Tuesday, August 20, 2019

სიყვარულის ზღაპარი, ნაწილი I - ყვავილების ბაღი, თავი III - წყევლა


  80.  ბავშვებმა დატოვეს ბაღი,
         დრო მიჰყვა ცარგვალის ტრიალს,
         დღეს რომ ჩაენაცვლა ღამე,
         მებაღე დაბრუნდა გვიან.

  81.  დაღლილ-დაქანცული გზისგან
         მაინც ვერ გაჩერდა სახლში,
         ვეღარ მოუთმინა გულმა,
         რომ არ გასულიყო ბაღში.

  82.  ცაზე ვარსკვლავების გუნდებს
         ბჭობა გაემართათ ჩუმი,
         ბნელი, დაბურული ტყიდან
         მთვარეს ამოეყო ყური.

  83.  მოხუცი უხმობდა ყვავილთ,
         ჰკითხავდა დღევანდელ ამბებს,
         თავს იმძინარებდა ზოგი,
         ზოგიც არიდებდა თვალებს.

  84.  რა სჭირთო, უკვირდა ძლიერ,
         რად არ მპასუხობსო არვინ,
         გული ცუდს უგრძნობდა, მოთქმით
         ტიროდა სიჩუმე ღამის.

  85.  შუაგულ ბაღნარში შედგა,
         ნანახმა თავზარი დასცა,
         ნავარდალ, ნატიტარ ტოტებს
         მხრები დაეხარათ დაბლა.

  86.  მუხლი მოეკვეთა მოხუცს,
         დაემხო მიწაზე პირქვე,
         მდუმარედ ატირდა ცრემლით,
         ჩაჰყვა ტკივილიან ფიქრებს.

  87.  რა დავაშავეო, ღმერთო,
         ვინ გამიმეტაო ასე,
         ბაღის მაოხრებელ მძარცველს,
         ნუთუ არ დაუდებ სასჯელს ?!

  88.  ძველ დროში ხომ ამის ჩამდენს
         აკრავდნენ სირცხვილის ბოძზე,
         ფეხებზე უწვავდნენ თითებს,
         ან კისრით კიდებდნენ თოკზე.

  89.  მოხუცის გულითად ლოცვას
         სწვავდა შურისგების ცეცხლი,
         სიკეთით განწმენდილს, სპეტაკს
         ზეცაში უსმენდა ღმერთი.

  90.  ინება უფალმა, უთხრა,
         ღირსად შეგმოსავო მადლით,
         მაგრამ ნუ მომთხოვო დასჯას
         ორი უცოდველი ბავშვის.

  91.  რწმენა შერყეოდა მოხუცს,
         სულმა ვერა ჰპოვა შვება,
         გაზრდილებდაკარგულ გამზრდელს
         მაინც დასცდენია წყევლა:

  92.  მათ ბედზე იაროს, ვინაც
         წარმტაცა, მომისპო შვილნი,
         მათსავით იტანჯონ დიდხანს
         უტყვი სიყვარულის ჩრდილით.

  93.  ეს თქვა და დადუმდა მყისვე,
         ზეცას მიაშტერა მზერა,
         დასტურად ელოდა ნიშანს,
         ღრუბლებს გაურბინა ელვამ.

  94.  მერე კი სიკვდილის ლანდმა,
         ბაღში რომ დაძრწოდა იქვე,
         თვალი გაუყარა თვალში,
         გაუხსნა იმ ქვეყნის სივრცე.

  95.  მოვიდა ჟამიო, უთხრა,
         გულზე მოუჭირა ხელი,
         მომაკვდავს აღმოხდა, ღმერთო,
         ნება აღსრულდესო შენი.

  96.  ვარსკვლავებს ეძინათ უკვე,
         მთვარეს მორეოდა რული,
         მოხუცმა მებაღემ დილით
         ბაღში განუტევა სული.

  97.  მოკვდა მარტოსული ისე,
         რომ არ უთხოვია შველა,
        ეძებდა კითხვებზე პასუხს
        მისი გაყინული მზერა.

  98.  ვის გულს შეიპყრობდა სევდა?
         ვინ გადაუხდიდა ქელეხს?..
         აღარავინ დარჩა ქვეყნად,
         ვინც მისთვის დაღვრიდა ცრემლებს.

  99.  ბუნებამ იგლოვა იმ დღეს,
         ცამ წვიმა აპკურა დიდხანს,
         საღამოს იპოვა მწყემსმა,
         იქვე მიაბარა მიწას.

100.  დრო ისევ ითვლიდა წუთებს,
         საათი მისდევდა საათს,
         ყვავილებს აფენდა ბაღი
         მოხუცი მებაღის საფლავს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

*************
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment