302. თავიდან, როცა ჯერ კიდევ
სამყაროც არ არსებობდა,
სიტყვა ყოფილა უფალთან
და მასთან ერთად ზეობდა.
303. სულ ერთ სიტყვაში იტევდა
ღმერთი სამყაროს ერთობას,
იმ პირველყოფილ ქაოსში
უტყვი უკუნი მეფობდა.
304. მერე ითქვა და აღსრულდა...
სიტყვა ღვთის ნებას შერწყმოდა,
იქმნა ნათელი, მნათობთა
სხივი მიწასა სწვდებოდა.
305. დღე ღამისაგან განსხვავდა,
ცას მიწა განშორებოდა,
შეიქმნა არსი ყოველი,
თვისი სახელი ეწოდა.
306. ზეცაში ანგელოზების
გუნდი ღვთის გვერდით დგებოდა,
ამპარტავნობდა ზოგი და
ქვესკნელს დაცემაც ხდებოდა.
307. ხიბლში ჩავარდნილ ლუციფერს
თავი ღვთის დარი ეგონა,
მას შემდეგ მოყოლებული
კეთილს ბოროტი ებრძოდა.
308. ედემის ბაღში აცდუნა
ევა ბოროტმა ქვემძრომმა,
ღვთის სახე-ხატად შექმნილმა
ადამმაც მაშინ შესცოდა.
309. შერისხულ ადამის მოდგმას
სამოთხის კარი დაეხშო,
ცოდვილი წუთისოფელი
მძიმე სასჯელად დაედო.
310. ამქვეყნიური ცხოვრების
საზღვრად სიკვდილი გაევლო,
მის იქით სულის ცხონება
იმედის ცეცხლად დაენთო.
311. ღმერთია უკიდეგანო
სიკეთე ყოვლისმომცველი,
უზენაესი მსაჯული,
სასჯელ-შენდობის მომცემი.
312. ამქვეყნად კეთილი საქმე
ღვთის ნებით ხდება ყოველი,
თუმცა მისივე დაშვებით
ბევრი რამ ცუდიც მოგველის.
313. რუსთაველს უთქვამს, რაც უფალს
არ სწადდეს, არ იქნებისო,
არცარა საქმედ მოხდება,
არც სიტყვად არ ითქმებისო.
314. მე მითქვამს, თუკი ამ სიბრძნეს
ჭეშმარიტებად შევიცნობთ,
რწმენას სიღრმეში ჩავწვდებით
და უფალს გულით შევიგრძნობთ.
315. შოთას სიტყვებში ჩამდგარა
ნათელი უფლის ნებისა,
თუმცაღა ხშირად გვაკვირვებს
უკუღმართობა ბედისა,
316. ღირსეულ კაცთა დაჩაგვრით,
უტიფართ აღზევებითა...
ნუთუ ღვთის ნებით დგინდება
ბოროტმა სძლიოს კეთილსა?!
317. თუ ღმერთი სიყვარულია,
თუ სიყვარულით ვცხონდებით,
მაშინ რად სტანჯავს მიჯნურთა,
გრძნობას რად უკლავს გონებით?!.
318. ზოგჯერ, მართალ კაცს რომ უჭირს,
ორპირი ხარობს ქონებით,
ესეც კი უფლის დაშვებით
ხდება და მხოლოდ დროებით...
319. ღმერთს ნუ ვგმობთ, თუნდაც ვხედავდეთ
რომ უსამართლოდ ვისჯებით!
ნუ განვსჯით უფლის სამართალს
ამ ქვეყნის განზომილებით!
320. ღვთისათვის კაცნი ისე ვართ,
როგორც მამასთან შვილები
და თუ განსაცდელს მოგვივლენს,
სულს გვიწრთობს გამოცდილებით!
321. ამქვეყნად თუ არ მოგვეზღო
დამსახურების მიხედვით,
იქ ვერ ავცდებით სამართალს,
იმქვეყნად გარდაცვლილები!..
322. უფალი მეფობს, განაგებს
მისგანვე შექმნილ სამყაროს,
მან უკეთ იცის, ვინ ვისთან
შეჰყაროს ანდა გაჰყაროს!
323. როდის ატიროს ცრემლითა,
როდის სიამით ახაროს...
სუყველას თავის ჯვარს აძლევს,
რომ სიკვდილამდე ატაროს.
(გაგრძელება იქნება)
*************
ქემო ქავთარი
No comments:
Post a Comment