238. მეორე დილას, ის იყო
ადგა და წასვლას ფიქრობდა,
სატრფოს ოჯახში გაგზავნა
თვით მამამისმა ინდომა.
239. წესადა ჰქონდა, ამ წესის
შესაბამისად იღწვოდა,
ნანადირევის მიტანა
მეგობრისათვის იცოდა.
240. წავიდა ტიტე, მეცხვარეს
მამისგან ძღვენი მიართვა.
შინ მხოლოდ ვარდო დაუხვდა,
გულს ცეცხლი აუბრიალდა.
241. შეიპატიჟა ასულმა
სადილად ხალისიანად,
საუბარს შეჰყვნენ და გრძნობა
გონების კედლებს მიაწვა...
242. და გადაწყვიტა ჭაბუკმა,
ახლა უნდა თქვას სათქმელი,
თუნდ ფეხქვეშ მიწა გაუსკდეს,
არ არის მეტის დამთმენი.
243. გულჯიბეს ამოარიდა
სათუთად თან ნატარები,
ვარდი სრულიად გამხმარი,
ყვავილურ გარდაცვალებით.
244. გახსოვსო?.. ჰკითხა გულისწორს,
წლების წინ მისახსოვრეო,
მაშინ მე ტიტა გაჩუქე,
სიტყვა ვთქვით ფიცის სწორეო,
245. რომ შეგვენახა ორივეს
იმ ძვირფასი დღის სახსოვრად
და დაბრუნებაც გვენება,
როს შევიცნობდით ამ გრძნობას...
246. ვარდომ კი უთხრა, არ მახსოვს
არც ტიტა და არც ვარდიო,
განა რა სიტყვას ვიტყოდით
ორი უჭკუო ბალღიო?!.
247. ტიტე შეაკრთო ნათქვამმა,
თუ ვარდოს მართლა არ ახსოვს,
მაშინ ტყუილად მოსდევდა
მთელი ცხოვრება ამ ამბორს.
248. ჩასდია თაფლის მორევში,
თვალები ტყუილს ამხელდა,
გული გაიპო ორად და
ნაპრალში რისხვა გახელდა.
249. ნუთუ, ვერც წვიმას იხსენებ
მუხის ქვეშ გრძნობად დაღვრილსო?!.
მახსოვს და ისე დავსველდით,
გასახსენებლად არც ღირსო!..
250. ამ სიტყვებს როცა ამბობდნენ,
გულში ოცნება კვდებოდა,
ალბათ მათ გრძნობას გამხელა
არასდროს ეღირსებოდა.
251. სიმწრით მომუშტულ ხელებში
ვარდი დაიფშვნა ბედშავი,
ბასრი ეკლებით დაფხრიწა
სულის სიმშვიდის ზეწარი.
252. ჯიუტი იყო ვარდო და
არ ღირდა კითხვა თავიდან.
ამაყი იყო ტიტე და
ადგა, უსიტყვოდ წავიდა...
253. ნისლი ჩაუდგა თვალებში,
ძარღვებში სისხლი გაცივდა,
გული უკანა რჩებოდა,
ფეხის გადადგმა გაჭირდა.
254. მიდიოდა და თან მძიმე
დუმილის ლოდი მიჰქონდა,
ფიქრებს მისდევდა გონება,
კითხვებზე პასუხს ითხოვდა.
255. მიხვდა, რომ ქალმა, რატომღაც,
სიმართლის თქმა არ ინდომა,
სიცრუის ანარეკლი ხომ,
თვალებში მუდამ იგრძნობა.
256. ვერ გაერკვია ბოლომდე
ამგვარად ქცევის მიზეზში,
აქამდე მისთვის ტყუილი
არ უთქვამს ვარდოს მისდღემში.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment