Sunday, August 25, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი V - გამხმარი იმედი


215.  განთიადისას მზის სხივებს
         დაასწრო ხარიპარიამ,
         ციდან უჩუმრად გარეკა
         ვარსკვლავთა ქარავანია.

216.  დილით შეუდგნენ სამზადისს
         მონადირენი ადრიან,
         ტიტეც მიჰყვება მამამისს,
         მთაჭიუხებში გადიან.

217.  ადრეც დალაშქრა მრავალჯერ
         ჯიხვთა დევნაში ჭიუხნი,
         არ აშინებდა ბრგე ჭაბუკს
         დაბრკოლებები სიუხვით.

218.  სულ მუდამ იქით იწევდა,
         სადაც ხიფათი დიდია,
         სადაც სიკვდილი თან დაგდევს,
         სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

219.  ახლა კი, როცა სიყვარულს
         გაევსო მისთვის ირგვლივ ცა,
         გული სატრფოსკენ უწევდა,
         ნახვამდე წუთებს ითვლიდა.

220.  მაგრამ რუსთველის სიბრძნეზე
         გაზრდილს ნასწავლი ჰქონია:
         „სჯობს საყვარელსა უჩვენე,
         საქმენი საგმირონია.“

221.  წავიდა, ნადირობაც ხომ
         ვაჟკაცობა და ომია,
         მთელი თვე ნადირს დასდევდა,
         როგორც მშიერი ლომია.

222.  მგლისმუხლას კლდეზე ცოცვაში
         ვერვინ დაუდო ტოლია,
         მიზანს ხვდებოდა, რამდენიც
         მის ხირიმს გაუსროლია.

223.  გულით დაჰქონდა ტკივილი
         და სიტკბო ჩუმი ტრფობისა,
         ქარაფებს ეფინებოდა
         ზმანება გულისწორისა.

224.  ფიქრი დამძიმდა ქვასავით,
         დარდი ნაყოფად მოისხა.
         ოცნებად გადაჰქცეოდა
         ამოთქმა უტყვი გრძნობისა.

225.  მწვერვალებიდან ჩამოჰყვა
         დრო საცალფეხო ბილიკებს
         და დადგა ჟამი მშვიდობით
         მობრუნებისა შინისკენ.

226.  სოფელში ღამით დაბრუნდნენ,
         ცხენურემდატვირთულები,
         დააბინავეს ნადავლი,
         საქმე სჯობს განასრულები.

227.  გაახალისეს ჯალაბნი
         უვნებლად შინ დაბრუნებით,
         დაწვნენ და ძილად მივიდნენ
         თბილ ლოგინს დანატრულები.
 
228.  ტიტემ კი, სანამ სასთუმალს
         თავს მიანდობდა დაღლილი,
         მონახა მცირე ზარდახშა,
         ნაჩუქურთმები, გათლილი.

229.  შიგ ვარდის ნეშტი ესვენა,
         სიცოცხლის სუნთქვას გაყრილი,
         იმ სიდიადის ხატისგან
         დარჩენილიყო აჩრდილი.

230.  გახსნა ზარდახშა, გამხმარი
         ცხედარი ხელში აიღო,
         მოგონებები გაცოცხლდა,
         ფიქრმა წარსულში წაიღო.

231.  ზღაპარიყო და რადგანაც
         თან იყო, თანაც არ იყო,
         გამხმარმა ვარდმა შესძლო და
         ლაპარაკიც კი დაიწყო...

232.  და უთხრა ტიტეს, მე ვიცი
         შენს გულს რა ცეცხლი სდაგავსო,
         ეგ სიყვარული ძლიერ ჰგავს
         ჩემს თავს გადამხდარ ამბავსო.

233.  მეც ხომ უთქმელად ვუყვარდი
         იმ ტიტას, შენებრ ტანადსო,
         ვგრძნობდი ქალური გუმანით,
         თუმცა არ უთქვამს არასდროს.

234.  სანამ ის დღე არ დაგვიდგა,
         საბედისწერო, საზარო,
         თქვენთან რომ ბედმა შეგვყარა,
         ჯადოსნურ მწკრივში დაგვაწყო.

235.  მანდ გაცხადდაო სათქმელი,
         სიკვდილის ჩრდილქვეშ გამანდო.
         მივხვდი, თურმე მეც მიყვარდა,
         კი მივხვდი, მაგრამ რაღა დროს...

236.  თქვენც იგივე გჭირთ და თუ გსურს,
         გრძნობის გამხელას ეღირსოთ,
         იმ მწკრივში ჩავდგეთ ხელახლა,
         ოთხივე უნდა  შეგვკრიბო!

237.  ტიტე მიხვდა, რომ დრო დადგა,
         დანაპირები აღსრულდეს,
         ეს ვარდი ვარდოს აჩუქოს,
         ის კი იმ ტიტას აჩუქებს.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment