Thursday, August 22, 2019
სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი II - ყრმობის განცდები
131. იმ დროში ვაჟებს მამები
ბალღობიდანვე წურთნიდნენ,
ხელჩართულ ბრძოლას აჩვევდნენ,
ვარჯიშით ლამის სულს ხდიდნენ.
132. ტიტეც სწავლობდა ფარ-შუბის,
ხმლისა და ხანჯლის ხმარებას,
მშვილდის მოზიდვას, გატყორცნილ
ისრით სამიზნის დალეწვას.
133. სანადიროდაც მიჰყავდა
დროდადრო მამას ყმაწვილი,
საფარში ღამეს ათევდა
კლდეზე ცოცვისგან დაღლილი.
134. ვარდო კი, დედის ნაუბარს
გულისყურით რომ ისმენდა,
საქალო საქმეს სწავლობდა,
გამოცდილებას იძენდა.
135. არ ზარმაცობდა შრომაში,
ქსოვდა, ქარგავდა, კემსავდა,
ხშირად მამასაც შველოდა,
პატარა ბატკნებს მწყემსავდა.
136. წამოზრდილიყვნენ ბავშვები,
მშობლებს საქმეში შველოდნენ,
უფროსთა აზრებს უსმენდნენ,
უკვე დიდობას ჩემობდნენ.
137. ბალღურად აღარ ანცობდნენ,
მორცხვობით განზე დგებოდნენ,
მოხვევნას, ზედმეტ შეხებას
უფრთხოდნენ, ერიდებოდნენ.
138. ოთხ წელზე მეტი გასულა,
რაც ბაღში პეპლებს დასდევდნენ,
თითქოს არც რამე შეცვლილა,
მაგრამ თვითონ ხომ ამჩნევდნენ,
139. როცა თვალი თვალს ხვდებოდა,
გული გულისკენ იწევდა,
იმ უნებური კოცნისკენ
წასვლა იცოდნენ ფიქრებმა.
140. გოგოს აკოკრილ გულმკერდზე
ბიჭის მზერა რომ დნებოდა,
გული კრთებოდა სიამით,
ლამის მკერდიდან ხტებოდა.
141. ვარდოს გაბუტულ ტუჩებზე
პეპლების ლანდი ჩნდებოდა,
მკერდს ჩაჰყვებოდა ფარფატით,
პირდაპირ გულში ძვრებოდა.
142. ერთად უნდოდათ ყოფნა და
ერთმანეთის ხმის მოსმენა,
უთქმელი გრძნობა მოჩანდა
ფიქრებში დაღვრილ ოცნებად.
143. ცოდნის სამჭედლო ტაძარშიც
სასწავლად ერთად მოვიდნენ,
ჭეშმარიტების გასაღებს
აქ დაეძებდა ორივე.
144. დილას სოფლიდან მოსდევდნენ
მონასტრისაკენ შარაგზას,
თანატოლ მოწაფეებთან
ერთად ლაღობდნენ გზადაგზა.
145. სწავლა ცალ-ცალკე უწევდათ,
ერთად არ წვრთნიდნენ ქალ-ვაჟთა,
შესვენებებზე ხვდებოდნენ,
ბაღსაც სტუმრობდნენ ხანდახან.
146. მოგონებებით ავსებდათ
ჩავლა მებაღის საფლავთან,
ერთურთის ფიქრში ხედავდნენ
იმ ამბავს, აქ რომ გადახდათ.
147. საღამოს ტაძრის ეზოში
ერთი მეორეს უცდიდა,
რომ ისევ ერთად გაევლოთ
სულ რამდენიმე წუთის გზა.
148. მიაცილებდა სახლამდე,
გოგო მადლობას უხდიდა,
დამშვიდობების მიზეზით
ხანდახან კოცნას ჩუქნიდა.
149. ლოყაზე აცეკვებული
კოცნა ფიქრს საკენკს უყრიდა...
ფიქრი მისდევდა იმ ამბორს,
მოწყვეტილს ვარდოს ტუჩიდან.
150. ხვდებოდა ტიტე, მის გულში
ღმერთი სიყვარულს ფურჩქნიდა,
მაგრამ სატრფოს ვერ ანდობდა,
გრძნობის გამხელა უჭირდა.
151. მონასტრის კედლების მიღმა,
როგორც ჯადოსნურ ზღაპარში,
ცოდნის მდინარეს ხაპავდნენ
ყმაწვილნი წიგნის სწავლაში.
152. დრო მიჰყვებოდა სტრიქონებს
ასო-ბგერათა თამაშით,
თვითონ უფალი სუნთქავდა
ქართული ენის ანბანში.
153. მოძღვარნი ფრთხილად სინჯავდნენ
მოწაფეების ბუნებას,
სულიერ საზრდოს აწვდიდნენ,
რწმენა თრგუნავდა ცდუნებას.
154. მუყაითობას აჩვევდნენ,
გულის თვალებით ყურებას,
ნიჭის მიხედვით ურჩევდნენ
გონების წვრთნას და კურნებას.
155. იმის მიხედვით, სურვილი
და ნიჭი საით უწევდათ,
აძლევდნენ ცოდნის გასაღებს,
წიგნებს და კითხვის უფლებას.
156. როდესაც ცოდნის მარცვალი
ერწყმის ნოყიერ ნიადაგს,
მწიფდება სიბრძნის თავთავი
ხვავრიელ-ბარაქიანად.
157. გამოცდილების კალოზე
გაილეწება ბზიანად,
განიავდება, დარჩება
ბაჯაღლო ოქრო მთლიანად.
158. თუ კაცი უფლის ბოძებულ
სიბრძნეს გაიღებს სვიანად,
გამოადგება ქვეყანას,
იცხოვრებს ღირსებიანად,
159. თუ კეთილ საქმეს მოახმარს
ცოდნის აბჯარს და იარაღს,
სასუფევლის გზა ეხსნება
საიქიოსკენ მიმავალს.
160. რითაც არ უნდა იარო,
ანაფორით თუ ჩოხითა,
ერისკაცობით იბრძოლებ,
თუ ბერობაში ლოცვითა,
161. ბოლო ერთია ყველასთვის,
სიკვდილი მოვა შორითა,
გკითხავს, ვის მხარეს იდექი
კეთილ-ბოროტის ბრძოლისას...
162. დრომ გადათვალა თვეები,
თორმეტ-თორმეტი ოთხჯერა.
ოთხ წელში უხვად გაიღეს
ცოდნის მჭედელმა მოძღვრებმა.
163. დრო დადგა, ცოდნის ტაძარი
პირველ თაობას შორდება
და ხმა სამრეკლოს ზარების
გუგუნწკრიალებს ლოცვებად...
164. ღმერთმა სწორი გზით გატაროთ,
ისე გახარჯეთ ცხოვრება,
იმ ქვეყანაში შეიძლოთ
დაღლილი სულის ცხონება!
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
Labels:
ათსაქეთ,
ზღაპარი,
რვიანი რითმა,
რწმენა,
სიყვარული
Location:
Pasanauri, Georgia
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment