Monday, October 31, 2016

ძნელია, როცა...



ძნელია, როცა ხელსა ჰკრავ სიხარულს,
როცა გიყვარს და არ გინდა გიყვარდეს,
როცა შენ ებრძვი, შენს სათუთ სიყვარულს,
გინდა მოკლა და თვითონვე დაობლდე...

მე შენს უძირო, თაფლჩაღვრილ თვალებში,
დიდხანს ვეძებდი კითხვებზე პასუხებს.
გულის სიღრმეში მიმალულ განცდებში,
ტრფობის ტკივილი შენც ხომ არ გაწუხებს?

სულში ჩაგხედე, თაფლის სარკეებით,
ჩემს თავს ვეძებდი შენს ოცნებებში,
ვნახე, მხატავდი ძმური მოფერებით,
ვნებაგამოცლილ უმწიკვლო ფერებში.

ნატვრა მომიკვდა, ჩემი სიყვარული
გულში დავმარხე, მიწა მივაყარე...
ვეღარ  გავძელი, წავედი ტანჯული,
შენი თვალების იქით დავიმალე.

თუკი ებრძვი და ამარცხებ სიყვარულს,
მზად ხარ, მოკლა და თვითონვე დაობლდე,
მაშინ ამაოდ დაეძებ სიხარულს,
ტკივილი გტანჯავს და ცხოვრება გაოცებს...

-------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 30, 2016

ასე უცნაურად...


ასე უცნაურად, რატომ მიყურებ?
ნუთუ, გეშინია ჩემი?..
შენი სილამაზის მოტრფიალე ვარ,
ეს გული სნეულია შენით...

მე შენთვის მინდა,
რაც ამ ქვეყნად სიკეთე ხარობს.
შენთვის ვმღერივარ,
შენთვისა ვწერ
ამ სიმღერებს, პატარა ქალო!..

თვალებში თაფლი
და შავ თმებზე ბნელი ღამე,
გაღიმება გარიჟრაჟივით...
ვარდის სურნელი
თავბრუს მახვევს და მიზიდავს
ჯადოსნური ანდამატივით.

ასე უცნაურად, რატომ მიყურებ?
ნუთუ, სულ არ გესმის ჩემი?..
შენი სილამაზის მოტრფიალე ვარ,
ეს გული სნეულია შენით...

-----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 29, 2016

შენს ქუჩაზე...


შენს ქუჩაზე ყველა მიცნობს, ალბათ,
შენს კვალდაკვალ იმდენს დავდივარ,
სადაც გინდა გადამაგდოს ქარმა,
მაინც შენს ქუჩაზე მოვდივარ.

ცეცხლს მიკიდებს ორი გიშრის თვალი,
დღე და ღამე შენთან ყოფნა მწადს...
უკან დაგდევ, სიყვარულით მთვრალი,
ყოველ ღამე სიზმრად გჩუქნი ზღვას.

ასე წმინდა, სპეტაკი და ნაზი,
ასე კარგი, რად ხარ, გოგოვ, რად?..
ასე ჯერ არ მყვარებია არვინ,
ვერ გივიწყებ ვერანაირად.

თუ მომისმენ, გავბედავ და გეტყვი,
ჩემი დიდი მონატრება ხარ...
თუ მიკადრებ, მე ვიცოცხლებ შენთვის,
გულს გაჩუქებ, შემოგწირავ თავს.

შენს ქუჩაზე, ხვალ თუ ისევ შევხვდით,
გიშრის მზერას გავუსწორებ თვალს,
გეტყვი ჩემი სიყვარულის ამბავს,
ჩემსავით ვერ ეყვარები სხვას!..

---------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 28, 2016

მენატრები


მენატრები ისევ,
ისევ, ისევ...
გელოდები ისევ ისე,
უნებურად გეძებ ისევ...
გაფრენილან წლები,
დარჩა მხოლოდ მოგონება,
ის ლამაზი დღენი
ისევ ტკბილად მაგონდება,
მაგონდება...

მაგ უძირო თვალებს,
ლამაზ თვალებს,
აბა, ვინ არ შეიყვარებს,
ანგელოზო გენაცვალე...
მახსოვს შენი სითბო,
მაგ ტუჩების სველი სიტკბო...
ახ, ნეტავი იმ დროს,
მაგრამ დრო თავისას ითხოვს,
ითხოვს...

ვარსკვალავიან ღამეს
სიყვარულით დავიღალეთ,
თავზე დაგვნათოდა მთვარე,
გვწვავდა ვნების ოკეანე,
ჩემს ხელებში თრთოდა,
ეგ შენი ლამაზი მკერდი,
უნაზესი გრძნობით
ზღვაში ცურავს თეთრი გედი,
თეთრი გედი...

---------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 27, 2016

შენზე ვფიქრობ...


შენზე ვფიქრობ დღე და ღამე,
ამ ფიქრებში არა მძინავს...
უთქმელობით ვიტანჯები,
უშენოდ  უბედური ვარ.

გულისნადებს ვერ ვამჟღავნებ,
მეშინია, ვერსად ვამბობ...
ჩემს სიყვარულს ისე ვმალავ,
სხვას კი არა, შენც ვერ განდობ.

ლექსებს გიწერ და  გიმღერი,
რითმებს ჩემებურად ვაწყობ,
შენ კი ვერაფერს ვერ ხვდები,
უთქმელად ვგლოვობ და ვდარდობ.

შორსა ვარ, თუ ახლოს შენგან,
სიგიჟემდე მენატრები...
მინდა დაგიკოცნო სახე
და ეგ ლამაზი თვალები.

მინდა ისე ჩაგეხუტო,
ჩემმა გულმა თვითონ გითხრას,
რომ ავად ვარ სიყვარულით,
მეყვარები დიდხანს, დიდხანს!..

--------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, October 26, 2016

ჩემი ოცნების გოგონა ხარ...


ჩემი ოცნების
გოგონა ხარ,
გულით გატარებ.

სადმე შეგხვდები
პაემანზე,
ვნებით აგავსებ.

მოგეფერები,
დაგიკოცნი
ლამაზ დალალებს...

ბავშვები გიყვარს?
მე გაჩუქებ
სათუთ პატარებს!

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, October 25, 2016

ღამეა მშვიდი...


ღამეა მშვიდი და სევდიანი,
სიჩუმე მეფობს, ბატონობს ირგვლივ,
ჩუმად ბუზღუნებს რატომღაც ქარი,
არაგვის წყნარი დუდუნიც ისმის...

თოვლს დაუფარავს ზვიადი მთები,
ცას შესევია ვარსკვლავთა ჯარი,
მთვარე მძინარე სოფელს დაჰნათის,
ღამეა მშვიდი, ლამაზი, წყნარი...

და ამ ღამეში ვეძებ სიმშვიდეს,
დავეხეტები სულაწეწილი,
ოი, ღმერთმანი, მშურს მე ამ ღამის,
სევდიანია და მაინც მშვიდი.

მთვარეს შევჩივლებ მე ჩემს გასაჭირს,
ვარსკვლავებს ვეტყვი, რა ლამაზი ხარ...
არაგვს გავანდობ გულის ტკივილებს,
რომ არც კი მისმენ, ისე გარბიხარ.

მე უშენობა მაფორიაქებს,
მაწამებს შენი თვალების ცეცხლი,
ისე მიზიდავ, რომ ვერ გცილდები,
ფარვანასავით ცეცხლის ალს ვეტრფი.

მე შენს სიყვარულს გამოვეკიდე,
სულ რომ გამირბის და მაინც მოვდევ...
ყოველი ღამე თეთრად თენდება,
შენზე ფიქრების ტყვედ უნდა მოვკვდე.

ღამეა მშვიდი და სევდიანი,
მთელ სოფელს სძინავს, მაგრამ მე არა...
მე ვისაც ძილი ასე მიყვარდა,
შენზე ფიქრებში, არ მძინავს, არა...

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 24, 2016

წითელი ვარდები


წითელი ვარდები გიყვარდა,
მე კი არ მომქონდა შენთვის...
არ ვიცი, გწყინდა თუ არა,
ალბათ, მაპატიებს ღმერთი.

შენთვის სხვას მოჰქონდა ვარდები,
წითელი ვარდები, კარგო...
არ ვიცი, გიყვარდა, თუ არა,
მას კი არ უყვარდი ამ დროს.

მე შენგან მოკლული გული მაქვს,
შენ კი კვლავ მარიდებ თვალებს...
ალბათ, მას დარჩები, ძვირფასო,
ვინც შენთვის მეტ ვარდებს დაკრეფს.

რად გინდა ასეთი ვარდები,
მებაღის ტრფობას თუ არ გრძნობს?..
ფუჭია ვარდის სილამაზე,
თუ სიყვარული არ ათბობს!..

წითელი ვარდები გიყვარდა,
მე კი არ მომქონდა შენთვის...
არ ვიცი, გწყინდა თუ არა,
ალბათ მაპატიებს ღმერთი...

----------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 23, 2016

უშენობას ვეღარ ვუძლებ...


უშენობას ვეღარ ვუძლებ,
გოგოვ, გოგოვ შავთვალებავ!..
ახ, ნეტავი არ მენახე,
სულ დამღუპა მაგ თვალებმა...

სად გეძებო, სად გიპოვო?..
მოვიარე მთლად ქვეყანა...
მზე და მთვარე შევაწუხე,
ვარსკვლავთ ვერსად გპოვეს, განა...

ნუთუ მართლა მომეჩვენე, სიზმარი ხარ,
ანდა ზღაპრის კოხტა მზეთუნახავი?..
დღე და ღამე, გოგოვ, მე შენს ძებნაში ვარ,
დღე და ღამე მაგ თვალების დევნაში...

შენზე ფიქრით, შენზე დარდით, სიმღერებით...
ხეტიალში ღამეები მითენებია.
დამენახე მაინც სადმე, რად მაწვალებ?..
ასე ძლიერ ჯერ არავინ მომნატრებია.

----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 22, 2016

გარეთ წვიმს და ქარია...



გარეთ წვიმს და ქარია,
მენატრები ძალიან,
სევდამ ხელი დამრია,
ჩემს გულშიც ავდარია,
მაგ თვალების ბრალია...

ჩემი გულის დარდი ხარ,
შენს კვალდაკვალ დავდივარ,
უშენოდ არ ვვარგივარ,
თუ შენს გულში არ ვზივარ,
ცხოვრებას რა აზრი აქვს?..

ეგ თვალები, გიშრისფერი,
მე რად მიკლავს გულს?..
სევდიან სითბოს რომ მმატებს,
რად მიწეწავს სულს?
ნუთუ მართლა შემიყვარდი,
გოგოვ, ლამაზო,
ჩემი გულის მარგალიტო,
ლალო, ალმასო...

ვერ გიბედავ, რომ ეს გული
გადაგიშალო,
მერე რა ვქნა შენი ნახვა
რომ დამიშალო,
რომ გამწირო, გამიმეტო,
რომ არ მიკადრო,
აღარ გნახავ. უნდა სადმე
გადავიკარგო...

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 21, 2016

ღვინის სმა და სიმღერა


არც არაფერს ვაშავებ და არც ბევრ რამეს ვაკეთებ...
მიყვარს, ვეტრფი და შევხარი, ვადიდებ და ვაღმერთებ
ძმაკაცებთან ღვინის სმას და ქუჩა-ქუჩა ხეტიალს,
უძილო მთვარის ხილვას და სიმღერის თქმას ეშხიანს...

რა ვუყოთ, რომ ასეთი ვარ?.. ბევრი თუ ვერ გამიგებს,
ნუ მიწყენთ და ნუ დამძრახავთ, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებთ...
გამომთვრალი დარდი დამაქვს უბან-უბან  ამ გულით,
დავლევ და მსურს ძაღლ ცხოვრებას ვუთავაზო პანღური...

ღვინო დარდებს გამიქარვებს, სიმღერა ხალისს მომგვრის
და ნაღვლიან ამ ჩემს გულზე ია-ვარდი ამოდის,
მაგრამ მხოლოდ იქა ვმღერი, სადაც ჩემი სიმღერა
ესმით და უცხო არ არის, ჩემი გიტარის სჯერათ...

გულის გაშლა მომინდება, სიმღერა, აცეკვება
და თუ ადრე სევდა მკლავდა, სულმთლად დამავიწყდება...
თქვენც, თუ ვინმე შეგაწუხათ ბევრმა დარდმა, ფიქრებმა...
უებარი წამალია ღვინის სმა და სიმღერა!

---------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 20, 2016

ანგელოზო


სიზმრად გნახე, გენაცვალე,
თეთრი კაბა გემოსა,
თმაში თეთრი ყვავილებით,
ჰგავდი შენ ანგელოზსა...

ანგელოზო, ჩემო კარგო,
სად გეძებე, სად არა...
გეძებე და ვერსად გპოვე,
შენზე ფიქრმა დამღალა.

სად გეძებე, სად არა...
დარდმა ცრემლად დამღვარა,
მე შენმა სიყვარულმა
ცხრა მთა გადამატარა.

დავდიოდი, დაგეძებდი,
მაგრამ ვერსად გიპოვე.
მე შენი სანატრელი ხმა
ვერსად ვერ გავიგონე...

თურმე გვერდითა მყავდი და
მე კიდე სხვას ვეძებდი,
მე შენზე შეყვარებული
სხვა სიყვარულს ვეძებდი.

ვერ ვიპოვე, ვერა, ვერა,
შენისთანა მე ვერსად...
ბედნიერი მინდა იყო,
ჩემთვის და ჩემთან ერთად!

--------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, October 19, 2016

მაგ თვალებში...


მაგ თვალებში თაფლი გიდგას
და მკერდში კი მფრთხალი გული.
ჩემი რატომ გეშინია?..
ვიწვი შენი სიყვარულით!..

რად ჩხუბობდა დედაშენი?..
წუხელ რომ გიბრაზდებოდა,
მესმოდა შენი ტირილი,
გულს ცეცხლი მეკიდებოდა...

აგიკრძალეს ჩემი ნახვა
აღარ მოხვალ, აღარ მნახავ,
ახლა დედა გიზის კართან,
ღამე გიწევს სასთუმალთან...

თუ გახსოვარ ნეტავ ისევ,
იქნებ ისევ მელოდები...
ანდა იქნებ დამივიწყე
და სულაც არ გაგონდები...

ჯერ ხომ ისევ პატარა ხარ,
ჯერ  მეოცნებე ბავშვი ხარ.
ვარდისფერი ოცნებებით,
დაფრინავ, ცაში დაქრიხარ...

ჩუმად, გულში შეინახე,
ჯერ არსად არ გაამხილო,
ჩვენი დიდი სიყვარული,
როგორმე გადავარჩინოთ!..

-----------------------
ქემო ქავთარი







Tuesday, October 18, 2016

ისევ ის დარდი მკლავს...


ისევ ის დარდი მკლავს, ისევ მთვრალი
შენს ძებნას დავიწყებ შუაღამით.
ავიკლებ შენს უბანს ხეტიალით,
გულს სერავს ნაღველი და ვარამი...

დავდივარ, დაგეძებ, გელოდები
და გულში მე სულ შენ გეფერები.
შენს სახელს მაბოდებს დღე და ღამე,
ჩემი ცოდვით კვდება ცაზე მთვარე...

თვალები გიღიმის ეშხიანი...
რად მიღირს მე შენთან პაემანი?
ფიქრებით გამისკდეს ლამის თავი,
უშენოდ არ მძინავს გოგოვ ღამით...

ისევ ის დარდი მკლავს, ისევ მთვრალი
შენს ძებნას დავიწყებ შუაღამით.
ავიკლებ შენს უბანს ხეტიალით,
გულს სერავს ნაღველი და ვარამი.

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 17, 2016

ტატოს


მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

მინდა გავეკიდო მიჯნურის ამბორს...
ჩემს დარდებს და ტკივილს ვერავის ვანდობ,
ლამაზი ვარდები, მინდა, რომ დავრგო
და ჩემი ცხოვრებით ქვეყანას ვარგო...

მტკვარი მოდუდუნებს, რაღაცას ამბობს...
იქნება ჩემსავით ისიც კვლავ ნაღვლობს,
რომ აწმყო ძირმწარე ვარამით გვათრობს,
სინათლეს რომ ისევ სიბნელე აქრობს...

მივდევ შორს, წყვდიადში მომღიმარ მნათობს
და აკივლებული ყორანი მაკრთობს...
ქვეითად მავალი შენს მერანს ვნატრობ,
რომ ვერ მივაღწიო, ბოღმა დამახრჩობს.

მეც უვალ ბილიკებს მივყვები, ტატო,
და ავბედითობას ბედისას ვდარდობ...
ცხოვრებამ ეულად დამტოვა, მარტო,
ბნელიდან ნათელში გასვლას მეც ვნატრობ.

----------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 16, 2016

როცა უფალმა...



როცა უფალმა შექმნა ადამი,
მარტოობისთვის ვერ გაიმეტა.
ამოაცალა მას ნეკნის ძვალი,
რისგანაც ქალის შექმნა ინება...

იმ ნეკნის სახით, თვით ევა იშვა
ადამისაგან, როგორც ნაწილი
და დაიკავა ადამის გვერდით,
კაცობრიობის დედის ადგილი.

ამგვარად მისცა ღმერთმა საწყისი
პირველ სიყვარულს და პირველ ოჯახს...
პირველი ქალი, პირველი დედა
დასაბამს აძლევს ადამის მოდგმას...

მას შემდეგ, ვინც კი დაბადებულა,
ყველა დაკარგულ ნაწილს დაეძებს,
რათა არ დარჩეს მარტო, ეულად
და სიყვარულის გრძნობით შეერთდეს.

დაეძებს სიყვარულის სახელით
კაცი ნეკნს, ხოლო ქალი სანეკნეს,
რათა იპოვოს ნაწილმა მთელი,
კვლავაც ერთსულ და ერთხორცად ექცეს...

მეც დავეძებდი მთელი ცხოვრება
და ვპოულობდი ეშხიან თვალებს,
გულში ტრფობის ცეცხლს რომ ამინთებდა
და არ მაკლებდა ვნებიან ალერსს.

მე ვპოულობდი სითბოს, სიხარულს
დროებით, სანამ ვიყავით ერთად,
მაგრამ სიმშვიდე ჩემი სულისა
ვერ მოვიპოვე მანამდე ვერსად...

სანამ, ღვთის მადლით, შენ არ გიხილე,
უბრალოებით გაბრწყინებული,
ამ წუთისოფლის ხვატს გაქცეული
და სპეტაკ ჩრდილქვეშ შეფარებული...

დასაბამიდან შენ რომ გეძებდი,
მე მაშინ მივხვდი, მაშინ გავიგე,
ქვეცნობიერში რაღაც ამტკივდა
და საუბარი ნეკნზე დავიწყე...

მერე სიკეთით სავსე თვალებში
დავლანდე მთელი ჩემი ცხოვრება,
გადაგიშალე გული და მივხვდი,
რომ მე უშენოდ არ მეცხოვრება...

ნეკნი სანეკნეს თუკი შეხვდება,
ნაკლული როცა ხდება სრულიო,
ამბობენ, სწორედ იქ იბადება
მარადიული სიყვარულიო...

მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
უშენოდ ყოფა ბინდისფერია...
ერთი მთელი ვარ მე შენთან ერთად,
გულში მიზიხარ ათი წელია!..

-------------------------------------
ქემო ქავთარი


Saturday, October 15, 2016

დაბადების დღე



დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!..
თვალები გიბრწყინავს, ღიმილად იღვრები.
დღეს ხომ შენს გარშემო ტრიალებს სამყარო,
ზოგს მართლა უყვარხარ, ზოგს ისევ ჭირდები...

ყველამ მოგილოცა, ვისაც გაახსენდა,
ვისაც არ ახსოვდა და ახლა გაიგო...
ვისაც ფეისბუქმა დროზე შეახსენა,
მილოცვა კედელზე სტატუსად დაგიდო.

ბევრმა დაგირეკა და ტკბილი სიტყვებით,
დიდი მონატრებით, გულთბილად დაგლოცა,
ზოგი გზაში შეგხვდა, ანდა სამსახურში,
გადაგეხვია და ძმურად გადაგკოცნა.

ზოგმა არ გაკადრა მილოცვა შორიდან,
შენთან მოენატრა ყოფნა და მოვიდა...
სითბო მოგიტანა გულით, გაგახარა
და მოგონებები თავს გადაგაყარა.

სუფრასთან, ღვინის სმით შემთვრალა გონება,
განვლილ წლებს აღიქვამ ლამაზ მოგონებად.
იცლება და ისევ ივსება დოქები,
გლოცავენ, გლოცავენ შენი მეგობრები...

დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო!..
სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს გისურვებ!..
დაგლოცოს უფალმა, სწორი გზით გატაროს
და დაგაძლევინოს ცხოვრების სირთულე!

----------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 14, 2016

ხმლის ქნევაში...


ხმლის ქნევაში გადიოდა
საუკუნეები,
მოდიოდა, მოდიოდა,
სისხლის მდინარენი...
იღვრებოდა, იღვრებოდა,
სისხლი ქართული
და მაინც არა დრკებოდა
ერი ტანჯული...
ბევრი ტანჯვა, აოხრება
განგვიცდია ბევრი,
ალბათ, არვის არ ჰყოლია
ჩვენოდენა მტერი...

ყველა ჩვენსკენ მოილტვოდა,
ჩვენს დაპყრობას ცდილობდა,
ურჯულო თუ ჩვენი რჯულის,
არავინ არ გვინდობდა...
თურქ-სელჯუკი, თუნდაც სპარსი,
არაბი, თუ მონღოლი...
და არც ქრისტეს სჯულის ხალხი
არ გვყოლია ერთგული.

საქართველოვ, საქართველოვ,
ბევრის მნახველო,
შენ მრავალგზის დარბეულო,
გაწამებულო,
წმინდა მარიამის მიწავ,
ჩვენო სამშობლოვ,
ქართველისთვის სალოცავად
ქცეულო ხატო,
რამდენ ქართველს შენთვის თავი
შემოუწირავს
და რამდენჯერ სისხლის ცრემლით
ატირებულხარ...

ქართველებო, ქართველებო,
საქართველოს შვილებო,
ქვეყნისთვის თავშეწირულო
ვაჟკაცებო, გმირებო...
ქართველს მართლაც შეუძლია,
სიკვდილს სიმღერით შეხვდეს,
სამშობლოსთვის ილოცოს და
სულით კი არ დაეცეს...

სხვა რომელ ერს შეუძლია
ამის ატანა?..
ამდენ ტანჯვა-ვაებაში
თავის გატანა...
ქართველი ტყვიის წვიმის ქვეშ
ხნავდა, თესავდა,
საჭმელს იარაღასხმული
მშვიდად ვერ ჭამდა,
ყოველ წუთში, ყველა მხრიდან
მტერს მოელოდა,
სამშობლოს თავს ის არავის
არ დაუთმობდა.

თურქ-სელჯუკი, თუნდაც სპარსი,
არაბი, თუ მონღოლი...
ხშირად ქრისტეს სჯულის ხალხიც
არ გვყოლია ერთგული...
ურჯულო თუ რჯულიანი,
არავინ არ გვინდობდა,
ყველა ჩვენსკენ მოილტვოდა,
ჩვენს დაპყრობას ცდილობდა...

--------------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 13, 2016

ცივ ღამეში...



ცივ ღამეში ბორგავს მთვრალი მთვარე,
ვეღარ უძლებს ჩემს ცრემლიან თვალებს,
უშენობა მტანჯავს და მაწამებს,
შენზედ ფიქრებს ვერსად დავემალე.

შენ მოხვედი, როგორც ზვავი თოვლის,
მოიტანე ქარიშხალი გრძნობის,
მაგიჟებდი ვნებიანი კოცნით,
მთელი ღამე ჩემს მკლავებში თრთოდი ...

მაოცებდა შენი სიყვარული,
მე კი ვერ გადაგიშალე გული...
არ გაღირსე სიტყვა საამური
და დამშორდი ჩემგან გულმოკლული.

ასე უცებ წახვედი და გაქრი,
გულში მძიმე იარად კი დამრჩი...
მომეძალა ნაღველი და დარდი,
ძალზე გვიან მივხვდი, რომ მიყვარდი.

---------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, October 12, 2016

სიყვარულს თურმე ძებნა უნდა...


სიყვარულს, თურმე, ძებნა უნდა მთელი ცხოვრება,
გულში ჩაღვრილი ვნების გარდა სულიც ჭირდება...
რაც შენ გიპოვე, მე უშენოდ არ მეცხოვრება
და თუ დაგკარგავ, მთლად სამყარო ამიტირდება!..

-------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, October 11, 2016

უშენოდ სამყარო...



უშენოდ სამყარო სამყარო არ არის,
უშენოდ ცალად და ეულად დავდივარ.
შენ ნუ გეწყინება თუკი გავბრაზდები...
ხომ იცი, ბუზღუნა მთიული დათვი ვარ.

------------------------
ქემო ქავთარი

Monday, October 10, 2016

ქვიშის საათში...


ქვიშის საათში მარცვალ-მარცვალ ცვივა წამები,
ქვიშად ქცეულა ეს სამყარო განაწამები...
თითქოს თან მდევენ, მიღიმიან შენი თვალები
და უკაცრიელ უდაბნოში რეკენ ზარები...

--------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 9, 2016

დარდიანი დარდიმანდი


მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია
და დარდიანი მარტო დავდივარ.

ღვინოში ვახრჩობ დარდსა და ნაღველს,
არ ვარ გულქვა და არ ვარ უგულო,
არ შემიძლია, ფხიზელი თვალით,
ამ წუთისოფელს, როგორ ვუყურო?..

მთელი ცხოვრება ერთი წამია,
გაჭენებული დრო და ჟამია...
ჩემი ცხოვრება დიდი დარდია,
მე დარდიანი დარდიმანდი ვარ!

--------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, October 8, 2016

გაფრენილან წლები...



გაფრენილან წლები, როგორც ფიქრები,
მიმავალნი შორს და არაფრისმთქმელნი...
დახლართული აზრით წვალობს გონება,
დრო კი მიდის, მიდის მიიზმორება.

ბედ-იღბალი იმნაირად ტრიალებს,
ვერც გაიგებ, როგორ გაგატიალებს,
მარტოობა გაგიახლებს იარებს,
ვეღარ იგრძნობ ამ ცხოვრების სიამეს.

ეს ცხოვრება გადაიქცა კოშმარად
და ქვეყანა დაემსგავსა ჯოჯოხეთს,
დარდისაგან თვით ბახუსიც დამთვრალა,
ჩემთან ერთად ქეიფობს და ქოთქოთებს...

ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო,
ეს ცხოვრება, რომ ქეიფში გავლიო,
ღვინის სმით და სევდიანი ღიღინით
გავათენო მივეგებო ალიონს...

--------------------------
ქემო ქავთარი

Friday, October 7, 2016

მთვარის ნათელი არემარეს...


მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

მე ვეღარ ვუცქერ უშფოთველად თეთრ თოვლის ფიფქებს,
ვერც მოწმენდილ ცას, ვერც გაშლილ ზღვას, ვერც ნაძვის გირჩებს...
აზრთა ჭიდილი ჩემს გონებას უფრო ღრმად ითრევს,
ვერვინ მიხვდება, რა სენი მჭირს და ვერას მირჩევს.

ღმერთო, მომეცი ძალა, ჩავწვდე ცხოვრების სიღრმეს!..
სამყაროს არსი და საწყისი შევიცნო იქნებ...
მოწყალე თვალით გადმოხედე ჩემს აზრს და ფიქრებს,
სადაც დუღს გონი უდიდესი, მიმმართე იქეთ!..

მთვარის ნათელი არემარეს მკრთალად ანათებს,
ვარსკვლავთა გუნდი ღამის მნათობს ლაზათსა მატებს...
გონება ებრძვის ამ ცხოვრების აღმართ-დაღმართებს,
მაგრამ ამაოდ... ეჰ, თავის თავს რასმე დაჰმართებს...

-----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, October 6, 2016

მარტო დარჩენა...



მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს...

რას აღარ ფიქრობს ჩემი გონება,
სიკვდილ-სიცოცხლეს, ცხოვრების ავ-კარგს...
ვიწრო ოთახის უშნო კედლები
თავზე მაყრიან ჩემსავე ვარამს.

ჩემს თავზე ვბრაზობ და აშლილ ნერვებს
ვეღარ ვიოკებ, ვეღარ ვჩერდები...
ასე მგონია, ჩემზე გამწყრალან
მთელი ოლიმპის ძველი ღმერთები...

და გამიქრება სულიდან სითბო,
გაიყინება მთლად სიყვარული,
აგრესია და მოძმეთა შური
ჩემშიც ყოფილა შემოპარული...

ოთახში მარტო, თვალდახუჭული,
თვალნათლივ ვგრძნობ ჩემს არარაობას...
უძლური ვცდილობ ფეხზე დადგომას
და არ ვაპირებ ამპარტავნობას.

მარტო დარჩენა თითქოს მაშინებს,
ჩემი ფიქრები მე თვითონ მზარავს,
სხვებთან მხიარულს და ხალისიანს
სევდა-ნაღველი მთლიანად მფარავს.

--------------------------

ქემო ქავთარი

Wednesday, October 5, 2016

ჯარისკაცები



ჯარისკაცები მიდიან ფრონტზე
და მათი სახე ღიმილს მოუცავს...
ვინ იცის ნეტა ფაშისტის ტყვია,
რომელ იმათგანს სიკვდილს მოუტანს?

ვინ იცის აბა, ვის რა მოელის?..
ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება?
ვინ გაიხარებს შინ დაბრუნებით
და ვისი შვილი ობლად დარჩება?

იქნებ დაეცეს ზოგი ბრძოლაში,
ზოგი ბანაკში უნდა იტანჯოს,
ზოგი გადარჩეს მხოლოდ იმიტომ,
რომ ან მოკვდეს და ან გაიმარჯვოს!..

იქნება ზოგი ყუმბარამ მოკლას,
ან იქნებ ტყვიამ გულს გაუაროს...
იქნება ზოგი ტანკს შეუვარდეს,
ან ამბრაზურას გადაეფაროს.

რამდენი ტანჯვა და გასაჭირი
წინ ჩვენს მეომრებს ჩასაფრებია?..
რამდენი ბრძოლა და ტყვიათ სრბოლა,
სისხლის დაღვრით რომ იმუქრებიან?

მაგრამ გულადად და შემართებით,
ჯარისკაცები წინ მიიწევენ...
სამშობლოსათვის, მომავლისათვის,
მამულისათვის თავსაც დასდებენ!..

----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, October 4, 2016

გაზაფხულივით...



გაზაფხულივით მოხვედი უცებ
და დაგმანული ჩემი გულის კარი გააღე,
შემიყვარდი და ვფიქრობდი ისევ,
რომ ბედნიერი კაცი ვარ მე ამ ქვეყანაზე...

შენი თვალების სითბო  მათბობდა,
შენი ტუჩების სიტკბო მათრობდა,
ჩემი იყავი, ასე მეგონა,
მიყვარდი, მჯეროდა შენი...

დიდხანს არ გამწვდა ბედნიერება,
უცებ გათავდა, უცებ მორჩა,
მოეღო ბოლო,
გზააბნეულმა არ ვიცი რა ვქნა,
ვზივარ და მხოლოდ ჩემს გარდასულ
სიყვარულს ვგლოვობ...

რატომ წახვედი, რატომ დამტოვე?
ასე უთქმელად რად მიმატოვე?..
ბევრი გეძებე და ვერ გიპოვე
გელოდი და ისევ გელი!..


--------------------------

ქემო ქავთარი

Monday, October 3, 2016

არ ვიცი, რა მჭირს...



არ ვიცი, რა მჭირს ვერ გამიგია,
რატომ გაივსო ნაღველით გული?..
თითქოს დავმძიმდი მეტი დარდისგან,
რაღაცამ თითქოს დაბორკა სული...

საქმე ათასი, ფიქრი ულევი,
განსჯა, ჭოჭმანი და სინანული...
უაზრო ყოფა, უმიზნო ლტოლვა,
არც სიყვარული, არც სიხარული...

კეთება იმის, რაც არ გიზიდავს,
რაც არ ჭირდება არავის, მაგრამ
სხვა გზა არ არის, ამ გზით დაღლილი
ძვირფას დროს ასე უბრალოდ ვკარგავ...

თავს ძალას ვატან და არ ვჩერდები,
მივაპობ მღვრიე ცხოვრების ტალღებს,
არა, ადვილად ბედს არ ვნებდები,
თუმც განსაცდელი სულ კუდში დამდევს...

არა, დინებას მე არ გავყვები,
მაინც გავიტან ცხოვრების ლელოს...
გავალ გაღმა და ბაგირს გავიტან,
რომ ამ ბაგირმა სხვასაც უშველოს.

--------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, October 2, 2016

კვლავ მომენატრე...



კვლავ მომენატრე,
მე უშენობა
ისევ მტანჯავს და
ისევ მაწვალებს...
მოვალ და გნახავ,
ისევ გაკოცებ,
ისევ ჩავხედავ
მაგ ლამაზ თვალებს...

ჩემთან ხარ, მაგრამ
კვლავ მენატრები,
ჩემი არა ხარ...
კოცნა რა არის,
იმასაც მიშლი,
თუმცა გიყვარვარ!..

რამდენიც გინდა,
იმდენი მითხარ,
ნუ მკოცნი, თორემ
გაგიბრაზდები,
ვერ შეველევი,
ვერა, მაგ ტუჩებს,
მაგ ლამაზ თვალებს
ვერ დავშორდები...

შენ მხოლოდ ამბობ,
არა ჯერ არა...
რატომ ძვირფასო?..
მოგიტაცს ვინმე
და მერე რაღა...
მშვიდობით კარგო!..

--------------------------

ქემო ქავთარი

Saturday, October 1, 2016

აქ, დარიალში...



მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავების ჯარი მომდგარა...
თამბაქოს კვამლი ჩაძინების სურვილს აფერხებს.
ადიდებული თერგი თითქოს ყალყზე შემდგარა,
მორბის ღრიალით, დიდრონ ლოდებს კლდეებს ახეთქებს.

დაღლილ გონებას მოეძალა შენზე ფიქრები,
ძილი დაფრთხა და თერგს გაღმა ქედზე გავიდა...
აქ, დარიალში, ლექსებს გიწერ ახლა, ღვთის ნებით,
ასე მგონია, სულ მიყვარხარ, დასაბამიდან!..

-------------------
ქემო ქავთარი