Wednesday, August 21, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი II - უთქმელი გრძნობა, თავი I - ჟამსაბრუნავი


101.  სამყარო ბრუნავს, ტრიალებს,
         არაფერია უძრავი,
         ჟამთა სვლას, დროის მსვლელობას
         თვალყურს ადევნებს უფალი.

102.  ოქროსფერ ეტლში შეუბამს
         დროს დარახტული რაშები,
         ნაბდით დაჭედილ ფლოქვებით,
         ქაფმოდებული ლაშებით.

103.  დრო დაჰქრის მთელ სამყაროში,
         თან დააქვს თავის საზომი,
         ეტლში დევს ქვიშის საათი,
         დროის მთვლელი და გამზომი.

104.  ქვიშას ჩამოსდევს წამები,
         სხდებიან სამოც-სამოცად,
         წუთებად შეჯგუფებულნი
         ერთმანეთს ჰგვანან საოცრად.

105.  სამოცად დგანან წუთებიც,
         ამგვარად ქმნიან საათებს,
         წესად აქვთ, ამ წესის გარდა
         არ დაგიდევენ არაფერს.

106.  საათთა რაოდენობა,
         როცა მიაღწევს ოცდაოთხს,
         დღეღამედ გადაგორდება
         ცარგვალის ბრუნვა დროდადრო.

107.  დღე ღამეს ცვლის და ღამე დღეს
         ოცდაათ-ოცდათერთმეტად,
         ერთ რიგში ჩამწკრივებულნი
         გზას აგრძელებენ თვეებად.

108.  სამი თვე მოაქვს გაზაფხულს,
         ზაფხული ითვლის სამსაცო,
         სამს შემოდგომა პატრონობს,
         სამიც რგებია ზამთარსო.

109.  ოთხივ სეზონი თორმეტ თვეს
         წლად შეჰკრავენ და მოდიან,
         წლებიც მისდევენ ერთმანეთს,
         ყველა ერთგვარი როდია...

110.  ზოგჯერ დღე წლებად მიღოღავს,
         ზოგჯერ წლები წამს ასწრებენ,
         მიჰქრიან ბედაურები,
         თვალებიდან ცეცხლს აფრქვევენ.

111.  დრო ყველგან არის ყოველთვის,
         დროს ვერაფერი აჩერებს,
         დრო საათია, რომელიც
         სამყაროს ბრუნვას აჩვენებს.

112.  დრომ გადუქროლა იმ ბაღსაც
         და იმ სოფელსაც მახლობლად,
         მოხუცი მებაღის საფლავს
         ხან აწვიმდა, ხან ათოვდა.

113.  საფლავის ბორცვზე გაზაფხულს
         ლურჯი იები მოჰყავდა,
         ზაფხული წიაღს უთბობდა,
         მწვანე ბალახით მოსავდა.

114.  შემოდგომა მკერდს უფენდა
         ხმელი ფოთლების ხალიჩას,
         ზამთარში თოვლის საბანი
         უფრიალებდა ქარისგან.

115.  მებაღის ხელს მოკლებული
         ბაღი გაველდა, გაჯაგდა.
         საფლავსაც გადაუარა
         მიწამ და თითქმის არ ჩანდა.

116.  ტურფა ყვავილთა სინაზე
         დრომ გადათქერა ჭენებით,
         მაგრამ არა ქნა უფალმა
         წაშლა სიცოცხლის ფერების.

117.  ერთ ზაფხულს ბაღში გამოჩნდნენ
         მეუდაბნოე ბერები,
         მათთვის მიეცა მისია
         ღმერთს სამონასტრო შენების.

118.  მოვიდნენ, მიწა აკურთხეს,
         მებაღის სახლში დასახლდნენ,
         ბაღი ჯაგისგან გაწმინდეს,
         საახოე ტყე გაკაფეს.

119.  მოხუცის საფლავს გათლილი
         ქვის ლოდი ძეგლად დაადგეს,
         წარწერით: „ღმერთო აცხონე,
         მებაღის სული განათლდეს!“

120.  ტაძრის შენებას შეუდგნენ
         მონდომებით და მოთმენით...
         და ქრისტეს სახლის მშენებლებს
         წამოეშველათ სოფელი.

121.  ძალა რომ ერთობაშია,
         ბევრჯერ გამხდარან მოწმენი,
         გამრჯედ შრომობდნენ მხარდამხარ
         მართლმადიდებელ მლოცველნი.

122.  ქვა ქვაზე დადვეს, ქვითკირით
         ამოიყვანეს კედლები,
         თავს გადახურეს გუმბათი
         ღვთისადმი ლოცვა-ვედრებით.

123.  ტყის პირას ჩადგეს სენაკნი,
         იქვე პატარა ეკვდერი,
         შემოემატნენ მორჩილნი
         და მონაზონი დედები.

124.  დაიწყეს ეკლესიაში
         წირვა-ლოცვა და გალობა,
         მრევლმა იდინა სოფლიდან,
         ღმერთმა მოიღო წყალობა.

125.  თავისი ხელით იმკიდნენ
         სარჩოს და საბადებელსა,
         ღმერთს მსახურებდნენ ერთადერთს,
         სამყაროს დამბადებელსა.

126.  ააწყვეს ცოდნის სამჭედლო,
         დაიმოწაფეს ყმაწვილნი,
         ვისაც კი სწავლა სწყუროდა
         და ნიჭი ჰქონდა გახსნილი.

127.  მოვიდნენ ახალგაზრდები
         მწიგნობარ-მასწავლებლებთან,
         ვაჟნი ბერებთან სწავლობდნენ,
         ქალნი - მონაზონ დედებთან.

128.  ის ორი ბავშვიც, ოდესღაც
         ბაღში რომ სდევდნენ პეპლებსა,
         მშობლების ნება-სურვილით
         მოსულან ცოდნის ედემსა.

129.  მხოლოდშობილნი ჰყოლოდათ
         ტიტე და ვარდო დედებსა,
         მით უფრო მეტად ზრუნავდნენ,
         ელოდნენ კეთილ შედეგსა.

130.  რადგანაც ცოდნა ყველაზე
         უძვირფასესი განძია,
         წიგნიერების სანთელი,
         ვინც სწავლობს, მისთვის ანთია.


(გაგრძელება იქნება)

*************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment