენა ხროვასთან.
704. უჩუმრად უნდა გამოვცდეთ,
სახლის მცველად მდგომ მონათა
და ზუსტად დროზე მოვიდეთ,
რომ აზრი ჰქონდეს ბრძოლასა.
705. გამოსვლაც დროული გვმართებს,
უნდა დავუსხლტეთ მდევარსა,
თავდასხმას როგორც შეიტყობს
სოფელი მისცემს შველასა.
706. დრო არ გვექნება იმისთვის,
სიმართლე ვუხსნათ ყველასა,
ძმათა ომს უნდა გავექცეთ,
უაზრო სისხლის დენასა.“
707. „ასე სჯობსო, თქვა მოხუცმა,
გაერიდეთ, წადით მთაში,
მე ვიზრუნებ იმისთვის, რომ
სიმართლე გავრცელდეს ხალხში.
708. მონასტრის ბერ-მონაზვნები
ამომიდგებიან მხარში,
განგაშის ზარს დავარისხებთ,
ხალხს შევკრებთ ეკლესიაში.
709. უფლის ნებით აღიკვეთოს,
ეგებ ჭინკების პარპაში,
კეთილმა სძლიოს ბოროტსა,
როგორცა თქმულა ზღაპარში.“
710. სათქმელი ითქვა ბოლომდე,
დასრულდა სამთა თათბირი,
დათქვეს შემდეგი შეხვედრის
დრო-ჟამიცა და ადგილიც.
711. ჩამავალ მთვარის სხივებში
გაქრა მებაღის აჩრდილი,
მერე ქალ-ვაჟმაც დასძლია
ერთად დარჩენის წადილი.
712. განშორების გრძელ კოცნაში
ღელავდა გრძნობა განცდილი,
ორივე გულში მომავლის
იმედი იყო ჩაღვრილი.
713 მერე აჩქარდნენ წამები,
წუთებმა ზომეს მანძილი,
დრომ მოიხურა თავისი
უჩინმაჩინის მანდილი.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment