Monday, August 19, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი I - ყვავილების ბაღი, თავი II - გარდასახვა
38. დრო მიდიოდა და მგონი
ცოტა ხნით შეყოვნდა გზაში,
მზე სხივებს აყრიდა მიწას,
ქარი ნავარდობდა ცაში.
39. დილით წასულიყო სადღაც,
მებაღე არ იყო სახლში,
როდესაც მოადგა წალკოტს
ორი ონავარი ბავშვი.
40. ბაღნარში ჩაფლული სახლი
არ იყო სოფლიდან ახლოს,
შემთხვევით გავლილი მგზავრი
აქ ვერ მოხვდებოდა ამ დროს.
41. არ ჰგავდნენ ბავშვები მგზავრებს,
არც მოხუც მებაღის სტუმრებს,
სოფლიდან მოსდევდნენ მარდად
ფერადი პეპლების გუნდებს.
42. ბავშვური სიცელქით ხტოდნენ,
ერთმანეთს ასწრებდნენ გზაში
და ვერც კი შენიშნეს, ისე
აღმოჩნდნენ ამ ზღაპრულ ბაღში.
43. დარბოდნენ, დასდევდნენ პეპლებს,
გარშემო აფრქვევდნენ სიცილს,
ყორნისფერთმიანი გოგო
და ქერაკულულა ბიჭი.
44. ფრთაჭრელი პეპელა, მათ წინ
რომ მიფარფატებდა ლაღად,
დანებდა მათრობელ სურნელს,
დაეშვა თვალწარმტაც ვარდთან.
45. ბავშვებიც შეჩერდნენ იქვე,
მკვირცხლად ჩაიმუხლა ბიჭმა,
პეპლისკენ წაიღო ხელი
და თითქმის ფრთაზეც კი მისწვდა.
46. ყვავილებს გადაჰკრა გულზე
მოთეთრო აჩრდილმა შიშის.
ვარდს გადაეფარა ტიტა,
უხმოდ მოკვდებოდა მისთვის.
47. გაექცა პეპელა საფრთხეს,
ძლივს კი შეელია სურნელს,
მაღლა მიიწევდა, თითქოს
სურდა შერეოდა ღრუბლებს.
48. უმზერდა მშვენიერ ყვავილთ
ორი დაბნეული ბავშვი.
თერთმეტის ყოფილა ბიჭი,
ხოლო გოგონა კი ათის.
49. მაგრამ აღმოაჩნდა მათაც
უძღები ბუნება კაცთა,
ტურფა სილამაზის ფლობის,
ტაცება ყოველთა კარგთა.
50. ისე მოიხიბლნენ მაშინ,
სულ მთლად დაებინდათ გონი
ცდუნებას ვერ სძლიეს ყრმათა,
თუმცა არც უცდიათ, მგონი.
51. ცუდის მოლოდინში შეცბა,
სამყარო დადუმდა წამით,
მზე ამოეფარა ღრუბელს,
წალკოტს მოარიდა თვალი.
52. მიწას კი აღმოხდა გმინვა,
იხილა სიკვდილის ლანდი,
როდესაც მოწყვიტა ბიჭმა
ტიტა და გოგომ კი ვარდი.
53. ბაღი გაიყინა თითქოს,
ჩაქრა სიხარულის ფერი,
შორს მყოფი მებაღის გულმა
შეიგრძნო ტკივილი მწველი.
54. არ ვიცი, განგების ძალით,
თუ შემთხვევით მოხდა ისე,
რომ გოგოს ეძახდნენ ვარდოს
და ბიჭს კი რქმევია ტიტე.
55. სოფელში ცხოვრობდნენ იქვე,
გზა რომ ჩაუყვება ფერდობს,
ერთი შედარებით მაღლა,
მეორე ცოტათი ქვემოთ.
56. ერთად იზრდებოდნენ, რადგან
ოჯახებით იყვნენ ახლოს,
მონადირის ბიჭი ტიტე
და მწყემსის გოგონა ვარდო.
57. სიცოცხლით აღსავსე ბავშვებს
უყვარდათ მინდორში ქროლვა,
სამყაროს შეცნობის ხიბლი,
სიახლის ძიების ლტოლვა.
58. მერე კი, ბედ-იღბლის ჩარხი
ასე დატრიალდა რადგან,
ჯადოსნურ ბაღნარში მოხვდნენ,
თვითონ გადაიქცნენ ზღაპრად.
59. ფესვებს მოწყვეტილი ვარდი
აფრქვევდა ჯადოსნურ სურნელს
და აღტაცებული ვარდო
ნაზ კოცნას ჩუქნიდა ფურცლებს.
60. ტიტე შეჰყურებდა, ტიტას
როგორ ეცვლებოდა ფერი,
გვირგვინად შესხმოდა კოკორს
ოქროსფრად მბრწყინავი მტვერი.
61. საამოდ გაუთბა ხელი,
გულში ჩაეღვარა სითბო,
უცხო ჟრუანტელის ტალღა
მთელ სხეულს მოედო, იგრძნო.
62. სხივჩამდგარ მომწვანო თვალებს
რატომღაც მოადგა ცრემლი,
უმზერდა, აფრქვევდა ალერსს
ვარდოს დათაფლული ტბები.
63. ნაზად მოეხვია გოგოს,
გულში ჩაიხუტა ფრთხილად,
ღაწვზე დაუპირა კოცნა,
ადრეც ხომ კოცნიდა ხშირად.
64. ამ დროს ამოხედა ვარდომ,
სახე მოაბრუნა მისკენ
და ტიტეს ტუჩები თრთოლვით
ვარდისფერ ბაგეებს მისწვდნენ.
65. აფარფატებული კოცნა
გოგონას დაადნა ტუჩზე,
ნაზი და საამო გრძნობა
თბილად დაეღვარა გულზე.
66. მის გამთბარ პატარა ხელში
ტრფობით გაიფურჩქნა ვარდი,
გაბრწყინდა ნათელი გრძნობით
თვითონ სიყვარულის ხატი.
67. ნამდვილ დედოფალსა ჰგავდა
სიდიადითა და განცდით,
გრძნობდა, რომ უყვარდა ტიტა,
როდესაც კარგავდა მაშინ.
68. როცა სიკვდილამდე უკვე
ძალიან ცოტა დრო დარჩა,
ბედნიერი იყო ტიტაც,
რადგან შეიყვარა ვარდმა...
69. და არ გაატანა სიკვდილს
დიდი სიყვარული ღმერთმა,
უმანკო ბავშვების სულში
დათესა სიკეთის თესლად.
70. ჯერ ვერც კი ხვდებოდნენ, ტრფობა
როგორ შეეპარათ გულში,
დღეს რაღაც გაიგეს, რისაც
არა უწყოდნენ რა გუშინ.
71. ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ ოღონდ
და ვერ გაიაზრეს სრულად,
სიხარულს, საამურ გრძნობას
რად ემატებოდა ჭმუნვა.
72. ან ეს მიმზიდველი ლტოლვა
რად ჰგავდა ამ ვარდის სურნელს?!.
სახელს ვერ არქმევდნენ გრძნობას,
მათ რომ უჩქროლებდა გულებს.
73. ჯერ კიდევ უცნობი გრძნობის,
უტყვი სიყვარულის ნიშნად,
ბიჭს ვარდი აჩუქა გოგომ
და ტიტა აჩუქა ბიჭმა.
74. მე შევინახავო ამ ვარდს,
ვარდოს ასე უთხრა ტიტემ,
რომ გავიზრდებიო მოვალ
და შენ გაჩუქებო ისევ.
75. მან კი დაუქნია თავი,
კარგიო, დათანხმდა ვარდო,
მეც დაგიბრუნებო ტიტას,
დაველოდებიო მაგ დროს.
76. რადგანაც გიყვებით ზღაპრად,
არ გაგიკვირდებათ მაშინ,
თუ გეტყვით, რომ კიდევ ერთი
სასწაული მოხდა ბაღში.
77. მას შემდეგ, რაც ტიტის გრძნობამ
ბავშვების სხეული განვლო,
ასე მიაღწია ვარდთან
და მისი ფიქრები ამცნო,
78. სულით დაახლოვდნენ თურმე
და ღმერთმა უბოძა ნიჭი,
ჩასწვდნენ ერთმანეთის აზრებს,
ერთგვარად იფიქრონ თითქმის.
79. ხელი ხელს ჩასჭიდეს, ასე
მდუმარედ გაუყვნენ ბილიკს,
აქ ზედმეტი იყო სიტყვა,
საკმარისი იყო ფიქრი.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Location:
Pasanauri, Georgia
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment