Wednesday, August 28, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი VIII - უგრძნობი კოცნა
276. დარდით ლოგინად ჩავარდა,
გულს გლეჯდა უხმო ვარამი,
სული ბორგავდა ბედკრული,
სხეულს გაჰქონდა კანკალი.
277. სულმთლად გათანგა ხურვებამ,
ოჯახს დაეცა თავზარი,
მამა სიმწრისგან გმინავდა,
დედა მოსთქვამდა საწყალი.
278. უგონოდ იწვა სნეული,
თითქოს ამ ქვეყნად არ იყო,
სულში ქარიშხალს ებრძოდა,
გული მღელვარე ზღვა იყო.
279. ერთ დღესაც ტიტეს ოთახის
კარი ჭრიალით გაიღო,
თბილი გრძნობა რამ შემოჰყვა
მოსულს და სახლი გაივსო.
280. მივიდა ვარდო ტიტესთან,
თავსასთუმალთან დაუჯდა,
ცხელ შუბლზე ხელი დაადო,
თითები გრძნობდნენ ალმურსა.
281. ჯერ მაჯისცემა გასინჯა,
ქუთუთოები გაუხსნა,
დიდხანს უცქირა გუგებში,
თვალებში ცრემლი გაუკრთა.
282. მერე შვილსნეულ დედისკენ
მიბრუნდა, გულში ჩაეკრა,
ნუგეშისცემას ცდილობდა,
მაგრამ ტირილს ვერ გაექცა.
283. ერთხანს უსიტყვოდ იტირა,
ჩუმად იწმენდდა თვალებსა,
თავს იკავებდა, თუმცაღა
ტკივილს ითმენდა მწარესა.
284. კრძალვით თქვა, როცა ვსწავლობდი
ტაძარში მედიცინასო,
ერთ წიგნში ვნახე, თუ როგორ
კურნავენ ამ სატკივარსო.
285. თუ ნებას მომცემთ, წავალო,
იქნება იმ წიგნს მივაგნო,
იქ მოვამზადებ მალამოს,
ვუწამლებ რომ მოვიტანო.
286. წადიო, უთხრეს, ღმერთმა ქნას,
იპოვნო რამე საშველი,
გული შეგტკივა ტიტესთვის,
დაგლოცავს ქვეყნის გამჩენი!..
287. მეორე დილას მოვიდა
მთლად თეთრად ღამენათევი,
მარტო დარჩენა ითხოვა,
აანთო წმინდა სანთელი.
288. ჯერ გულმხურვალედ ილოცა,
შველა ითხოვა უფლისგან,
მერე მალამოს შეზელვა
დაიწყო ფართო შუბლიდან.
289. ქვემოთ ჩამოჰყვა სახეზე
ღაწვებს, ცხვირსა და ტუჩნიკაპს,
ეფერებოდა გაშლილ მკერდს,
გულით ალერსსა სჩუქნიდა.
290. მორჩა კურნებას და თრთოლვით
ცხელ ბაგეებზე აკოცა,
ნეტა კი გრძნობდე მიჯნურო,
სატრფოს ნაჩუქარ ამბორსა!..
291. წასვლისას უთხრა დედამისს:
„ხვალ სააქაოს წამოვა,
ნუ ეტყვით, ჩემს აქ ყოფნასა,
თორემ უკუღმა გამოვა!..“
292. მეორე დღესვე მოვიდა
გონზე და ფეხზე წამოდგა.
წამალმა ქნა თუ კოცნამა?
ღმერთმა გაიგოს, რა მოხდა!..
293. გამოჯანმრთელდა, გულში კი
დარდს გაეშალა კარავი.
არ ინახულა ვარდომ და...
ნუთუ არ უთხრა არავინ?!.
294. მოკეთდა, სოფლად გავიდა,
იქვე გაიგო ამბავი,
ჭიჭიასაგან უტიფრად
ვარდოს კვალდაკვალ წანწალის.
295. კვირას წირვაზე წავიდა,
ვარდოს უცდიდა გზაშია,
თავისი თვალით იხილა,
ჭიჭია ედგა კვალშია...
296. და უთხრა ვარდოს, არ მომწონს,
დაგდევს და სახელს გიტეხსო,
მითხარი, თუკი გაწუხებს,
ეხლავ დავუმტვრევ თითებსო.
297. თუ გიყვარს, ეგეც მითხარი!
იქნება აძლევ იმედსო?..
შენმა მზემ, არ მემეტები,
მაგას უზრდიდე შვილებსო!..
298. პასუხი ესმა, ნუ მკითხავ,
ნურც დაიფიცებ ჩემზეო,
თუ ჩემი ხათრი კიდევ გაქვს,
გთხოვ, თავი დაანებეო!..
299. ცოცხლად გათავდა... უკვირდა,
როგორღა ვდგავარ ფეხზეო...
იქნებ სიკვდილი სჯობია,
რომ არ ვიფიქრო შენზეო?..
300. სულში ჩამოწვა ტკივილი,
დუმილის ლოდი მოგორდა
და ამ წუთიდან დაიწყო
ტიტესთვის სულით ობლობა.
301. დრომ ისევ ჩამოიქროლა,
თან ვარდის მტვერი მოჰქონდა,
ეშმა სიყვარულს ებრძოდა,
ის წყევლა ისევ ცოცხლობდა.
(მეორე ნაწილის დასასრული)
*************
ქემო ქავთარი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment