Saturday, August 24, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი IV - სველი ტრფიალი


188.  სანამ ყმაწვილნი ამ ბაღში
         მომავლის გეგმებს აწყობდნენ,
         ცა მოიქუფრა, ღრუბლები
         ჩაშავდნენ, დაბლა ჩამოწვნენ.

189.  მსხვილ-მსხვილი წვიმის წვეთები
         ციდან მიწაზე ჩამოხტნენ,
         წამოიშალნენ ქალ-ვაჟნი,
         სოფლისკენ წასვლას ჩქარობდნენ.

190.  ფერდობს ქვემოთკენ ჩაუყვნენ,
         გზა მიდიოდა ტყის პირზე,
         დაიწყო ჭექა-ქუხილი,
         ელვამ გაბზარა ცის კიდე.

191.  ცას კალთა ჩამოეხია,
         წვიმამ იდინა თქრიალით
         და ჩამოუყვნენ ბილიკებს
         ნიაღვარები ჩხრიალით.

192.  წვიმას გაექცნენ მგზავრები,
         ტყეს მიაშურეს პირდაპირ,
         მხარგაშლილ ხეებს მიანდეს
         მშრალად დარჩენის იღბალი.

193.  დიდხანს იწვიმა ძლიერად,
         ფოთლები წყალს ვერ იჭერდა,
         ქარი ძვრებოდა ტოტებქვეშ
         და წვიმის ფარდას ითრევდა.

194.  თხემით ტერფამდე სველები
         მუხის ხეს შეფარებოდნენ,
         ტიტე და ვარდო სხვებსავით
         თქეშის გადავლას ელოდნენ.

195.  ვარდოს ტანს სველი სამოსი
         ეტმასნებოდა, ეკვროდა,
         ამხელდა მიმზიდველ სხეულს
         და ტიტეს გრძნობებს ებრძოდა.

196.  „ქაფში შობილი“ ქალღმერთის
         სველ ყელს თმა შემოხვეოდა
         და ვარდოს სახით ვაჟის წინ
         თვით აფროდიტე ზეობდა.

197.  ვარდის სურნელი ათრობდა,
         ნესტოებს ეფერებოდა
         და ჟრუანტელის ნაკადი
         გულს თრთოლვად ეძალებოდა.

198.  ქალს ცივმა ქარმა უბიძგა,
         მის მკლავებს შეფარებოდა
         და მისი მკერდის კანკალი
         ვაჟკაცის გულმკერდს სწვდებოდა.

199.  ტანჯავდა ტიტეს გონებას
         აბეზარ ფიქრთა თარეში,
         სიამით იძირებოდა
         სატრფოს თაფლისფერ თვალებში.

200.  მთელ სხეულს ნატვრად ჰქცეოდა
         კოხტა ქალწულის ალერსი,
         ერთი კოცნა და სიკვდილი
         ვარდოსთმებისფერ ღამეში.

201.  სველ თმაზე ვნება ცეკვავდა,
         გული გულისკენ იწევდა
         და ვარდკოკორა ბაგენი
         ამბორსაყოფად იწვევდა.

202.  გაუწყდა ძაფი მოთმენის,
         დაჰყვა მიმზიდველ ანდამატს,
         ცოტაც და სატრფოს ტუჩებზე
         მზე დადნებოდა თაკარა...

203.  მაგრამ შეაკრთო ასული
         ამხანაგების ძახილმა,
         გრძნობად მოსული პეპლების
         გუნდი დაფრთხა და გაფრინდა.

204.  ტიტეს ხელიდან გაუსხლტა,
         გამოძვრა მკლავებს ქვემოდან,
         ტუჩს აცდენილი კოცნა კი
         ყურის ბიბილოს შემორჩა.

205.  წვიმა შესუსტდა, ყმაწვილთაც
         წასვლა გაბედეს სახლებში,
         ტყიდან ფეხდაფეხ მოსდევდნენ
         ტკბილსაამური განცდები.

206.  დაბინდდა, წინ წასულიყვნენ
         თანატოლ-ამხანაგები,
         შეციებული ქალის მხრებს
         ათბობდნენ ვაჟის მკლავები.

207.  ძველ ღვინოსავით ათრობდა
         სველ თმებზე ჩუმი ალერსი,
         ბედნიერების სხივები
         ბრწყინავდნენ ვარდოს თვალებში.

208.  როცა ჭიშკართან შეჩერდნენ,
         მთვარემ გაშალა ჩრდილები,
         ფანჯრიდან იჭყიტებოდნენ
         პატარა ბიძაშვილები.

209.  ტიტემ მოიხსნა კისრიდან
         ხელით ნაკეთი ხის ჯვარი,
         ვარდოს ჩაუდო ხელში და
         გადაისახა პირჯვარი.

210.  უთხრა, მუდამ თან ატარე,
         დაგიცავს, დაგიფარავსო,
         ზოგჯერ ჩემთვისაც ილოცე,
         უფალი მოგცემს ძალასო.

211.  მერე იმ ხელზე აკოცა,
         სხვა ვერაფერი ვერ უთხრა.
         სათქმელის მეტი რა ჰქონდა,
         მაგრამ ენა კვლავ ეურჩა.

212.  ვარდომ კი დამშვიდობების
         კოცნა აჩუქა, წავიდა.
         არ სურდა, მაგრამ რა ექნა,
         დედა ეძახდა სახლიდან.

213.  ის ღამე თეთრად გათენდა,
         ძილი არცერთს არ ეწვია,
         გრძნობად განცდილი გონებას
         ფიქრებად შემოესია.

214.  გზაზე ხვდებოდა მომავალს,
         ოცნებანარევ ფერშია,
         აწმყო, გრძნობაში ჩაფლული,
         წარსულს რომ გამოეწვია.


(გაგრძელება იქნება)

****************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment