165. ბაღნარში შეკრებილიყვნენ
ნამოწაფარი ბავშვები,
სიმწიფეს მიტანებული
გოგონები და ვაჟები.
166. სინაზით მინდვრის ყვავილებს
მოჰგავდნენ კოხტა ასულნი,
ჭაბუკებს ქორ-შევარდენთა
ხიბლი დაჰკრავდათ მაცდური.
167. მინდვრის ყვავილთა თაიგულს
შიგ ერთი ვარდი ერია,
უცხო სიტურფით გაშლილი,
ღვთაებრივ მშვენიერია.
168. მზეთუნახავად გაზრდილი
მზის დარი, მზისა ფერია,
ბრწყინავდა ვარდო ტოლებში,
ყელმოღერილი შველია.
169. შავ თმაზე ღამე უკუნი,
თვალებში თაფლი ერია,
ღიმილით ჰგავდა განთიადს
პირ-სახე ხორბლისფერია.
170. ჩამოქნილ მკლავებს შვენოდა
ხელზე ნატიფი თითები,
სწორ მხრებს მოსდევდა აჩრდილი
ეგვიპტის პირამიდების.
171. თლილ ფეხებსა და მოქნილ წელს
ავსებდა სრული ქმნილებით
მკერდი კრეტელი ქალწულის
უზადო პროპორციებით.
172. ეს სილამაზე ხიბლავდა,
სულს უშფოთებდა ჭაბუკებს,
არ იშურებდნენ ვარდოსთვის
ყურადღებას და საჩუქრებს.
173. პირისპირ ვერ უბედავდნენ,
რომ სიყვარული აეხსნათ,
თავს აწონებდნენ, შორიდან
უჟუჟუნებდნენ თვალებსა.
174. მრავალი გული იწვოდა
ლამაზი ქალის ტრფიალით,
იდგა ერთურთთან ქიშპობა,
ცემა-ტყეპა და ღრიალი.
175. ზოგმა წერილი აფრინა,
ზოგმა კი შუამავალი,
მაგრამ დაჭრილი გულისთვის
ვერავინ ჰპოვა წამალი.
176. ვარდო გულგარეთ უსმენდა
და ჯიუტად შუბლს იკრავდა,
ქორ-შევარდენთა დევნისგან
ერთი არწივი იცავდა.
177. სულ თავს რომ დასტრიალებდა,
სიყრმიდან მოყოლებული,
ზღაპრულ მზეჭაბუკს მოჰგავდა
თვალტანად დამშვენებული.
178. მაღალი, მკვრივად ნაგები,
ფოლადნაწრთობი სხეულით,
დათვის ძალით და მგლის მუხლით,
არწივის მზერით ცნეული.
179. ბეჭბრტყელი, მხრებგანიერი,
ფალავნებს შორის რჩეული,
გულზვიადი და გულფიცხი,
ჩხუბში მრისხანე ველური.
180. მის მფარველობას შეყუჟულ
ვარდოს ვინ გაუბედავდა
ურიგო სიტყვას, ან თუნდაც
უდიერ გამოხედვასა.
181. ტიტეს უმხელდა ყველაფერს
და ხშირად რჩევას ჰკითხავდა.
სხვა ვინ ფიქრობდა მისგვარად?
უფრო ერთგული ვინ ჰყავდა?
182. ეს ერთგულება საამო
ვალდებულებად მიაჩნდა
ტიტეს და უთქმელ სიყვარულს
გულისტკივილით იტანდა.
183. ტურფა ასულის მშვენება
ვნების ქარცეცხლში ახვევდა,
ლამაზ სხეულთან შეხება
მუხლებში ძალას ართმევდა.
184. უყვარდა ისე ძლიერად,
მისთვის სიცოცხლეს გასცემდა,
მაგრამ რაღაცა უჩინო
ენაზე ბორკილს ადებდა.
185. ვერ უთხრა, ვერა, ვერასგზით,
თუმცა, ბევრჯერ კი ეცადა,
მოხუცი მებაღის წყევლა
მის ბედს ამგვარად ჭედავდა.
186. ვარდოს უკვირდა, მიჯნური
რად არ უმხელდა სიყვარულს.
ქალი ხომ ყოველთვისა გრძნობს
ტრფიალს მისადმი მიმართულს.
187. ასე მოსულან აქამდე,
ისევ ამ ლამაზ ბაღნარში
იდგნენ და ასე ეგონათ,
ცხოვრობდნენ ნამდვილ ზღაპარში.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment