Friday, December 29, 2017

არ დაიჯერო!


არ დაიჯერო, რომ გეტყვიან ისე მიყვარხარ,
მირჩევნიხარო სუყველასო, საკუთარ ძმასაც...

არ დაიჯერო, არა მეთქი ისეთი კაცის,
ძმა რომ არ უყვარს, რომ არ იცის იმისი ფასი!..

ფლიდი ყოფილა და უგულო, თუ ღალატობს ძმას,
ხვალ შენც გაგყიდის ისე, როგორც უპატრონო თხას.

ქემო ქავთარი

Thursday, December 7, 2017

ბუ დუმს



ბუ დუმს, სულ დუმს,
თუმც სწუხს, თუ ქუხს.
სძულს უტყვ, ჩუმ ბუს
ბუმ, ბუხ... ბუ სწუხს.

ბრუხ, გრუხ, ჩუხ, ჩუხ...
თუ ქუხს, რუ დუღს,
მუნ ხნულ ღრმულს გუბს,
გულ ბრუნს ჭუჭყს, დუჟს...

გულს შურს, თუ სულს?
ტუჩს სურს, თუ ყურს?
კუჭს სძულს, თუ წყლულს,
ურჩ კუნთს, თუ ღრუს?

თუ შურს, სულ სძულს
მრუდ ბუჩქს, ყრუ ჭუპრს,
ბლუ ფურს, ურცხვ ბუზს,
ტლუ გნუს, კუტ კნუტს,

უქმ ფუნჯს, ცრუ ტუზს,
ცუდ კრუხს, რუხ ლურჯს,
სუსტ ქუსლს, ფუჭ ცურს,
თუ სძულს, სულ შურს...

გულს დუღს, თუ დუღს...
ნუ სწუხ უხვ ფულს!
ნურც ქურქს, ნურც რუჯს!
ნუ გსურს ხუთ წუთს!

თუ ქუხს, რუ დუღს,
ბუ დუმს, ყრუდ სწუხს.
ნურც დუმთ, ნურც სწუხთ!
ნუ გძულთ, ნუ გშურთ!

ქემო ქავთარი

Tuesday, October 10, 2017

როცა მელექსება

როცა მელექსება ვლექსობ,
როცა მემღერება ვმღერი,
როგორც მეცხოვრება ვცხოვრობ,
შრომით, ცოდნითა და რწმენით...

დრო კი უფრო ჩქარა გარბის,
თან მიაქვს ცხოვრება ჩემი,
დამსხვრეულ ოცნებებს შერჩა
იმედგაცრუების ცრემლი.

გულს კვლავ ძველებურად უნდა
რომ ვერ მოგვერიოს მტერი,
ნიჭით ფასდებოდეს კაცი,
ბედნიერი იყოს ერი.

მაგრამ ის დრო დადგა ახლა,
უსამართლობა, რომ მღერის,
როცა უზნეობა ცდილობს
ღირსებას გამოსჭრას ყელი.

პატიოსნებაზე მეტად
ახლა მლიქვნელობა ფასობს,
რატომღაც სიმართლე „ტეხავს“
და გულებს სიცრუე ათბობს...

რადგან მოაზროვნე სძულთ და
არავინ გიფასებს ნაშრომს...
რადგან ფულის შოვნის გარდა
სხვა აღარაფერი ახსოვთ.

მე ქედს ვერ მოვუხრი ბოროტს,
ის კი სიჯიუტით დამგმობს,
ვერ შევეგუები ღალატს
და ვერც მლიქვნელების ამბორს.

როცა მელექსება ლექსს ვწერ
და ჩემს გულისტკივილს ვამბობ,
ესეც ბრძოლაა და ვიბრძვი,
სიკეთის ნერგი რომ დავრგო.

ქემო ქავთარი

Friday, June 9, 2017

ლომისობა


ალევის ქედზე დგას ამაყად ძველი ტაძარი,
ნაგები ქვით და წინაპართა რწმენა-შრომითა,
არაგვისა და ქსნის ხეობებს თავს წამომდგარი,
საუკუნეთა საბურველში ზეობს ლომისა.

მთას შესევია ორივ მხრიდან მლოცველთა ჯარი,
გზადაგზა ფანდურს აჩხაკუნებს მთიული ბიჭი,
სიმღერით გეტყვის გფარავდესო ლომისის მადლი,
წყალობა მოგცეს, დაგლოცოსო წმინდა გიორგიმ.

კოცონს ანთებენ, კარვებს შლიან ღამისმთევლები,
ხატში მოსულებს დეკანოზი დაამწყალობნებს,
სანთელს აანთებს, საკლავს დაკლავს, ქადას გასერავს,
ყველას უსურვებს, რომ ლომისა მუდამ სწყალობდეს.

სუფრას გაშლიან მდელოზე და მიუსხდებიან,
ქვაბებში ხორცი იხარშება, ყანწებს ავსებენ,
დიდი ლომისის სადიდებელს პირველს იტყვიან,
პურს გატეხენ და ჯამებიდან ხორც-წვენს დახვრეპენ.

თეთრი თმა-წვერით დაბერებულ მოხუც დეკანოზს
სანთლების კონა აუნთია და პირჯვარს იწერს,
„ღმერთო, გაუმარჯვე გამარჯვებულს ..“ ომახით ამბობს,
 მთიულთ  დალოცვას  დაიწყებს და აყოლებს რითმებს.

უსმენს მლოცველი და დროდადრო გუგუნებს: ამინ!..
სიტყვების ძალას სისხლში გრძნობენ ლომისის ყმები,
მთლად ვერ ჩასდიეს, მაგრამ სიღრმეს ჩახედეს წამით,
აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხო სტუმრები.

აინტერესებთ ისტორია ამ ეკლესიის
და ამიტომაც მასპინძელი ჰყვება ლეგენდას,
თურმე მთიულეთს შემოჭრილა ჯალალ-ედ-დინი,
შვიდი ათასი არაგველი ტყვედ გაურეკავთ.

გაუტაციათ მგზოვნის წმინდა გიორგის ხატი,
ამ ხატს შეუკრავს ხორასნელთა მხარე ერთთავად,
გაბერწებულა ყველაფერი მისი მიზეზით,
დაღუპვის პირას მისულაო მთელი ქვეყანა.

მიხვდნენ, რა იყო სათავე ამ უბედურების,
უმალ ჩააგდეს საკირეში, რათა დაეწვათ,
მაგრამ უვნებლად ამოფრინდა და ამის გამო
იკადრეს ხატი ხალხთან ერთად უკან გაეშვათ.

იქვე მოვლენილ ლომა ხარის რქებზე დაბრძანდა
და არ დაიძრა სანამ ყველა ტყვე არ იახლა...
გაუძღვა ლომა, რქებზე ხატით, დახსნილ ქართველებს,
ასე იარა, სანამ მლეთის მთას არ მიადგა.

გზადაგზა, სადაც შეისვენა, ნიში აუგეს,
აქ კი ტაძარი აუშენეს, სადაც დამკვიდრდა.
ლომისის წმინდა გიორგია ხატის სახელი
და აქ აღმართულ ეკლესიას ჰქვია ლომისა.

ბერები ტაძრის შესასვლელთან ზარებს რეკავენ,
საკურთხეველში წირვა-ლოცვას აღავლენს მღვდელი,
ვიწრო დარბაზი სავსეა და ყველას ვერ იტევს,
სამხრეთის კართან რიგს იკავებს მოსული მრევლი.

წირვა დასრულდა, ქადაგებას იწყებს მოძღვარი,
გმობს მსხვერლთშეწირვას, არ არისო ქრისტიანული,
ღმერთს არ სჭირდება აქ დაღვრილი სისხლი არაფრად,
მთავარი სულის საზრდოა და არა სხეულის.

აქ სალოცავად მოვდივართ, თუ საქეიფოდო?..
ვიღაცა ძალზე აღშფოთდება და განიკითხავს...
მოგვიანებით მიიწვევენ მასაც სუფრასთან,
ღვინოს დალევს და იმ ზვარაკი ცხვრის ხორცს გასინჯავს.

სამრეკლოს კედლებს ეფერება ჩია მოხუცი,
ჩამოშლილ ბურჯებს გააყოლებს ცრემლიან მზერას,
აკლდამის კართან ისტორიის სუნთქვას შეიგრძნობს,
და მეცნიერულ ვარაუდებს გაუმხელს ყველას.

ქრისტემდეც მდგარა აქ ტაძარი, ხარის კულტს თურმე
უხსოვარ დროში თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედნი,
მშრომელ-მებრძოლი, მონადირე კერპი ლომისა
მთვარის ღვთაებას შერწყმიაო მოგვიანებით.

მითოსით იგი ღვთისშვილია და დევებს ებრძვის,
უძლიერესი ხატი არის მთიულეთისა...
გაქრისტიანდა მთა და მაშინ როგორც სხვა ბევრი
ლომისის კულტიც ქრისტეს მხედარს დაუკავშირდა.

სამასსამოცდასამი არის წმინდა გიორგი,
თითოეული კი მის წმინდა ნაწილს აღნიშნავს...
გამორჩეულად ძლიერი და მუდამ მებრძოლი,
მთავარმოწამის მკლავი არის თურმე ლომისა.

ესიამოვნა ყურადღება  ახალგაზრდების,
მოხუცი რიგში ჩასადგომად დინჯად დაიძრა,
რათა ეახლოს სანთლით ხელში წმინდა გიორგის,
ლომისის ჯაჭვი კიდევ ერთხელ ქედზე დაიდგას.

ბილიკებს ისევ მოუყვება ხალხი ქვემოდან.
ღმერთმა გამრავლოთ, მომლოცველნო, მართლა ბევრნი ხართ!..
რწმენით მოდიხართ თქვენ სრულიად საქართველოდან,
ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ დიდი ლომისა!..

ქემო ქავთარი
--------------------

Wednesday, May 17, 2017

სასაფლაოზე


მთვარიან ღამეს, სასაფლაოზე
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს
და ორი სოფლის გზაგასაყარზე
საფლავის ქვები ჯიუტად დუმდნენ.

მსუბუქ ნაბიჯებს მოსდევდა გზაზე
დაბლა გაშლილი ფოთლის შრაშუნი,
სატრფოს საფლავზე აწყობდა ვარდებს
თვალცრემლიანი, კოხტა ასული.

შავ მარმარილოს გადაჰფენოდა
ყმაწვილი კაცის სათნო ღიმილი,
ტანზე სამხედრო ფორმა შვენოდა,
თვალებს კი მზერა შევარდენივით.

თითქოს ამბობდა, ჩემი სიცოცხლე
მსხვერპლად შევწირე მე ჩემს სამშობლოს,
ისევ ვიბრძოლებ და თავს გავწირავ,
ღმერთმა ხელახლა რომ გამაცოცხლოს.

ისევ ტიროდა ლამაზი ქალი,
ჩუმი ჩურჩულით ცრემლებს ებრძოდა...
შენთვის ვიყავი დაბადებული,
გაცნობის დღიდან ასე მეგონა,

მაგრამ წახვედი, მტერთან ბრძოლაში
თავი გასწირე, გმირად იქეცი...
მე კი დავრჩი და სიკვდილსა ვნატრობ,
ჯვარდაუწერელ ქვრივად ვიქეცი.

მინდა, იმ ქვეყნად მოვიდე შენთან,
მაგრამ სიკვდილი ჯიბრზე არ მოდის...
ამდენმა გლოვამ სულმთლად გამთელა,
ასე ცხოვრება აღარ გამომდის.

დღეს ხელი მთხოვეს... იცი, ვუყვარვარ...
მეც მომწონს, ოღონდ შენსავით არა...
დავთანხმდე?.. მაშინ, იქაც დაგკარგავ...
როგორ მოვიქცე? მირჩიე, რა ვქნა!..

მთვარეს ღრუბელი ჩამოეფარა,
ხმელმა ფოთლებმა შრიალს უმატეს.
მებრძოლის სახე ჩრდილმა დაფარა,
ქარი ამბობდა ახლა მის სათქმელს...

ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი,
მე ჩემი გული მოგეცი ბინად...
ახლაც მიყვარხარ, თუმცა სხვაგვარად,
როგორც ქათქათა ღრუბელი ნიავს.

წადი, ძვირფასო!.. წადი, დათანხმდი!..
ქვეყნის წინაშე შენცა გაქვს ვალი.
გაბედნიერდი და უფლის ნებით,
გამოუზარდე ერს მომავალი!..

წადი, ძვირფასო!.. აქ ნუღარ მოხვალ!
აქ საუკუნოდ მეფობს წარსული...
ცრემლი შეიშრე, გეყოფა გლოვა!
ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული.

აქ, ორი სოფლის გზაგასაყარზე,
სამარეები ჯიუტად დუმდნენ,
მთვარე ვარსკვლავებს მწყემსავდა ცაზე,
ურჩი ნიავი ეტრფოდა ღრუბელს...

მებრძოლი ბიჭის ქორული მზერა
საფლავის ქვას კვლავ შემორჩენოდა,
აცრემლებული კოხტა ასული
მკვდარ შეყვარებულს სთხოვდა შენდობას.


ქემო ქავთარი
-------------------

Sunday, May 14, 2017

ერთი წუთით...



„ ერთი წუთით, ქალიშვილო,
მჩქეფარე გაზაფხულო!..
დიახ, დიახ... თქვენ მოგმართავთ,
მშვენიერო ასულო!..

თუ მიკადრებთ, იქნებ ცოტა
ყურადღება დამითმოთ?..
წინააღმდეგი ხომ არ ხართ,
ერთმანეთი გავიცნოთ?..

აქვე ახლოს კაფეა და...
გნებავთ, ყავა დავლიოთ?
გეჩქარებათ?.. მაშინ იქნებ
სახლამდე მიგაცილოთ?..

არა, როგორ გეკადრებათ,
მე სულაც არ ვწუხდები...
ერთი წუთით დამელოდეთ,
ახლავე დავბრუნდები!..

ეს ვარდები თქვენ მოგართვით,
მოგწონთ?.. ხომ ლამაზია?
მინდა გითხრათ, რომ ჩემს გულში
ტრფობის ცეცხლი ანთია...“

ასე მინდა, რომ ყოველდღე
სიყვარული აგიხსნა,
შეგხვდე, თავიდან გაგიცნო,
მერე გულში ჩაგიკრა,

ერთად ყოფნის ყოველი დღე
სიხარულით აგივსო...
დღეს თუ უკვე შემიყვარე,
ხვალ თავიდან დავიწყოთ!..

დამიჯერე, უფლის ნებით,
ყველა ნატვრა ახდება...
წლები გადის და სიყვარულს
წვეთიც კი არ აკლდება.


ქემო ქავთარი
--------------------

Friday, May 12, 2017

მე ქართველი ვარ


მე ქართველი ვარ, ამ ძარღვებში ქართული სისხლი
საუკუნეთა წიაღიდან მოედინება.
მრავალჭირვარამგამოვლილი, უხვად დაღვრილი,
ისევ ატარებს ჩემი ერის ნაკლს და ღირსებას.

მე ქართველი ვარ და ეს სისხლი ყოველდღე მტკივა,
რადგან ღამეა ქვეყანაში, რით ვერ გათენდა?..
ისევ კორტნიან ყვავ-ყორნები მშობლიურ მიწას.
რით ვერ ეღირსა დაჭრილ არწივს ცაში აფრენა?..

ისევ ღამეა, ისევ გვძინავს, ძილში ვიხრჩობით...
ეს რა ჭირი გვჭირს? ვინ დაგვწყევლა? რა გვემართება?
ცრუ დაპირებებს ბრმად ვიჯერებთ, ისევ ვენდობით
და ვერ ვისწავლეთ  ცუდისაგან კარგის გარჩევა.

ქვეყნის სიყვარულს ვინ გვასწავლის?!. გულზე მჯიღს ვიცემთ,
როცა შევთვრებით, გვახსენდება ერისშვილობა,
ლექსებს მივუძღვნით საქართველოს შეწირულ გმირებს
და ჩვენც ყანწების გამოცლაში ვიჩენთ გმირობას.

ერის ერთობა და სიმტკიცე თავს მაშინ იჩენს,
ნიაღვარი რომ მოვარდება და  მთლად წაგვლეკავს,
მანამდე ქვეყნის ინტერესებს ფარად მოვირგებთ
და დიდი ფულის საშოვნელად ტყეებს გავჩეხავთ.

დილეტანტიზმი გაიფურჩქნა, ყველა ბრძენკაცობს,
ვისაც კი ანდეს ხელმძღვანელი თანამდებობა.
მის სიბრძნესა და შემართებას თუ ვინმე არ სცნობს,
ჩამოიშორებს და მიუსჯის უმუშევრობას.

ვამბობთ, ქვეყანას ვაშენებთო, არადა ვანგრევთ...
თითოკაცობის მძიმე სენი რატომ დაგვჩემდა?
პურს მენახირეს ვაცხობინებთ, მეპურეს ვაგდებთ...
რად გვსიამოვნებს ერთმანეთის ფეხქვეშ გათელვა?

მგელი ცხვრის ტყავში გახვეულა, სამართალს არჩევს...
გადედლებული მამაკაცი  მორალს გვიკითხავს...
ქუჩაში მღვდელი ტაბურეტკით აქციას არბევს...
მერე კი გვიკვირს, ამ ქვეყნიდან რატომ მიდიან?!.

მე სისხლი მტკივა, რადგან ვხედავ მძლავრობს მამონა,
ყალბი სიკეთის  შირმის უკან დგას ანგარება,
რადგან სამართალს ასამარებს უსამართლობა,
რადგან ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართება!..


ქემო ქავთარი
----------------------

Thursday, April 6, 2017

პითაგორა (მეგობრული შარჟი)


ბავშვობაში, მაგ შენს თავში
გადაბრუნდა შარიკი
და გაგიჩნდა სიყვარული
უცებ მათემატიკის...

და იმ დღიდან დაიღუპე,
სულ წახვედი ხელიდან,
„სკანავსა“ და „თოფურიას“
არ იშორებ გვერდიდან.

ჭიათურის სიამაყე
მაღლივ კორპუსს ეწვიე,
გიჟი გიჟებთან მიხვედი,
სხვა ბედს ვერსად ეწიე.

მაშ, „მეხმატის“ ფაკულტეტზე
რად ეძიე ადგილი,
იდეალად თუ არ გყავდა
ვაჟა დავითაშვილი?!.

მეტისმეტმა სწავლამ, ძმაო,
აგირია გონება,
ღვინის სმა დარდმა გასწავლა,
სიგარეტის ბოლებაც...

ლექტორების მაგალითზე
თუკი გინდა იცხოვრო,
ჭოღოშვილზე უკეთესი
სხვა ვინ გინდა იპოვო?..

ნეტა ვინ ხარ?.. რა ტიპი ხარ?..
რა აზრის და რა ნიჭის?..
პითაგორად წოდებულო,
ინჩქიტიძე დავითი!..

სხვის შმოტკებში გაზმანულო,
ეგ პრიჩოსკაც გიხდება...
ვერის ბაღში პაემანი,
ნაშებთან თუ ლოთებთან?..

ძმაკაცებიც ისეთი გყავს,
რომ ვინ გინდა ინატრო?..
გიჟი მენო და აკოფა,
ასტრონომა მიხაკო,

მეხანიკი ალიკია
და სულელი ბორია,
მუმუკა, თუ პროფესორა...
რამოდენა დონეა?..

პითაგორა, პითაგორა,
აფსუს, რა სახელს არცხვენ?..
რას იზამდა ის საწყალი,
ახლა შენ რომ გხედავდეს?..

სირცხვილისგან, დარდისაგან
ძალზე შეწუხდებოდა
და საფლავში ერთი ცხრაჯერ,
ქე გადაბრუნდებოდა...

-------------------
ქემო ქავთარი

Thursday, February 16, 2017

ოლიკო



კვლავ მენატრება შენი ტიტინი,
ჩემო პატარა შვილო, ოლიკო...
გესაუბრები ხოლმე ფიქრებით
ისე, თითქოს შენც ჩემხელა იყო.

ჩემგან შორს მყოფი, მოცილებული,
ათასში ერთხელ ხედავ მამიკოს...
ასე აგვეწყო ცხოვრება, რა ვქნათ?..
უნდა მიმიხვდე, უნდა გამიგო!..

დავყურებ სურათს და მენატრები,
შენ მენატრები მე, სხვა არავინ...
მე მალე მოვალ, შვილო, მელოდე!..
შენ მელოდები მანდ, სხვა არავინ.

ოი, რამდენი თეთრი ღამე და
რამდენი სევდა, დარდი, ვარამი...
მე უშენობას, შენ უჩემობას,
ტანჯვას გვიქარგავს ბედი ქარაგმით.

პატარა ხარ და მაინც დიდი ხარ,
ეს ჩემი გული სავსეა შენით,
შენი პაწაწა ხელების სითბო
სიხარულია უთქმელი ენით.

გულს ნუ გაიტეხ, შვილო, იცოდე...
იმედით იყავ, იცხოვრე რწმენით,
შენი მამიკო შენით ხარობს და
თუ სევდიანობს ისევე შენით.

------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, January 4, 2017

ირემს მიგიგავს...


ირემს მიგიგავს სიტურფე და მშვენიერება,
ძლიერ გიხდება ირემივით ყელმოღერება,
კეთილშობილი, ლამაზი და ისე ლაღი ხარ,
თავისუფლების ტრფობით მთვრალი ცალად დადიხარ...

როგორ გამშვენებს ალაგ-ალაგ კოხტა ხალები
და ირემივით ნაღვლიანი რომ გაქვს თვალები...
ნუ დაღონდები, გაიღიმე, ასე ჯობია,
შენ რომ იცინი, მზე ანათებს ასე მგონია...

ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
სიყვარულისთვის შექმნილი ხარ, ასე თავნება...
მრავალი კაცი თავს გევლება, უკან დაგყვება,
როგორც ფარვანა, სანთლის ალს რომ ეტრფიალება.

დიდი, პატარა, შენი ტოლი, ყველა თან დაგდევს.
ნეტა ვიცოდე, რა აშტერებს მოხუცებს, ღლაპებს...
ასე, ყოველდღე, არ გაკლებენ საჩუქრებს, ვარდებს
და მომავალში გპირდებიან ედემის ბაღებს.

ყველა მოდის და შენი გულის დაპყრობას ცდილობს,
ზოგი ხელსა გთხოვს, ზოგიც გიწვევს სასიყვარულოდ,
ზოგი ქონებით თავს გაწონებს, ზოგი - ზრდილობით,
ზოგიც მუდმივი ყურადღებით, გვარიშვილობით...

მე არ ვყიდულობ შენთვის ვარდებს, არც სხვა საჩუქრებს.
გახსოვს ოდესღაც, მხოლოდ ერთი ტიტა გაჩუქე?
რა ვქნა, არ მყოფნის არც ქონება და არც ზრდილობა...
დაპირებებსაც უნდა თავის მიხვედრილობა.

არ მითხოვია, არა, შენთვის გული... არც ხელი...
მე მოვედი და მხოლოდ ჩემი გული გაჩუქე.
ჩემი გრძნობები ნიავს მოაქვს შენთან სიმღერით,
ჩემი ჩურუჩული და ალერსი ხომ არ გაწუხებს?..

მე არ დაგეძებ შენ ქუჩაში, ტყეში დავდივარ...
შენ ხარ პატარა ფურირემი დიდი ზღაპრიდან,
დაჭრილ ხარირემს სიყვარულის წყარო მწყურია
შენა ხარ ჩემი წყაროს თვალი საამურია...

ლაღო, ლამაზო, ხალიანო, ირმისთვალება,
შენი ალერსი უსაშველოდ მომენატრება.
პირველი კოცნის მოგონება ტუჩზე ამყვება,
როგორც პეპლების უნაზესი შეფარფატება.

---------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, January 3, 2017

მეგობრის ხსოვნას



ჩემი ფიქრები ზეცას ერევა
და სამყაროში ეულად დაჰქრის...
მიკვირს, ძალა რომ ჯერ არ მელევა
უბედურებით ესოდენ დაღლილს...

ყოველი ღამე თეთრად თენდება
და სასთუმალთან ვხედავ შენს აჩრდილს,
გონება უხმოდ გესაუბრება,
იგონებს ნანახს და მწარედ განცდილს...

რა უდროო დროს გიმუხთლა ბედმა,
გაუმაძღარო სიტკბო-სიცოცხლით...
რომ ვერ გიშველე?.. რა უძლური ვარ...
ეს უმწეობა გულ-ღვიძლს მიკორტნის...

რად დამიქვრივე, ბიჭო, დაიკო?..
ახლა იმის დარდს, ვარამს ვინ მოსთვლის?
გული მოქუფრულ ზეცას უმსგავსე...
ცა ვერ გადიყრის ღრუბელს სიოთი.

სიყვარულსა და ძვირფას ოჯახში
სიკვდილი გახარებას არ აცდის
და უბედური ტანჯულ სიყვარულს,
მაგ შენს საფლავზე ცრემლებად დაღვრის...

შვილები მაინც არ შეგებრალა?..
ნეტავი, შეგახედა ამათთვის...
რა მწარე არის მშობლის სიკვდილი,
შენ მაინც გესმის, შენ ობლად გაზრდილს.

საით წახვედი, აღარ ბრუნდები...
შენს საფლავს ისევ ათოვს და აწვიმს,
რას ეუბნები შენს მშობელ მამას,
ან და-ძმას გულს რომ უსერავ დარდით?

ისევ იმ დღეებს, ისევ ვიხსენებ...
შენი თვალები, თვალები მახსოვს...
მე მევედრება, მე შემომყურებს,
რაღაცა უნდა, რაღაცასა მთხოვს...

შენი თვალების ჩუმი მუდარა
სულ თან დამყვება... რას მთხოვდი მაშინ?..
მე ჩამაბარე შენი შვილები,
ღმერთმა გაცხონოს იმ ქვეყნად, ამინ!..

---------------------
ქემო ქავთარი