Sunday, September 29, 2024

სად იბადება?


 

არავინ იცის პოეზია სად იბადება,

ვერავინ მითხრა ლექსის წერა როგორ ვისწავლო,

როგორ შევიპყრო წამიერი მარადისობა

და სტრიქონებში გულის ფეთქვად გადმოვიტანო.


იდუმალია პოეზიის სიღრმე სიშორე,

ზვარაკად გულის სისხლს მოითხოვს აღმაფრენისთვის...

ვაჟა-ფშაველა ასპიტის ხორცს აჭმევს მინდიას,

სიკვდილის გზაზე შეაყენებს გადარჩენისთვის.


თუმცა სიცოცხლე, ხსნა კი არა, დიდი მსხვერპლია,

აღმატებული განსხვავების გაუცხოება,

გენიოსების ნააზრევი მასებს არ ესმის,

ქეთელაურებს სათემოში არ ეცხოვრება...


ბედისწერაა პოეტისთვის ნამდვილი ლექსი,

ტატოს მერანი თვალბედითი ყორნის ფიქრია...

ღვარცოფად მოდის საიდანღაც ლექსი მეწყერი,

ცოცხლად მარხავს  და არ აღირსებს საფლავს ტიციანს...


მაინც შემორჩა პოეზიას გვარი გრანელის,

Memento mori, ვით სიკვდილის ინდიქტიონი,

ღია სარკმლიდან ლურჯა ცხენებს მისდევს გადაღმა

და პოეზიის მეფედ კვდება გალაკტიონი.


მე პოეზიის დაბადება მინდა ვიხილო...

ჰეი, მუზებო, ნუ ჩამითვლით უმადურობად!..

მინდა, შევიგრძნო სიტყვის მადლით რითმად დაღვრილი, 

მდოგვის მარცვალში ჩატეული უსასრულობა.


ქემო ქავთარი

ძმის გულო



 შენ გაგიმარჯოს, ძმის გულო,

აგრემც დაგლოცავს უფალი!

მუდამ მხნედ მეგულებოდე

ლაღი და თავისუფალი...


შენ გენაცვალე, ძმის გულო,

მე ვიქნა შენი დამცველი,

შენი გულშემატკივარი

და შენი დარდის მაშველი!..


შენი ჭირიმე, ძმის გულო,

ფეთქავ ჩემი ძმის მკერდშია,

შენს ტკივილს, მე რომ მტკენოდა,

ღმერთმანი, მართლა მერჩია...


მიშგუ ლადაღ სი*, ძმის გულო,

შენიმც სიკეთე მესმოდეს,

ჩემი ძმის ერთგულობისთვის

ჩემი დღეებიც შენ გქონდეს!


ქემო ქავთარი


მიშგუ ლადაღ სი* - სვანური გამოთქმა, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჩემი დღეები შენ“

Monday, September 23, 2024

პარადოქსი



ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება,

ბერდები, გული არ იჯერებს...

გგონია, მთებს ისევ გადაირბენ,

მწვერვალზე შემდგარი იმღერებ.


ბებერი ხარისა რქებიც ხნავსო,

ამბობ და გულზე მჯიღს იზომებ,

წავალო სამშობლოს დაძახილზე,

საქართველოსთვის კვლავ ვიბრძოლებ...


არადა ჯან-ღონე აღარ მოგდევს,

გაწუხებს წნევა და წელკავი,

ვეღარც ძველებურად ვეღარ ხედავ,

აღარც ყურში გესმის, ღმერთმანი...


სად გაქრა მგლის მუხლი, ორბის მზერა?..

ჩაგიქრა ძალაც და სისხარტეც,

ჩაგაჭკნა ხელებში ჯეელობა,

გულში კი მაინც არ იზამთრებს.


არ მოგეჩვენება პარადოქსად

თუ ღრმად ჩასწვდები და იმსჯელებ,

ახალგაზრდობა რომ დაბერდება,

ახალგაზრდა რჩება სიბერე...


ქემო ქავთარი

Sunday, September 22, 2024

გაორება

 


ეს ტკბილ-მწარე შეგრძნებაა, ცხელიც, ცივიც თავისთავად...

ერთდროულად თავს როცა გრძნობ ამაყად და საცოდავად,

ემსგავსები თურმე ბალახს კლდის ნაპრალში ამომავალს...

ალბათ ასე გაიაზრა გაორება აფხაზავამ*.


მე კი ვფიქრობ, გაორება მუხტი არის არნახული,

ელექტრომაგნიტურ ველში გახლეჩილი პიროვნება,

ერთში კარგი, მეორეში მხოლოდ ცუდი დანახული

და მათ შორის უსაშველოდ დიდი ძაბვა იზომება...


თან გამრჯე და თან - ზარმაცი, მდიდარიც და უქონელიც,

უნიჭოც და ნიჭიერიც, ცოდვილიც და უცოდველიც,

ერთის მხრივ ბედი მიღიმის, მეორეს მხრივ ჯოხით მდევნის,

თითქოს არარაობა ვარ, მაგრამ მაინც ყველაფერი...


ხან ვარ საყრდენს მოკლებული უწონადში შეწონილი,

ამავე დროს სალი კლდე ვარ ცაში ლაღად ატყორცნილი,

ხან უძრავი ჭაობი ვარ, აქვე ზვავი მოწყვეტილი,

ხან ფლეიტის ხმას გამოვცემ, ხან ვგუგუნებ ორკესტრივით.


თან მიჭირს და თანაც მილხინს, ვტირი როცა ვმღერი მაშინ,

სიბერისკენ მივიჩქარი, გული შემრჩა მაინც ბავშვის,

ბევრი რამე შევისწავლე, ბევრიც დამეკარგა გზაში

და სამყაროს ამოცნობის სურვილი შემომრჩა თავში...


ღმერთო, მე და ალტერ ეგო იმნაირად მოგვარიგე,

აზრთა სხვადასხვაობაში გავიზარდოთ ჯერ ორივე,

მერე ფიქრი შევაჯეროთ, ერთმანეთი არ დავჭამოთ,

საქვეყნო საქმე ვაკეთოთ და მტერი არ გავახაროთ!


ქემო ქავთარი


აფხაზავა* - იგულისხმება ნუგზარ აფხაზავა (ქართველი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში). მის კალამს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები:

„ გაორება
საოცარია კაცის არსება:
ვარ ერთდროულად ამაყიცა და ...
საცოდავიც - კლდეზე ამოსული ბალახივით.“

ნასაფლავართან ნაფიქრალი


შუაღამით უძილობის დასათრგუნად

გავუყვები პეტრე-პავლეს სასაფლაოს,

ერთ ბოთლ ღვინოს გავიყოლებ სიმბოლურად,

საიქიოს დავულოცავ სააქაოს...


მივაშურებ მე ტერენტის ნასაფლავარს,

იქ ბუჩქებში იადონი მუდამ გალობს,

იქ იგრძნობა კოსმიური სუნთქვა მკვდრეთის,

ცაზე მთვარე საცოდავად კონწიალობს...


საფლავის ქვას დაყრდნობილი დამიხვდება

თვით გრანელი იქ და არა ბუნდოვანი*,

სულიერი ნგრევის კვალით შევიცანი

ყველას ჭირისუფლად მდგარი უპოვარი...


ჩემო ქავთარ, საფლავ-საფლავ რას დაეძებ?..

ამას მკითხავს და თვალებში რომ ჩამხედავს,

ჩემზე უკეთ შენ იცი თქო, ვუპასუხებ

და ჭიქებში ჩამოვასხამ მშრალ საფერავს.


მერე ვიტყვით ორიოდე შესანდობარს,

ცოტა ნაღველს გადავიყრით გულებიდან,

პოეზიის ხარებს შევხსნით აპეურებს

და ლექსებად გამოვუშვებთ ურმებიდან...


ორი სოფლის შესაყართან დგას გოროზად

საფლავის ქვა, როგორც მიჯნა და სამანი,

ამ ქვეყნიდან გაქცეულებს ესღა გვრჩება,

არაფერიც აღარა გვაქვს დასამალი...


გავიხსენებთ მე ჩემსას და ის თავისას,

რომანს წრეში, ვნების ძაბრში გაქანებას...

ჩვენ ორივეს გვსურდა ზეცა უმაღლესი

და ერთმანეთს ვაბარებდით აღსარებას.


გათენდება,  მზის სხივები აცეკვდება

ჩემს სახეზე, მოადგება ამ წამწამებს...

წუხელ სიზმრად ღვინოს ვსვამდი ტერენტისთან

და სურამში მასთან ერთად მეც მაწამეს.


ქემო ქავთარი



ბუნდოვანი* - იგულისხმება ქართველი პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი), რომელიც ტერენტი გრანელის საფლავის მცველის სახელითაა ცნობილი. ტერენტი გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ მან შეინარჩუნა ნასაფლავარი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

Wednesday, September 18, 2024

სამყარო



იყო და არც იყო... არც ვიცით რა იყო...

იყო დრო, როდესაც თვითონ დროც არ იყო,

არ იყო არც სივრცე და არც მატერია,

ერთი სიტყვა იყო აზრის არტერია,

როცა არაფერში მთლად ყველაფერია,

იმჟამად მომხდარა დიდი აფეთქება,

რის გამოც სამყარომ შეძლო დაბადება...


და სანამ უფალი ბიბლიურ შვიდ დღეში

შექმნილს აჩუქებდა პირველ კაცს ედემში,

გადის მეთოთხმეტე მილიარდი წელი,

პარსეკებად იქცა უკვე ანგსტრემები,

კოსმოსური მტვრისგან იქმნა ვარსკვლავები,

მზე და დედამიწა, მთვარე და ცთომილნი...

ცად, ზღვად და ხმელეთზე სიცოცხლის რონინი...


და თუმცა განკითხვის ჟამი ახლოვდება,

ის ისევ იზრდება, მაინც ფართოვდება...

ერთურთს გაურბიან კვლავ გალაქტიკები,

ბნელი ენერგია ყოფილა მიზეზი

უსასრულობაში სამყაროს სინთეზის...

რაც უნდა ეცადო უთვლადი დათვალო,

მაინც გამოცანად დარჩება სამყარო.


ქემო ქავთარი

გადარჩენამდე



გაჭაღარავდა ალევის ქედი,

თოვლი მოსულა ფასანაურში...

ეს ერთი წელიც გადააგორა

დრომ ამქვეყნიურ აურზაურში.


გადაიარა წლებმა ქედდაქედ,

მოგონებები იწვის ბუხარში,

მოდის უჩინო, დამდევს ფეხდაფეხ,

საგზალს მილაგებს საღვთო გუდაში...


ამოალაგებს როგორც სამხილებს,

როცა წარმადგენს უფლის წინაშე

და ცოდვა-მადლის აწონვის მიზნით

ჩამოარიგებს ორსავ პინაზე...


არავინ იცის, რამდენი დარჩა

უზენაესის განაჩენამდე,

ცოტაც მადროვე, იქნებ მივიდე

ცოდვილი სულის გადარჩენამდე!..


ქემო ქავთარი

ნუღარ



თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..


ასე როგორ გამიმეტე,

რატომ დამტანჯე?

ყოველღამე სიზმრად ვხედავ,

გოგოვ, მაგ თვალებს...


თუ დამარხა სატრფომ გულში

ტრფობა შენდამი,

ნუღარ ელი, აღარ მოვა,

ნუღარ ეძახი!..



ქემო ქავთარი

უძილო ღამე


წუხელ დამფრთხალი
ფაშატივით გამექცა ძილი,
გაღმა გორაკზე გავიდა და უბრად
მიყურა,
ამაოების უსახური ბნელი აჩრდილი
შემომეტმასნა შემპარავად და თან ჯიქურად...

ისევ უაზრო განშლადობით წვალობს გონება,
შფოთავს და ერთ აზრს იმეორებს - რა დროს ძილია?..
ფიქრებს არა აქვს კონკრეტული მიმართულება,
აქ ყველაფერი არაფერში ათქვეფილია...

გარდასულ დღეთა დაიწყება მერე მარულა,
ცხენების ნაცვლად მოგონება აჭენებს წამებს,
მრუმე ღამეში იფარფატებს დარდის ღამურა,
გამთენიისას ლექსს დავუწერ უძილო ღამეს.

ქემო ქავთარი

Sunday, December 17, 2023

ამაოება



 დაღლილ გონებას და სხეულის დაბზარულ აჩრდილს

გალეული დრო შემოახვევს უსასრულობას,

ასე მგონია, ჩემი თავი სადღაც დავკარგე,

მტანჯავს მომავლის გაბნეული უსახურობა.


სხვა სამყაროში იქნებ არის სხვა რეალობა

და რაც აქ მოხდა იქნებ იქ სულ სხვაგვარად ხდება,

ვერ ავირჩიე სათანადო დრო ანდა სივრცე,

სადღაც ჩემივე ნეტარება უჩემოდ კვდება.


სხვა სამყაროში გვერდითა მყავს, ვინც აქ დავკარგე,

ალბათ ამდენი შეცდომებიც არ დამიშვია...

რაც აქ არ მქონდა, შეიძლება სხვაგან მომეცა

და პესიმიზმის ზღვაში თავიც არ დამიხრჩვია.


მაგრამ მე აქ ვარ, ვერ განვიცდი იმ რეალობას,

რაც შეიძლება მართლაც ხდება კვანტურ ველებში,

თავგზააბნეულს და დაკარგულს ამგვარ ქაოსში

ამაოება შემრჩა მხოლოდ დაღლილ ხელებში.


-----------------------

ქემო ქავთარი

Tuesday, October 3, 2023

იგრიტ


                                                                You know nothing Jon Snow


ჩვენ ერთ სცენაზე ვიდექი, იგრიტ,
ბედისწერა რომ სცენარებს წერდა,
რატომღაც დაგვჭრა ამურის ისრით
თავისუფლების ჟღალმა ქალღმერთმა.

ჩვენ გვქონდა ტრფობა ვნებიან ფიქრით,
როცა ერთურთის ტყვედ ქმნას ვცდილობდით,
სამი ისარი ნასროლი მიბჯრით,
ტკივილა დამაქვს ღია ჭრილობით.

თვალწარმტაცი ხარ მდედრი ჯიქივით,
ველურობამდე თავისულფალი,
მერჩია შენი ხელით სიკვდილი,
შენამც მყოლოდი ჭირისუფალი.

მოდის ზამთარი ჩრდილოეთიდან
და უშტის უშტი მკვდრების არმია,
კეთილ-ბოროტის ბრძოლა შეიქმნა,
გვერდთ არ მყავხარ, დასანანია...

ჩაიგრიალებს ნიაღვარივით,
წლები თავისი ტკბობით და სიმწრით
ისევ მარტოკამ უნდა ვიომო...
შენ დამელოდე, მეც მოვალ იგრიტ!

-------------------------

ქემო ქავთარი

Monday, February 27, 2023

აღარ მიხარია


ენდოკრინოლოგი აბრალებს თიროქსინს,

ფსიქოლოგს თუ ჰკითხავ განწყობის ბრალია...

კარგი აღარ ხდება ქვეყნად არაფერი,

თუ მე ვეღარ ვხვდები, რომ არ მიხარია?!.


ეზოთერიკოსი ჩაკრის გახსნას მირჩევს,

მღვდელი აღსარებას და მონანიებას...

სადღაც სიხარულის თილისმა დავკარგე,

ასეთი ცოდვები თუ მეპატიება?..


სიბრძნე სიმხდალისა... დათვი ბაბაია...

აბა, ომი გინდათ?.. დედა გვეტირება...

ქართველს რუსის ჩექმა თუკი მოენატრა,

რაღა გამახარებს?.. სიმწრით მეცინება.


-----------------------

ქემო ქავთარი

Tuesday, January 18, 2022

ეჭვიანო


 

სხვას ვის შეხედავს ეს თვალები, როცა ჩემთან ხარ?

ვინ გავიმეტო ეჭვიანო შენი რისხვისთვის?

ჩემი გული ხომ შენ გეკუთვნის?.. თავიც შენია

და შენი ხმალიც ალალ იყოს ჩემი კისრისთვის!

Friday, October 15, 2021

50


 

სად მიმაქროლებ წუთისოფლის ბრმა ბედაურო?

გზადაგზა უკვე საუკუნის ნახევარს ვითვლი

და რაც დრო გადის მიაჭენებ უფრო და უფრო,

სიბერისაკენ მიიჩქარი, თუ იმის იქით?..

 

განვლილ ცხოვრებას თვალს ვადევნებ და წარსულს ვერ ვთმობ,

როგორც შევძელი აქამომდე ისე ვიცხოვრე...

მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, სიკეთის ღმერთო,

სიყვარულით რომ მასაზრდოვებ და არა მტოვებ.


-----------------

ქემო ქავთარი

შემოდგომა


უკვე ზაფხულიც შემომელია

და შემოდგომა სევდისფერია,

თმაში ჭაღარა გამომერია,

ცხოვრება მაინც მშვენიერია.

 

ღიმილზე მეტი ცრემლი მდენია,

ბევრი ჭრილობა არც მომრჩენია,

ზამთრამდე ცოტაც ხომ დამრჩენია,

ჯერ ყველაფერი არ მიმღერია.


----------------------

ქემო ქავთარი

Friday, September 17, 2021

მე და გიტარა

 


დიდი ხნის წინათ, ამ ცხოვრების შორეულ წლებში,

ამღერდა გული და გიტარა ავიღე ხელში.

მას შემდეგ ვწვალობ და გზადაგზა ნელ-ნელა ვსწავლობ,

ჩემთვის ვღიღინებ, თვითნასწავლი ბარდი ვარ ძმაო...

 

მე არ ვიცოდი, არც ნოტები და არც რიტმები,

მე ჩემებურად შევაგებე სიმებს თითები.

რომ არ ვიცოდი, რა მემღერა, თვითონ დავწერე

ჩემი ლექსები და მუსიკა გამოვიგონე.

 

დიდი ხნის წინათ დავმეგობრდით მე და გიტარა,

ერთად მოვდივართ, არავისი არა გვინდა რა...

ვერ შეაჩერებ აღმაფრენას, ვერ უბრძანებ გულს...

ჰოდა, იმღერე! ვის რას უშლი, თუ სიმღერა გსურს?

 

მუსიკის ჰანგებს აედევნე თავდავიწყებით,

ფრთები გაშალე და ოცნებით ზეცას მიწვდები.

გაუზიარე შენს მეგობარს გულის ფიქრები,

შენ და გიტარა სიკვდილამდე ერთად იქნებით.


-----------------

ქემო ქავთარი

Friday, June 25, 2021

კოცნა


 

ისე გიღიმის გრძნობა თვალებში,

ვით ვარსკვლავები შუაღამეში...

შენი კოცნა მწადს, სიყვარულით მთვრალს,

მიზიდავ, როგორც ცეცხლი ფარვანას.

 

მე კოცნების ზღვად გადავიქცევი,

აგედევნები უკან კვალდაკვალ,

ვნების მორევში ჩამოგიტყუებ,

რომ ერთი კოცნა მაინც წაგართვა.

 

მე ოცნებების ღრუბლად ვიქცევი,

ნატვრად დაღვრილი წვიმის წვეთები

დაგასველებენ, ჩუმად გეტყვიან,

როგორ მინდიხარ, როგორ მჭირდები...

 

მე მზის სხივებად გადავიქცევი,

მოვალ გაგათბობ, გაგახალისებ.

გეტყვი, რომ შენით სუნთქავს სამყარო

და თუ გიყვარვარ თვალს რად მარიდებ?..

 

თუ თმას გიწეწავს ანცი ნიავი,

თუკი მზის სხივი თვალებში გიმზერს,

თუ წვიმა ცდილობს გულში ჩაგიკრას

და ტუჩზე კოცნა სურთ თოვლის ფიფქებს,

 

მაშინ იცოდე, რომ ყველგან მე ვარ...

მე ვარ მზე, წვიმა, ქარიც და თოვლიც

შენ ვერ იმეტებ მე კი ჩუმ-ჩუმად

უკან დაგდევ და ყოველთვის გკოცნი.


-----------------
ქემო ქავთარი

Wednesday, May 12, 2021

ასწიეთ ფარდა!..


დამსხვრევა უნდა უმეცრების შავ-ბნელ ჩარჩოებს,

გაურკვევლობის საბურველი შიშს ასაზრდოებს.

ასწიეთ ფარდა, შემოუშვით ცოდნის სინათლე,

ამ ჩამოქუფრულ უფსკრულებს რომ ჩასწვდეს ძირამდე!

სიცრუისაგან გავარჩიოთ იქნებ სიმართლე...

სიკეთის ნერგი გავახაროთ გულში როგორმე,

ცხოვრების გზა რომ არ ვაქციოთ ბინძურ ორღობედ!


-------------------
ქემო ქავთარი

Monday, April 26, 2021

მიმქრალ ბურუსში



ძილ-ღვიძილს შუა ფიქრებს ვაჩერებ,
მიმქრალ ბურუსში მცურავ სახეებს
დახუჭულ თვალებს მიღმა ვაცილებ...
რად ვხედავ სოფლის ბოლოს აჩრდილებს?
გარდაცვალებას ხომ არ ვაპირებ?!.
ყურებში ზარით ტირის სიჩუმე,
ალბათ მარილზე გაღმა მისტუმრებს...

ალბათ დრო დადგა.... ჰოდა წავიდეთ!
იქნებ იქ ყოფნა მაინც დაღირდეს...
რაღას ველოდო ჯანმორღვეული?..
შემომრჩენია სულზე სხეული,
ვით ტანს სამოსი ჩამოხეული.
არ ვუფრთხილდები, ვერ ვზრუნავ მისთვის,
მაგრამ წასვლამდე გამიძლებს, ვიცი...

მეტი არც მინდა, ჩემო ბატონო,
მაინც მიწაში უნდა დავტოვო, 
რადგანაც გვამი მძიმე ბარგია,
თუ სულს სხეულის გახდა სწადია,
ხიდზე გადასვლაც უკვე მადლია...
მარადისობას ელტვის გონება,
ღმერთო, მაღირსე სულის ცხონება!..



ქემო ქავთარი
-------------------

Sunday, November 29, 2020

ღაღადისი



ამაოდ ვებრძვი სიცრუისგან დაბურულ სივრცეს,

ძალაგამოცლილს განშლადობის მორევი მითრევს.

ჭეშმარიტების ღაღადისი არ ისმინება

და ისე მძლავრობს მცდარი აზრის ტირაჟირება,

რომ გულმართალ კაცს უიმედოდ აგეტირება.

ჩვენს თვალწინ ხდება დღეს სიმართლის დევალვაცია,

კოხტად შეფუთულ ტყუილს უფრო კარგი ფასი აქვს.


ამ ყრუ სოფელში იქნებ არც ვართ ჩვენ მეტის ღირსნი,

დახარბებული ანგარებით ტყუილის თქმისთვის?..

გზააბნეული გონება კვლავ ფიქრებში დაძრწის,

ეგება ჰპოვოს მაინც სადმე სხივი სინათლის,

ჩვენს უკან სხვები რომ მოდიან, ისევ იმათთვის...

მართალი სიტყვა რომ როგორმე დარჩეს ჩვენთანა,

სიცრუის დუქნად რომ არ იქცეს მთელი ქვეყანა.


-------------------


ქემო ქავთარი