*****
ჭიშკარზე დადებული ჟანგიანი კლიტე დიდი წვალების შემდეგ გავხსენი. ფართოდ გამოვაღე კარის ორივე ფრთა და ეზოში გაფენილ შემოდგომის ფარდაგს შევავლე თვალი. ფოთოლცვენა წითელ-ყვითელ ფერებად იღვრებოდა მიწაზე. დამენანა ამ სილამაზის საბურავებით გადათელვა და გადავწყვიტე ავტომანქანა გარეთ დამეტოვებინა. ეზოში შევედი და კუთხეში მდგარი მოწყენილი სახლისკენ ავიღე გეზი. საყვედურით აშრიალდნენ ფოთლები ფეხქვეშ. მდუმარე მზერა მომაგებეს ხეებმა. ვერ მიცნეს, მხრები აიჩეჩეს... მერე ერთმანეთს მიუბრუნდნენ და დაბალ ხმაზე საუბარი წამოიწყეს. ყური მივუგდე...
- მეჩვენება, თუ მართლა ჩვენი ვლადიმერია, უჩავ? - მაღალი მსხლის ხე ეკითხებოდა თხილის ბუჩქს.
- რას ლაპარაკობ, თულუხა ძია?.. ვლადიმერი ოთხმოცდათერთმეტის შემოდგომაზე არ გავასვენეთ?!. - გაიოცა უჩა თხილმა და ცნობისმოყვარე მზერა გამომაყოლა.
- ვინ უნდა იყოს, ნეტა? - ახლა ახალგაზრდა ჭანჭური ჩაერთო საუბარში.
- ძალიან კი ჰგავს ცხონებულ ვლადიმერსა!.. - ტოტი მოიჩრდილა და ისე განაგრძო ჩემი შესწავლა ღობის პირას მდგარმა ვაშლის ხემ.
- ზედ გამოჭრილი ვლადიმერია... - ჩაილაპარაკა თულუხა მსხალმა.
- ვლადიმერი ვინ არის, ანტონა პაპა?.. მე რატომ არ ვიცნობ? - იკითხა პატარა ჟოლომ და მოუსვენრად შეათამაშა ყლორტები.
- აბა, შენ საიდან გეცნობა, შვილოსან, სულ რაღაც ხუთიოდე შემოდგომას მოსწრებიხარ. - ჩაიცინა დახავსებულ ულვაშებში მხარბეჭიანმა კაკლის ხემ.
- ჟორიკა, შვილო, პატარა ნინიკოსა და გიორგის ხომ იცნობ, ზაფხულობით რომ ჩამოდიან ხოლმე ჩვენთანა? - შეეკითხა ვაშლი ანტონა ჟოლოს.
- ვიცნობ, ნინი და გიო ჩემი მეგობრები არიან. - წამოიძახა პატარა ჟორამ.
- ჰოდა, მაგათი პაპა იყო ვლადიმერი...
- რას ამბობ, ანტონა ძია?.. დიდი პაპა იყო, დიდი... - შეედავა ჭანჭური.
- დიდი?!.. - ჩაფიქრდა ანტონა.
- შენ როგორ გახსოვს, კაკო ძია?.. მგონი მართალია ჭაჭუ, არა?.. - ასძახა კაკლის ხეს უჩამ.
- როგორ არ მახსოვს, კაცო, ვლადიმერის ხელში არ გავიზარდე?.. თვეებისა ვიყავ, აქ რომ მომიყვანა და თავისი ხელით დამრგო... ღმერთმა ადღეგრძელოს მაგისი მოდგმა!..
- ამინ!.. დალოცოს ღმერთმა!..- დასტური უთხრა თულუხამ და განაგრძო. - მეც მაგის დამყნილი არა ვარ ამ პანტის ძირზე?.. ოქრო კაცი იყო და ოქრო ხელი ჰქონდა ცხონებულს...
- ჰოდა იმას ვამბობდი, თულუხ ბატონო, რომა... - სიტყვა დაიბრუნა კაკომ. - ეს ჩვენი გიორგი ვლადიმერის სიყმის შვილია. გუშინდელი დღესავით მახსოვს, მაგის ძეობა რომ გადავიხადეთ...
- მართალი ხარ, კაკო, მართალი... მეც კარგად მახსოვს... გიორგი რომ დაიბადა, იმ გაზაფხულზე შეუსრულდა ვლადიმერს ოცდაათი წელი, - ახლა თალარზე წამოწოლილი ვაზი ჩაერთო საუბარში.
- ჰოო... აი, პირველი შვილიშვილი რომ შეეძინა, მაშინ უკვე სამოცის ხდებოდა. ეგრე არ არი სანდრო?.. - შეეკითხა კაკო ალექსანდროული ჯიშის შებერებულ ვაზს.
- ეგრეა, ეგრე... უთქმელი კაცი იყო, არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან კი უხაროდა, მაგისი სახელი რომ დაარქვეს ლადიკოს...
- ეეჰ... ნინის და გიოს დაბადებას უკვე ვეღარ მოესწრო, საწყალი...- ამოიოხრა და დანანებით ჩაილაპარაკა ანტონმა.
- კაკო პაპა, ვლადიმერის მეუღლეს რა ერქვა?... - ბავშვური ინტერესით იკითხა ჟორიკამ.
- ოლია ერქვა, ძალიან კარგი ქალი იყო, ცხონებული... - დაიწყო ანტონმა და სხვებმა განაგრძეს.
- ოლია ერქვა, ძალიან კარგი ქალი იყო, ცხონებული... - დაიწყო ანტონმა და სხვებმა განაგრძეს.
- როგორი მშრომელი?..
- ერთგული მეუღლე...
- პატიოსანი და ღირსეული...
- მოსიყვარულე დედა...
- შვილებისთვის ცოტა მკაცრი იყო.
- მაგრამ სამართლიანი...
- ეეჰ... ვლადიმერის მერე ისიც მალე წავიდა იმქვეყნად... - თქვა სანდრომ და ბოლო სიტყვას ოხვრა ამოაყოლა.
- ძალიან უყვრადათ ერთმანეთი, ძალიან... - თქვა და ცრემლიანი თვალები გაყვითლებული ფოთლებით მოიწმინდა უჩამ.
- მარტო ერთი შვილი ჰყავდათ?.. - ისევ დაინტერესდა პატარა ჟოლო.
- არა, გიორგის მერე მარიამი შეეძინათ...- წამოიწყო ანტონმა.
- ეხლა სად არის მარიამი?
- მეზობელ რაიონშია გათხოვილი... მაგის ქორწილში იცეკვა ბოლოს ვლადიმერმა. - განაგრძო უჩამ.
- გახსოვთ, რა კარგად იცეკვეს პატარძლის მშობლებმა?.. - იკითხა ჭაჭუმ.
- ოლიასთვისაც ბოლო იყო ეგ ცეკვა. - ჩაიჩურჩულა თულუხა მსხალმა.
- ჰო... ბოლო იყო... აფსუს!..
- კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, ნაბოლარა... - ახლა სანდრომ დაიწყო მოყოლა.
- მათე ერქვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ აქედან გადაიხვეწა. - განაგრძო კაკომ.
- ამბობდნენ ევროპაში წავიდაო, ბიზნესი დაიწყო და დიდი ფული იშოვაო. - ძველი ჭორები გაიხსენა უჩამ.
- ბოლოს ვიღაცამ ამბავი მოიტანა, მოკლესო...
- არა, არ მჯერა!.. - ტოტები გაასავსავა ჭაჭუმ.
- რა ვიცი... არც მე მინდა დავიჯერო, მარა... - ამოიოხრა თულუხამ.
- გინდა მკვდარი, გინდა შინმოუსვლელიო, ნათქვამია... - ტოტი ჩაიქნია კაკომ.
- ეეჰ...
- არადა, რა ბიჭი იყო?..
- ჰაი გიდი!.. - ერთხანს ასე ბუტბუტებდნენ და გულისტკივილით ამოთქმულ სიტყვებს ოხვრას ურთავდნენ ხეები. მერე ცოტა ხნით დადუმდნენ. ის იყო წუთისოფლის ბედუკუღმართობაზე ჩაფიქრებას აპირებდნენ, რომ უეცრად ვიღაცის ყვირილმა მიიპყრო მათი ყურადღება.
- ეგ არი!.. ეგ არი!.. - ყვიროდა უხუცესი იფნის ხე, აქამდე შუაგულ ეზოში რომ თვლემდა და მეზობლების საუბარში არ ერეოდა.
- რა არი კოტე ძია?!. - შეეხმიანა გაოცებული ანტონი.
- რა კი არა, ვინ...
- ვინ არი, კოტე პაპა, ვინა?.. - ახლა უჩა მიაშტერდა გაკვირვებით ბატონ კოტე კოპიტ იფანს.
- ის არის!.. ის ბიჭი...
- ვინ ბიჭი?
- მათეა, მათე!... - ხმაში სიხარულის კანკალი ჩასდგომოდა მოხუცს. ხეები აყაყანდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცდიდნენ. ყველას რაღაცის კითხვა უნდოდა.
- ვინა?..
- სადა?..
- რას ამბობ?..
- საიდან მოიტანე?..
- ხუმრობ, კაცო?..
ასეთი შეკითხვები დაძრწოდნენ ეზოში, ერთმანეთში ირეოდნენ და საუბარი თანდათან ძნელი გასარჩევი ხდებოდა. ამასობაში, მე სახლამდე მივაღწიე. რკინის მოაჯირს ხელი წავავლე და ყვითლად მორთულ ბეტონის კიბეს მეორე სართულამდე ავყევი. კარს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე...
- იყუჩეთ ხე ხილნო!.. - გაისმა კაკოს ყვირილი და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- სირცხვილია, უხუცესს სიტყვის თქმას არ ვაცდით... - დინჯად განაგრძო კაკომ და მხრები შეარხია. ხეებმა სუნთქვა შეიკრეს.
- გისმენთ, კოტე ძია, გვითხარი სად არის მათე!.. - თქვა კაკომ და მე, რატომღაც, უკან მოვიხედე. იფნის ხე პირდაპირ თვალებში მიყურებდა. გამჭოლი მზერა ჰქონდა. მომეჩვენა, თითქოს ჩემს თვალებს უკან, გონებაში ჩემს თავგადასავალს კითხულობდა და სიხარულისგან ტიროდა.
- აგე!..ეგ არის მათე... - თქვა და რამდენიმე ტოტი ჩემსკენ გამოიშვირა კოტემ.
ახლა ყველა ხე მე მიყურებდა სუნთქვაშეკრული და უკვე მეც შემეკრა სუნთქვა. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. სასწრაფოდ მივბრუნდი კარისკენ, სახელური ჩამოვწიე და ანჯამების ჭრიალს ოთახში შევყევი.
*****
ოცდახუთი წლის წინ დატოვებული სახლი ისევ მგლოვიარედ დამხვდა. მდუმარე კედლები უხმოდ ტიროდნენ. ყოველი ნაბიჯის ქვეშ იატაკი კვნესოდა. ფიქრებში წარსული ამოტივტივდა და ის ტკივილი გააცოცხლა, წლების განმავლობაში რომ ვცდილობდი გულში დამემარხა. მომწყურდა... მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გავედი. წითელი აგურით ნაშენებ კედელში თახჩებია ჩადგმული. აქვე თითბერის ძველებურ ონკანს წაუგრძელებია კისერი და მის ქვემოთ პატარ-პატარა რიყის ქვებით მოპირკეთებულ მომცრო აუზს ჩაჰყურებს. თახჩიდან ფიალა ავიღე და ონკანი მოვუშვი. იგივე თახჩაა, იგივე ონკანი... ონკანის ზემოთ მიმაგრებულმა ოქროსფერმა ფირფიტამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ზედ წარწერაა ამოტვიფრული - „ ლადოს წყარო“. თვალები ამიწყლიანდა... ფიალა ავავსე და წყალი მოვსვი. პირველივე ყლუპიდან ვიცანი თითქმის დავიწყებული გემო. ეს განსაკუთრებული წყალია. ამ სახლის საძირკველს რომ ჭრიდა, მაშინ აღმოაჩინა წყაროს თვალი ვლადიმერმა. სპეციალური აუზი აუშენა და აქედან ჯერ ეზოში, მოგვიანებით კი სამზარეულოშიც შემოიყვანა წყაროს წყალი. კიდევ ერთი ფიალა გავავსე და ვლადიმერს შენდობა ვუთხარი ...
ამასობაში ორგანიზმმა ნიკოტინის მორიგი დოზა მომთხოვა. კარადაში საფერფლე მოვძებნე და უკანა ოთახში გავიყოლე. ეს ამ სახლში ყველაზე დიდი ოთახი იყო და ამიტომ მრავალფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. პატრონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხან ზალა იყო, ხან საძინებელი, ლხინის და ჭირის სუფრებიც ძირითადად აქ იშლებოდა. ვათვალიერებდი ოთახს და ხმამაღლა ვფიქრობდი:
- ამ ოთახში არაფერი შეუცვლია გიორგის.
- ისევ ის ავეჯი, ისევ ის განლაგება...
- აი, ამ სავარძელში უყვარდა მამაჩემს ჯდომა და გაზეთების კითხვა...
- ისევ ის ტელევიზორი, წიგნების კარადა...
კედელზე ჩამოკიდებული გადიდებული სურათიდან ჩემი მშობლები მიყურებდნენ. მათ თვალებში საყვედური, ტკივილი, სიყვარული და სიხარული ერთდროულად იკითხებოდა. საფერფლე მაგიდაზე დავდე, სიგარეტი ამოვიღე, სანთებელა ავანთე და უცებ...
- შე დედამიკინტრულო, აკი არ ვეწევიო... - ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა. შევცბი.... მამაჩემის ხმაა, ამ ხმას მილიონში გავარჩევ. „დედამიკინტრულიც“ მისი გამოგონილი სიტყვაა, რომელსაც ძირითადად შვილების „მოსაფერებლად“ იყენებდა ხოლმე. არასოდეს მომიწევია, მამის თანდასწრებით. დედასთანაც მისი სიკვდილის შემდეგ გავბედე მოწევა.
- დედა გენაცვალოს!.. ჩემი ბადუნია მოსულაო... - ახლა დედაჩემის ხმა გავიგონე. „ბადუნია“ ჩემი მეტსახელი იყო, ოღონდ მხოლოდ დედა მეძახდა ამას მოფერებით.
გამეცინა... მივხვდი, რომ ქვეცნობიერში დალექილი მონატრებული ფრაზები ამოტივტივდნენ გონებაში. სავარძელში მოვკალათდი და როგორც იქნა, ტუჩებში შერჩენილ სიგარეტს მოვუკიდე. პირველივე ნაფაზს ფილტვებთან მოკითხვა დავაბარე და თვალები დავხუჭე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ოცდახუთი წლის წინანდელი რეალობიდან მართლა მესაუბრებოდნენ მშობლები. აქამდე ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ფიქრები აირია და მოგონებების მორევში ჩავიძირე.
ვლადიმერს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, ხეებს ელაპარაკებოდა ხოლმე. ეზოში ყველა ხეს დაარქვა სახელი და ამ სახელებით მიმართავდა. ოთხი ან ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა მამასთან მივედი და ვკითხე:
- მამა, ხეებს რატომ ელაპარაკები?..
- რატომ არ უნდა ველაპარაკო? - კითხვა შემომიტრიალა მამამ.
- ეგენი ხომ მკვდრები არიან და არ ესმით...
- არა, შვილო, მკვდრები აგე ისენი არიან. - მითხრა და საჩეხში დაწყობილი შეშისკენ მიმითითა. - მაგათ არც ველაპარაკები...
- მკვდრები კი არა, უსულოები... ლაპარაკი ხომ არ იციან?.. - შევეცადე დამეზუსტებინა.
- რატომ გგონია რომ არ იციან?..
- არასოდეს არ გამიგია მაგათი ლაპარაკი.
- ესეიგი, კარგად არ უსმენ...
- ვუსმენ, მამა, აი... სულ ყურწაგრძელებული ვუსმენ, მაგრამ ვერა... - მამას გულიანად გაეცინა.
- არაუშავს, დრო მოვა და გაიგებ. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- როდის? - არ ვეშვებოდი მე.
- როცა ჩემსავით აგტკივდება ეს მიწაც, ეს ხეებიც და ეს სახლიც...
- რა უნდა ამტკივდეს?..
- არაფერი... თავის დროზე გაიგებ.
- მამა, კაკლის ხეს კაკოს რატომ ეძახი?..
- მოფერებით, შვილო...
- ჭაჭუც მოფერებით, ხო?.. ანტონი?..
- ანტონოვკის ჯიშის ვაშლია და მაგიტომ...
- სანდრო?
- ალექსანდროული ჯიშის ყურძენია...
- უჩა?
- უჩაც ჯიშია თხილისა...
- კოტე?..
- ოოო... მაგის სრული სახელი კოტე კოპიტ იფანია.
- კოპიტი რა არის?
- იფნის ხეს მეორენაირად კოპიტი ჰქვია.
- მამა, ხეები თუ ცოცხლები არიან, მაშინ რატომ არსად მიდიან?..
- ფესვები არ უშვებენ.
- ჩვენ რატომ არა გვაქვს ფესვები?
- გვაქვს!
- აბა სადა?.. რატომ ვერ ვხედავ? - გავიკვირვე მე.
- მაგას ვერ დაინახავ, უნდა იგრძნო! - მითხრა მამამ და ქოჩორი ამიჩეჩა.
კარგად ვერ გავიგე, რა უნდა მეგრძნო, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს. მერე მამის წამბაძველობით ასეთი თამაში გამოვიგონე, დავდიოდი და ხმამაღლა ველაპარაკებოდი ხეებს. ისინი ხმას არ მცემდნენ, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი და ხანდახან ტყუილსაც ვკადრულობდი, დამელაპარაკნენ და გავიგე მეთქი.
*****
სიგარეტი საფერფლეზე ჩამწვარიყო. ახალს მოვუკიდე, წამოვდექი და წიგნების კარადასთან მივედი. პირველი რაც ხელს მოხვდა, ის წიგნი გადმოვიღე. დავხედე, ნუნუ კერესელიძის საბავშვო ლექსები იყო. მახსოვს, სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედა მიკითხავდა, მერე მე თვითონ ვკითხულობდი. ძალიან მიყვარდა... გადავშალე და პირველივე შემხვედრი ლექსი წავიკითხე.
„რატომ არის, დროდადრო
რომ ვდარდობ?“
გამახსენდა, რომ ეს კითხვა ბავშვობიდანვე მაწუხებდა და უფროსებს ხშირად ვეკითხებოდი. ზოგი დამცინოდა, ზოგი სერიოზულად მპასუხობდა. ყველაზე მეტად დედაჩემის პასუხი მომეწონა და დამამახსოვრდა.
- გიყვარს და იმიტომ, ჩემო პატარავ... - მითხრა დედამ და გულში ჩამიკრა.
- ვინ მიყვარს, დე?.. - ახალი კითხვა გამიჩნდა უმალ.
- ვისზეც დარდობ, შვილო... რომ არ გიყვარდეს, არც იდარდებდი... - მითხრა დედამ და მე მივხვდი, როგორ უნდა გამეგო, ვინმე მიყვარდა თუ არა.
ამ წიგნიდან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. დავდიოდი და ამაყად ვაფრქვევდი ამ სიბრძნეს. ყველგან ამ ლექსების თქმას ვცდილობდი, იმისდამიუხედავად იყო ამის შესაფერისი მომენტი თუ არა. რამდენიმე მათგანი დღემდე შემორჩა ჩემს ლექსიკონს. საბავშვო ლექსი უძახე და ამ ასაკშიც მშვენივრად გამოიყენებ ზოგიერთ სიტუაციაში. მაგალითად, თუ გინდა ვინმეს სიდინჯისკენ მოუწოდო, შეგიძლია ლექსად უთხრა:
„თუ ვარგიხარ ბიჭი ბიჭად,
გააკეთე საქმე დინჯად!..“
ან, თუ ქალი მოგეწონა და ლამაზი სიტყვებით გინდა ასიამოვნო, უთხარი:
„ავიარე მთვარის კიბე,
ვარსკვლავები დაგიკრიფე.“
თუ ცოტა წაფილოსოფოსება მოგინდა, მაშინ ასე თქვი:
„რა იყო პირველად?. - წყვდიადი მეფობდა,
ვის ეწონებოდა?- თავის თავს ეტრფოდა“
სადღეგრძელოში ვინმეს გულიანად დალოცვა თუ მოგინდა, მაშინ შეგიძლია ეს ლექსი წაიკითხო:
„ღმერთმა მოგცეთ პური, წყალი,
კერიაში ნაკვერცხალი,
ჯანი-მთელი, გული-ბრძენი,
სიტყვა მჭევრი, საქმე-ქველი“
ბავშვური სიმარტივით გამჟღავნებული ალალი სიბრძნეა თქო, გავიფიქრე და წიგნი თაროზე დავაბრუნე. ოთახში თამბაქოს მძაფრი სუნი დამდგარიყო. ფარდა გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე. თამბაქოს კვამლი რომელიღაც შორეული გალაქტიკის ნისლეულის ფორმად შეიკრა და თბილი ჰაერის ნაკადს გარეთ გაჰყვა. ეზოში გადავიხედე და ყურს ისევ მოსწვდა ხეების საუბარი.
- მათე ყოფილა, კაცო!..
- მათე დაბრუნებულა...
- აკი მოკვდაო... ვინ დაუყარა ჭორი, ჰა?..
- როგორ იცანი კოტე ძია, როგორ?.. - კითხულობდა სანდრო.
- როგორა და ... აგე, მარცხენა ხელის მტევანზე ნაიარევს ატყობ?
- აბა?.. ჰო, მერე?..
- ამ მოუსვენარს ბავშვობაში ჩემს ტოტებზე უყვარდა ძრომიალი...
- ეგ ვის ტოტებზე აღარ დახტოდა კაცო?..
- ერთხელაც წაწვეტებულ კაპზე ჩამომარტყა ეგ ხელი და მაშინ დაიზიანა...
- მახსოვს ეგ ამბავი. - დაუდასტურა კაკომ.
- კინაღამ გავთავდი ნერვიულობით, ბიჭს არაფერი მოუვიდეს თქო... - განაგრძო კოტემ.
- მაგრად კი შეგვაშინა ამ ონავარმა - ჩაიცინა სანდრომ.
- ვლადიმერს თვალებში ვეღარ ვუყურებდი, კაცო, მრცხვენოდა...
- მა რა იქნებოდა, კაცო?!.
- ბოლოს, ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა, დავიმარტოხელე ვლადიმერი და ვუთხარი, ეგრე შერცხვენილს ნუ დამტოვებ და გთხოვ ეს ტოტი მომკვეთე რომელზეც ბიჭი დაზარალდა თქო...
- მართლა?!.
- მერე?.. რა გითხრა, კოტე პაპა?..
- ჯერ გაეცინა, როგორც იცოდა... მერე ასე მითხრა: „ რას ამბობ კოტე, ჯერ ერთი რა შენი ბრალია და მეორეც, მაგან რომ ტოტმოკვეთილი გნახოს, იცი როგორ დაითრგუნება ბიჭიო?.. “
- სხვას რას ელოდი ვლადიმერისგან?.. - ცრემლებს იწმენდდა თულუხა.
- მათე ძია!.. მათე!.. - მეძახდა და ყლორტებს მიქნევდა პატარა ჟოლო.
- არ ესმის ჟორიკ, ადამიანებს ჩვენი არ ესმით... - ეუბნებოდა უჩა.
- აბა ვლადიმერს როგორ ესმოდა?..
- ვლადიმერი სხვა იყო...
- ნიჭი ჰქონდა ღვთისგან ბოძებული...
- ძაან კი დამსგავსებია მათე ვლადიმერსა... - ჩაილაპარაკა კოტე პაპამ.
- დადინჯებულა, დაღვინებულა...
- არადა, რა ცელქი იყო?..
- ლექსები უნდა გასწავლოთო, რომ აიკვიატა, გახსოვთ?..
- კაკოს დაადგებოდა ხოლმე, „მართლა გკითხეს ბეღურებმა: ყინვა ხომ არ გვეხუმრებაო?..“
- მეზობლის ვირს ეჩხუბებოდა, „სახედარო, აქეთ წამო, გაზაფხული არ შეჭამოო“...
- თოვლს მიფერთხავდა ხოლმე ტოტებიდან ზამთარში და თან მეუბნებოდა „ჩემი ჭაჭუს რტო, მოუღუნავს თოვლს. მიშველეო, მთხოვს“...
- ქარს ეკითხებოდა ხოლმე „რაო ქარო რა გაქროლებს? - გულს აყოლებ?..“ - ასე იხსენებდნენ ხეები ჩემს ბავშვურ ონავრობას და ნუნუ კერესელიძის ლექსების ჩემეული იმპროვიზაციის ამბავს.
- ყოველთვის მეგონა, რომ ვლადიმერის ნიჭი გამოჰყვებოდა მათეს. - ჩაილაპარაკა კოტემ.
- ჰოო... მეც დიდი იმედი მქონდა. - აჰყვა სანდრო.
- ძალიან ახლოს იყო ბუნებასთან...
- რა კარგი იქნებოდა...
- აფსუს!..
ვეღარ გავუძელი, ფანჯარა მივხურე და ოთახში შევბრუნდი.
*****
კიდევ ერთი სიგარეტი გარდავქმენი ნისლეულად. მშობლების სურათმა საყვედურით შემომხედა. ნიკოტინი ემოციების შემოტევას იგერიებდა და ფიქრის საშუალებას მაძლევდა. გამახსენდა, როგორ განვიცადე, პირველად ხეების ლაპარაკი რომ გავიგე. მამაჩემის ცხედარს ღამეს ვუთევდით, მე და ორი ხანშიშესული მეზობელი. წინა ოთახში სამარხვო სუფრა იყო გაშლილი. მეზობლები სავალდებულო შესანდობრებს ამბობდნენ და საუბარში ჩემს აყოლიებას ცდილობდნენ. მე ლაპარაკის, როგორც სურვილი ასევე უნარიც დაკარგული მქონდა. უსიტყვოდ წავუქცევდი ხოლმე ჭიქას და ბოლომდე ვსვამდი. გამთენიისას მეზობლებს ძილი მოერიათ. მე სიგარეტს ვაბოლებდი და ფიქრის უთავბოლო ლაბირინთში ვიკარგებოდი. უცებ ღია ფანჯრიდან საუბარი შემომესმა. ყური მივუგდე და მოხუცი კაცის ხმა გავარჩიე.
- კაკო, გვითხარი ერთი, რა ხდება შიგნით.
- რაღა რა ხდება, კოტე ძია... მეზობლებს ჩასძინებიათ და მარტო ბიჭი ფხიზლობს ახლა მამის ცხედართან. - ახალგაზრდა კაცის რიხიანმა ხმამ გასცა პასუხი.
- შევარცხვინე მაგისთანა მეზობლები... - მოისმა უფრო შორიდან
- ჰაი დედასა... - გულზე მჯიღს იცემდა ვიღაცა.
გავბრაზდი... ვიფიქრე, ვიღაცას ცუდი დრო მოუნახავს სახუმაროდ მეთქი და გულმოსული წამოვდექი... დავინახე, ფანჯრის რაფას კაკლის ხე ჩამოყრდნობოდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა. შემეშინდა... ამ დროს მამაჩემის ხმა გავიგონე:
- ნუ გეშინია, შვილო, მათე... დრო მოვიდა.
- რა დრო? - გავიფიქრე დაბნეულმა, მაგრამ შიშისგან ხმის ამოღება ვერ მოვახერხე.
- ის დრო, რომელზეც გეუბნებოდი... შენ უკვე გესმის ხეების საუბარი ... ნუ ღელავ!.. თუ მზად არა ხარ, ნუ შეიმჩნევ რომ გესმის. მაგით არაფერი დაშავდება!..
არ შევიმჩნიე და მეორე დღეს განცვიფრებისგან დამუნჯებულმა მოვისმინე, როგორ დაიტირეს ხეებმა მამაჩემი. ამის შემდეგ ყოველ საღამო ჩუმად ვუსმენდი, როგორ იხსენებდნენ ვლადიმერს და მის ამაგს მამაჩემის ძმა ხეები. მალე დედაჩემიც გარდაიცვალა და გასვენებაში ისევ ზარით იტირეს ხეებმა. მეტი ვეღარ გავუძელი და აქედან წავედი, ცხრა მთას იქით გადავიკარგე...
ფიქრებიდან გამოვერკვიე, წიგნების კარადასთან მივედი და ისევ ის წიგნი ავიღე ხელში. ჩემი ონავარი ბავშვობა ცქმუტავდა ამ წიგნში. გადავშალე და ყველაზე ძალიან რომ მიყვარდა, ის ლექსი მოვძებნე.
„- გამარჯობა, ორაგულო!
- გამარჯობა, იცოცხლე!
- იქნებ თავი მოაბრუნო,
თითქოს არც კი მიცნობდე,
საით მიხვალ?
- სიკვდილსა.
-ჰოოო... რა მიგაქვს?
- სიცოცხლე.“
ყოველთვის მაოცებდა ორაგულის საქციელი. სიცოცხლის მოსატანად სიკვდილს რომ მიდიოდა. ეს განსაკუთრებული ინსტინქტია შთამომავლობის გადარჩენისა. უფრო საოცარი კი ის იყო, ორაგული სადაც დაიბადა იქ რომ ბრუნდებოდა სიცოცხლის დასასრულებლად. თვითონ, საიდანაც დაიწყო, იქ ასრულებდა და შთამომავლობასაც იქიდან აწყებინებდა სიცოცხლეს. უკვე ვხვდებოდი, რომ ეს იყო ფესვები, უხილავი ფესვები ორაგულისა... ახლა ჩემი თავიც ორაგული მეგონა... გამახსენდა მამის ნათქვამი -„მაგას ვერ დაინახავ, უნდა იგრძნოო“ და იმავე წუთს გავაცნობიერე, რომ უკვე ვგრძნობდი... ვგრძნობდი, რომ ამ ფესვებმა დამაბრუნეს სახლში ოცდახუთი წლის შემდეგ.
ჯიბეები მოვიქექე, მობილურს ვეძებდი... ალბათ მანქანაში დამრჩა... გარეთ გამოვედი და ფოთოლცვენით მოოქროვილ კიბის საფეხურებს ქვემოთ დავუყევი. ხეებმა დამინახეს და ისევ ჩემზე ალაპარაკდნენ:
- უკვე მიდის...
- ასე მალე?..
- მათე ძია!.. მოიცა, მათე ძია!.. - მეძახდა პატარა ჟოლო.
- არ ესმის ჟორიკ, ტყუილად ეძახი... - ეუბნებოდა უჩა.
- რატომ არ ესმის?.. - თვალები აუწყლიანდა ჟორას.
შევჩერდი, მოვტრიალდი და პატარა ჟოლოსთან მივედი.
- მესმის ჟორიკ, ყველაფერი მესმის. - ვუთხარი და ვიგრძენი ხეებს სუნთქვა როგორ შეეკრათ.
- არსად არ მივდივარ, კოტე პაპა, მე შინ დავბრუნდი და ბოლომდე აქ უნდა დავრჩე, თქვენთან ერთად... - სიხარულის ცრემლი მოსდგომოდათ ხეებს თვალებზე. ყველას ბურთი გასჩხეროდა ყელში და ხმას ვეღარავინ იღებდა. მეც გული ამიჩუყდა და ცრემლების დასამალად მივტრიალდი... მანქანისკენ წავედი... შუაგზაზე უკვე მესმოდა
ხეების გულიდან ამონახეთქი სიტყვები.
- ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!..
- შენ გაიხარე!..
- როგორ გამახარე?..
- ბარაქალა, შენს კაცობას...
- მათე დაგვიბრუნდა, მათე!..
მანქანაში ჩავჯექი, სავარძელზე დარჩენილი მობილური ტელეფონი ავიღე და ნომერი ავკრიფე. ტელეფონში გიორგის ხმა გაისმა:
- გისმენ მათე!.. როგორ ხარ?..
- კარგად, გიორგი... სოფელში ვარ...
- ვიცი, ვიცი... როგორ ჩახვედი?..
- კარგად...
- მოდიხარ უკვე?.. ვახშამზე არ დაიგვიანო, სტუმრები გვეყოლება...
- ვერ მოვალ, გიორგი... აქ ვრჩები...
- რას ამბობ?.. მანდ რა გინდა მარტოს?.. წამოდი, თუ ძმა ხარ!..
- არ შემიძლია, ფესვები არ მიშვებს!..
- რა?!. ალო...
- თქვენ მესტუმრეთ!.. მე აქ გადმოვედი საცხოვრებლად...
- ალო...
- შინ დავბრუნდი, გიორგი... გესმის?..
ტელეფონი გავთიშე. მანქანა დავქოქე, ფოთოლცვენას ბოდიში მოვუხადე და შემოდგომის ფარდაგი საბურავებით გადავთელე.
------------------------------------------------------
ქემო ქავთარი