Saturday, August 31, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი III - თორმეტწლიანი სიშორე, თავი III - ეული ობოლი
359. ტიტეს სოფელშიც ამღერდა
ზარების ხმაზე სამრეკლო,
მაგრამ, ვაი, რომ მის სახლში
კერაზე ცეცხლი არ ენთო...
360. წინ შეხვდნენ ბიძაშვილები,
ტიტეს მოსვლა რომ გაეგოთ,
ცუდი ამბების მთხრობელთა
თავები მხრებში ჩაერგოთ.
361. უთხრეს: „აღარ გყავს მშობლები,
უმუხთლათ წუთისოფელმა,
ღმერთმა არგუნოთ მათ სულებს
იმ ქვეყნად ნათლის მოფენა.
362. შარშანწინ მთაში მამაშენს
თურმე გზად კლდე ჩამოექცა,
იმსხვერპლა ზედ დაცემულმა
ქვის ლოდმა, ვერ გამოექცა.
363. დაქვრივებული მეუღლე
გულს ასკდებოდა, ტიროდა,
ქმარმკვდარი ომში წასული
შვილის ბედს უფრო ჩიოდა.
364. ერთ წელს გაუძლო ამ ვარამს
ძაძით მოსილმა იგლოვა,
წლისთავზე უფლის წინაშე
სულის ცხონება ითხოვა.“
365. თითქოს ასპიტმა დაგესლა,
გულს ისე მოხვდა ნათქვამი,
ტიტეს ძარღვებში ჩაგუბდა
სისხლის მაგიერ ბალღამი.
366. ერთი თვე დარჩა სოფელში
დარდს გაუშალა კარავი,
მარტოობაში გლოვობდა,
არ გაიკარა არავინ.
367. მწარე სიმართლეს აყრიდა
თავზე მშობლების საფლავი,
უმშობლოდ ვეღარ თბებოდა
ეს მშობლიური სახლ-კარი.
368. ისიც შეიტყო, რომ ვარდოს
ქმრად აერჩია ვაჭარი,
ჭიჭიას კერას ათბობდა
მისი სიტურფის ღადარი.
369. მიხვდა, რომ ვერ იცხოვრებდა
ამ სოფლის აღმართ-დაღმართით,
სახლის კარები აფიცრა,
აიკრა გუდა-ნაბადი...
370. და ისევ წასვლა არჩია
პატარა კახის ლაშქარში,
ბრძოლას ნაჩვევი მახვილი
ვერ ისვენებდა ქარქაშში.
371. ამასობაში ერეკლე
კახეთის მეფედ აკურთხეს
და ისევ ხმლით დაერია
მტრის საცეცებს და მარწუხებს.
372. მოუხმო თანამებრძოლებს,
სამშობლოს ერთგულ მსახურებს,
მტერს რა დაულევს ქართველებს,
ან ბრძოლას ვინ დაასრულებს.
373. ტიტეც იქ იყო ყოველთვის,
სადაც სამშობლოს უჭირდა,
მამის ნაჩუქარ ხმალივით
ჭკუა-გონებაც უჭრიდა.
374. ცოდნა და გამოცდილება
ნიჭს გზას აძლევდა, ფურჩქნიდა,
მეფის ერთგული რაინდის
წინსვლა არავის უკვირდა.
375. დაოსტატებულს ციხეთა
აღება-დაცვის საქმეში,
ციხისთავობას ანდობდნენ
ხშირად სხვადასხვა მხარეში.
376. სასურველ სასიძოდ თვლიდნენ,
სტუმრად იწვევდნენ სახლებში
და ხშირად გრძნობა კრთებოდა
ტურფა ასულთა თვალებში.
377. თავს აწონებდნენ ციხისთავს,
ან დასაწუნი რა ჰქონდათ?..
მაგრამ გული კი ურჩობდა
ვარდოს სიყვარულს არ თმობდა.
378. თავს არ აკადრა ტყუილი,
არცერთს ცოლობა არ სთხოვა,
თუმცა იოლად შეეძლო
მათი გულების დაპყრობა.
379. უსიყვარულოდ ოჯახში
არ ექნებოდა თანხმობა
და მარტოხელა მგელივით
ისევ ეულად დაძრწოდა.
380. რადგანაც ჰორმონთა ჯარი
მის ორგანიზმზეც ლაშქრობდა,
დროდადრო მასაც უწევდა
ლამაზმანებში გართობა.
381. როდესაც ქალის ალერსში
სხეული ვნებას აცხრობდა,
გრძნობამორეულ გონებას
სატრფოს ხატება აკრთობდა.
382. ვნებადაშრეტილს თვალნათლივ
ახსენდებოდა ბავშვობა,
პეპლების შეფარფატება
მის ტუჩებს ისევ ახსოვდათ.
383. უთქმელი გრძნობა სასჯელად
მთელი ცხოვრება დაჰქონდა,
თორმეტწლიანმა სიშორემ
სევდასთან დააახლოვა.
384. დაღონებული ღვინოში
ცდილობდა დარდის დახრჩობას,
ისევ იმ კოცნას მისდევდა
და სიყმაწვილეს ნატრობდა.
385. მაგრამ დროს უკან, წარსულში
წასასვლელი გზა არ ჰქონდა,
დღე დღეს მისდევდა, წელი - წელს,
დრო მომავლისკენ გარბოდა.
(მესამე ნაწილის დასასრული)
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment