Tuesday, August 30, 2016

ტერენტის...


თითქოს მეძახის შორეული გალაქტიკები.
სინათლის წლები გაწოლილან გზად უსასრულოდ…
სამყაროს ბრუნვა და ქაოსი, როგორც ფუტკრები…
ტერენტის სურდა იქ გაფრენა სამოგზაუროდ.
როცა სიცოცხლე აზრს კარგავს და სიკვდილიც გიმძიმს,
არა სიცოცხლე, არც სიკვდილი… ამ სიტყვებს იტყვი.
დაუწყებ ძებნას იმ რაღაც სხვას და მაინც რისთვის?..
შენც მოგნათლავენ გიჟად, როგორც უკვდავ ტერენტის!…


-------------------
ქემო ქავთარი

Monday, August 29, 2016

ოდითგან ასე ხდება...


ოდითგან ასე ხდება,
ქვეყნად რაც იბადება,
იზრდება და ბერდება,
მოკვდება და გაქრება...

გარბიან წლები წყნარად
და რჩება მოგონება.
დრო გავა, ალბათ ისევ
გაცრუვდება ოცნება..

დრო მიდის არ ჩერდება,
სიცოცხლე გაგრძელდება,
ჩვენ წავალთ და სხვა მოვა,
მომავალი დარჩება...

და როცა ახალგაზრდებს
სიბერე მოგვერევა,
გული არ დაიჯერებს,
გული კვლავ ამღერდება...

სიცოცხლე გაგრძელდება,
გული არ დაბერდება...
და სანამ არ მოკვდება,
გული გულად დარჩება...

ოდესღაც ჩვენც მოვკვდებით,
ჩვენს ადგილას სხვა მოვა,
დარჩება აქ სახელი
და ჩვენი მოგონება...

ოდითგან ასე ხდება,
ქვეყნად რაც იბადება,
იზრდება და ბერდება,
მოკვდება და გაქრება.

---------------------
ქემო ქავთარი

Sunday, August 28, 2016

ოცნება



მიყვარს საღამო, როცა სიცივე
ტანში საამოდ სცრის,
თითქოს ბავშვს კარში გამოგდებულს,
ეს ზამთრის სუსხი მსჯის.
ირგვლივ თოვლია, მოწმენდილ ცაზე
მთვარე ვარსკვლავებს თვლის
და მეც მინდა, რომ ცაში გავფრინდე,
აღარ დავეშვა ძირს!…
მივუალერსებ ვარსკვლავებს ნაზად,
მთვარეს გადავხვევ ხელს...
და ასე, მათთან საიმტკბილობით,
დაველოდები მზეს.
ოცნებებიდან გამორკვეული
კვლავ გადავხედავ მთებს,
დავაკვირდები ვარსკვლავთა ციმციმს
და თეთრად მორთულ ტყეს…
წავალ და ისევ ვიხეტიალებ,
მალე ამოვა მზეც
და ოცნებებით თავბრუდახვეულს
დამათენდება მეც.

-----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, August 27, 2016

ჩემი ცხოვრება


ჩემი ცხოვრება დაბინდული ფერია მხოლოდ
და არეული ოცნებების მწარე სურვილი...
მთელი ცხოვრება მე უიღბლო ცხოვრებით ვცხოვრობ,
ჩრდილჩაწოლილად ღრღნის გონებას უნდო დუმილი.
დაიმსხვრა ყველა საწადელი… შვება სად ვპოვო?
ვერ დავემალე უგულობას, უდარდელობას…
და ისე, როგორც დონ კიხოტი, უაზროდ ვომობ,
ვებრძვი ბოროტის აღზევებას, უღირსთ ზეობას.
ჩემი ცხოვრება ტკივილია რთული წარსულის,
აწმყო – მზადება უფრო რთული მომავლისათვის.
ჩემი ლექსები ძახილია გადაკარგულის,
წყვდიადში ნათელს, რომ დაეძებს მოყვასისათვის...
მზე გაილია თითქოს ჩემთვის, აღარ არსებობს,
ცივი სიბნელე ტანზე მიჭერს თავის მარწუხებს.
გულში თუ ჩაქრა სითბო, მაშინ აღარ ვარსებობ,
მაშინ სიცოცხლე ჩემი, თვითონ მე შემაწუხებს...
და სანამ გულში ისევ ღვივის მცირე ნათელი,
სანამ იმედი მთლად ბოლომდე არ ჩამქრობია,
მინდა ავანთო სალოცავად წმინდა სანთელი…
ღმერთო, როდემდე ავიტანო ეს აგონია?!.

-----------------------------
ქემო ქავთარი

Friday, August 26, 2016

ღმერთო მაღალო...


ღმერთო მაღალო, ღმერთო ძლიერო!..
ყოვლის შემძლეო, უფალო ჩვენო,
მამაო ჩვენო და ზეციერო,
სულო წმიდაო, ჯვარცმულო ძეო!..
შენ შეგვეწიე, შენ დაგვიფარე,
მოგვეც გაძლება უკეთურ ჟამთა…
ბოროტი ჩვენგან შორს წარიტანე,
გადმოგვაფარე სიკეთის კალთა.
ძალა და მადლი შენი გვფარავდეს,
შეგვიწყალებდე ცოდვილთა შვილთა!..
შეწევნა ღვთისა ავსულს ზარავდეს,
მფარველ ანგელოზთ გვივლენდე ცითა.
ღმერთო მაღალო, შენს სადიდებლად,
ეს სტრიქონები ლოცვად მითქვია...
და სისხლით შენით, ვაზის ნაჟურით,
სავსე ფიალა გამომიცლია.


----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, August 25, 2016

ქემო დავირქვი სახელად...



ლექსების წერა ადრეულ
ყმაწვილობაში დავიწყე,
მიმაგდო წერის წყურვილმა
პოეზიის ზღვის ნაპირზე...
ოცნების ველზე გამდენა,
დამსვა მუზათა ნადიმზე...
ვეცადე, როგორც შემეძლო,
გრძნობა რითმებად ავკინძე

ავიღე, მკითხველს მივართვი
ავკარგის განსასჯელადა,
კრიტიკის ცეცხლის ლოდინში
ვიცდიდი მოუთმენლადა.
მეგონა, შემიფასებდნენ
უფარველ-უშურველადა,
კარგს შემიქებდნენ, ცუდას კი
დაგმობდნენ პირუთვნელადა...

თუმცა, მკითხველი საკითხავს
სუბიექტურად მიუდგა.
ზოგმა თუ კარგად გაიგო,
ზოგიც ვერაფერს მიუხვდა...
შინაურები მაქებდნენ,
დაფნას მადგამდნენ ჯიუტად
მტერ-მოშურნენი გულდასმით,
მქირდავდნენ ინტენსიურად...

და ამის შემდეგ ვიზრუნე
სახელის დასაფარადა,
ჩემმა ლექსებმა უჩემოდ
ივარგონ საკითხავადა...
ქემო დავირქვი სახელად,
ქავთარი მეთქმის გვარადა,
ფსევდონიმს მოფარებული
თავსა ვგრძნობ იდუმალადა.

ლექსი ავტორთან ისეა,
როგორც მამასთან შვილია,
არ გეტყვის შვილზე აუგსა
ახლობელ-ბიძაშვილია.
მოშურნე კარგსაც გიძაგებს
ძე გყავდეს თუნდ ასულია,
მტერი მათაც მტრად დარჩება,
რაგინდ დრო გარდასულია.

ლექსი აზრითა ფასდება,
არა ავტორის ქონებით,
დრო განსჯის, დრო რომ დადგება,
გარითმულ გრძნობა გონებით...
პოეტი ლექსით იცნობა,
და არა ლექსი პოეტით,
ლექსს არ ჭირდება შექება,
ზედმეტი მიეთ-მოეთი!..

------------------------
ქემო ქავთარი