Sunday, August 18, 2019

სიყვარულის ზღაპარი , ნაწილი I - ყვავილების ბაღი, თავი I - დაბადება


  1.   ზღაპრად მოგიყვებით ამბავს,
         ამგვარად გავრცელდა ხალხში,
         თუმცა რეალურად მოხდა
         ერთხელ ყვავილების ბაღში.

   2.   ყოფილა მებაღე ერთი,
         მოხუცი, მშრომელი კაცი,
         ტყის პირას ცხოვრობდა მარტო,
         ხით ნაგებ პატარა სახლში.

   3.   სახლის წინ ჰქონია ბაღი,
         კოხტა ყვავილების ტევრი,
         შრომობდა, ცხოვრობდა ჩუმად,
         ღვთის სიყვარულით და რწმენით.

   4.   წამი მიჰყვებოდა წამებს,
         წვეთს ემატებოდა წვეთი,
         წალკოტს ედრებოდა ბაღი,
         შრომას უფასებდა ღმერთი.

   5.   დრო ისე მიჰქროდა, როგორც
         ნაბდით დაჭედილი ცხენი,
         ხშირად უბრწყინავდა მოხუცს
         თვალში სიხარულის ცრემლი.

   6.   სასწაულს ახდენდა თურმე,
         დაკოჟრილ ხელების მადლი,
         შრომა ამშვიდებდა ისევ,
         მებაღეს შრომისგან დაღლილს.

   7.   თმაწვერდათოვლილი თეთრად
         ბაღში სილამაზეს ზრდიდა,
         მიწა თუ აძლევდა ძალას,
         ღვთიურ მადლს იღებდა ციდან...

   8.   ერთხელაც გადაღლილ მოხუცს,
         პირდაპირ წალკოტის ცენტრში,
         ქვისთვის წამოუკრავს ფეხი
         და ძირს დაბნევია თესლი.

   9.   წამოუკრეფია ხელით,
         არ დაზარებია გარჯა,
         მაგრამ შემოქმედის ნებით,
         ორი მარცვალი ძირს დარჩა.

  10.  ობლად დარჩენილნი თურმე,
         შეუფარებია მიწას,
         მასვე უჭმევია პური,
         წყალი უსმევია წვიმას.

  11.  მზის სხივს მიუცია სითბო,
         ნანა უმღერია ნიავს
         და უფლის შეწევნით, ობლის
         კვერი გამომცხვარა გვიან.

  12.  განგებამ ინება ასე,
         მადლი მოუვლინა ციდან
         და დაფეხმძიმებულ მიწას
         უშვია ვარდი და ტიტა.

  13.  არ გამოჰპარვია მოხუცს
         ამ ახალშობილთა სუნთქვა
         და როცა იხილა თვალით,
         მადლობა შესწირა უფალს.

  14.  იქვე ჩაიმუხლა, რადგან
         სხვაგვარად არა ქნა გულმა,
         სიამით მიიღო წესად
         ამ ჩვილ ყვავილებზე ზრუნვა.

  15.  დრო ისევ ითვლიდა წამებს,
         შრომობდა მებაღე კვლავაც,
         სიკეთეს თესავდა ბაღში
         და ღმერთი აძლევდა ძალას.

  16.  აქვე იზრდებოდნენ ერთად
         ჯერ ნორჩი ვარდი და ტიტა,
         გულს რომ უხარებდნენ გამზრდელს,
         ვინც მათ დასდგომოდა ძიძად.

  17.  დიდად აოცებდნენ მნახველს,
         მსგავსი არ ენახათ სხვა დროს,
         იდგნენ სხვებისათვის შორს და
         ერთმანეთისათვის ახლოს.

  18.  ისე ახლოს იყვნენ თურმე,
         რომ იკარგებოდა ზღვარი,
         ფოთლებს შემოხვევდნენ ერთურთს
         და ერთად სუნთქავდნენ ლამის.

  19.  სწრაფად იზრდებოდა ტიტა,
         სიცოცხლის სიმბოლოდ ქმნილი,
         არსით უკვდავების ხატი,
         აზრით სიყვარულის ჩრდილი.

  20.  ტანად ჩამოჰგავდა ალვას,
         მხარფოთოლგაშლილი განზე,
         უფროსი ძმასავით სწუხდა,
         ზრუნავდა ტანმორჩილ ვარდზე.

  21.  მერე კი გამოხდა ხანი,
         ბაღში გადამწვანდა მდელო,
         ვარდმაც აიყარა ტანი
         და მოუძლიერდა ღერო.

  22.  წალკოტის მშვენებად იქცა,
         თვალგულწარმტაცი და ტურფა,
         სილამაზე იყო თვითონ
         და სურნელოვანი სუნთქვა.

  23.  წითლად აფეთქებულ კოკორს
         ენთო სიდიადის ცეცხლი,
         ფურცლებად გახსნოდა ბაგე
         სიყვარულისათვის შექმნილს.

  24.  უნაკლო, უმანკო ვარდი
         ეკეკლუცებოდა მზის სხივს,
         ღამით შესცქეროდა მთვარეს,
         ბულბული მღეროდა მისთვის.

  25.  როცა ონავარი სიო
         ჩამოუქროლებდა გვერდით,
         ამაყად გაშლიდა ფოთლებს
         და თავს შეიქცევდა ცეკვით.

  26.  სიო ჩურჩულებდა ჩუმად,
         მრავალი გეტრფისო შორით,
         ბევრმა დამაბარა თვითონ,
         ბევრიც გავიგეო ჭორით.

  27.  ვარდი არ აძლევდა პასუხს,
         მხარზე ეყრდნობოდა ტიტას,
         ტუჩებს მიუტანდა ყურთან,
         ეჭორავებოდა დიდხანს.

  28.  ტიტა კი უსმენდა წყნარად,
         აძლევდა გონივრულ რჩევას,
         უნდა დაფიქრდეო კარგად,
         ნუ მიენდობიო ყველას.

  29.  რჩევით კი ურჩევდა, მაგრამ
         გული ევსებოდა დარდით,
         თვითონაც ვერ მიხვდა ტიტა,
         როდის შეუყვარდა ვარდი.

  30.  მასთან სიახლოვე სითბოს,
         სიხარულს უღვრიდა სულში,
         ტანჯავდა უთქმელი გრძნობა,
         სიყვარულს მარხავდა გულში.

  31.  დროდადრო ჰკითხავდა ფრთხილად,
         იქნება გიყვარსო ვინმე...
         არაო, ეტყოდა ვარდი,
         თავს გადააქნევდა მძიმედ.

  32.  გულში კი ფიქრობდა: ნუთუ
         ტიტა შეფარულად მეტრფის?!.
         რატომ მიყურებსო ისე,
         თითქოს თავს სწირავდეს ჩემთვის.

  33.  ხანდახან ბრაზობდა მასზე,
         ეკლებით ჩხვლეტავდა განზრახ,
         წყენას ივიწყებდა ტიტა
         და უხმოდ იტანდა ტანჯვას.

  34.  თვალყურს ადევნებდა მშვიდად
         გამზრდელი მებაღე გაზრდილთ
         და მათი შემყურე გრძნობდა
         წმინდა სიყვარულის აჩრდილს.

  35.  გულწრფელად ხარობდა, რადგან
         არ ჰქონდა მიზეზი დარდის.
         ერთხელაც იტყოდა ტიტა,
         ოდესღაც იგრძნობდა ვარდიც,

  36.  როგორ უფეთქავდა თურმე
         გული სიყვარულის ძალით,
         ერთმანეთისათვის იყვნენ
         დაბადებულები მაინც.

  37.  ბაღის შუაგულში იდგნენ,
         გვერდიგვერდ არხევდნენ ფოთლებს.
         დროის ბედაური სცემდა
         გზას ნაბდით დაჭედილ ფლოქვებს.



(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment