Friday, September 30, 2016

ტყე შემოსილა მწვანედ...



ტყე შემოსილა მწვანედ,
ირგვლივ სიცოცხლე ფეთქავს,
გაზაფხულია, ახლა
უნდა ვხარობდეთ ერთად!..
ბაღში გაშლილა ვარდი,
ტყემალი ყვავის თეთრად,
მერცხლის ჭიკჭიკი ისმის
შაშვის ჭახჭახთან ერთად!..

ჩემს ცხოვრებაშიც ისმის
გაზაფხულის ხმა ლაღი,
ეს ახალგაზრდა გული
მაინც სავსეა დარდით...
შენ მხიარულობ კიდეც
და მღერის შენი ჩანგი...
ასე გარედან ჩანხარ,
შიგნით კი მეფობს დარდი.

გაზაფხულის მშვიდ ცაზე
შავი ღრუბელი მოსჩანს,
ჰა, უკვე თოვლი მოდის
და ჩემი გულიც მოთქვამს...
გამიჭაღარდა გული,
მწვანე ტყეს თოვლი მოსავს
სიკვდილის მოციქული
ჭაღარას აქეთ მოჰყავს...

დრო გადის, თოვლი შრება,
გაზაფხული კვლავ მოვა...
გულში ჭაღარა რჩება
სანამ სიკვდილი მოვა...

-------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 29, 2016

ისევ მოვა შუაღამე...


ისევ მოვა შუაღამე,
ცაზე მთვარე ამოვა,
ვარსკვლავების მთელი გუნდი
ჩემთან ერთად წამოვა.

წავალ და ვიხეტიალებ
მე თბილისის ქუჩებში,
გათენდება, ისევ გნახავ
და გაკოცებ ტუჩებში.

ნაღველის კორიანტელი,
ვარამი და დარდი ვარ,
უპატრონო, უსახლკარო,
ქუჩა-ქუჩა დავდივარ...

მოგეწონე, რად გინდივარ,
გოგოვ, ცისფერთვალებავ?!.
ჩემნაირი უბადრუკი
ნუთუ შეგიყვარდება?!.

--------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, September 28, 2016

ყველაფერი დაიკარგა... (რედაქტირებული)

ყველა ფერი დაიკარგა,
უფეროა ყველაფერი,
ჩაიარა დრომ და სივრცეს
შეაწმინდა სველი ხელი...

ნუთუ ჩაქრა ტრფობის ცეცხლი,
სიყვარული დაიფერფლა?..
ანთებული სანთელივით
ჩაიწვა და ჩაიღველფა?..

ცხოვრებისგან დატანჯულმა,
მე ვერც შენგან გავიხარე,
მომატყუე, ო, რა მწარედ,
და სიმართლე დამიმალე.

არ გიყვარდი, რად არ მითხარ,
რად დამიგე ქალო მახე?
ნეტა, სულ არ გამეცანი,
ნეტა, სულ არ დამენახე!

ასე ხდება, კაპიტანი
გემთან ერთად იღუპება...
თუ შენს გულში არ ვიყავი,
ჩემი გული მოგიკვდება.

ყველაფერი ამაოა,
აზრსა კარგავს ყველაფერი,
დრომ სივრცეზე შეიწმინდა
თავისი მსახვრალი ხელი...

-----------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 27, 2016

მე შენმა მზერამ...



მე შენმა მზერამ გული გამიპო,
შენმა თვალებმა ასე დამსაჯეს.
მეც ერთი გაკოცე... რა მოხდა? რა იყო?
მე შენმა ტუჩებმა დამწვეს და დამდაგეს.

მე შენზე ფიქრმა მომაჯადოვა
და ლამის არის ჭკვიდან შემშალოს...
უარს ნუ მეტყვი!.. ვიცი ვერ ავიტან...
უარი არ მითხრა და აღარ დამტანჯო...

მე შენი სახე სულ თვალწინ მიდგას
აბა შენს ღიმილს რა დამავიწყებს?..
შენზე ფიქრებში ღამე არ მძინავს,
მე შენზე ფიქრი დღეც არ მასვენებს...

შენ ალბათ უკვე აღარ გახსოვარ,
აღარ გადარდებს შენ ის პირველი...
შენ სხვაგან ხარ და ალბათ სხვა გიყვარს,
ახლა მე უკვე აღარ გჭირდები.

--------------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 26, 2016

მე შენ მიყვარდი



მე შენ მიყვარდი,
შენთვის ვმღეროდი,
შენ კი დამტანჯე,
გული გამიპე,
მე შენ მიყვარდი...

მე სუნთქვასავით
რომ მჭირდებოდი,
შენ ვერც მამჩნევდი
და გულს მიკლავდი.
მე შენ მიყვარდი...

შენგან ტანჯული
შენზედ ვმღეროდი.
შენ ვერ ხვდებოდი,
რომ მე მიყვარდი.
მე შენ მიყვარდი...

იქნებ იცოდი,
ეს სიყვარულიც
გეჩვენებოდა
მთლად უაზრობად?
მე შენ მიყვარდი...

შენ სხვას ეტრფოდი,
ეს მე ვიცოდი
და სიყვარულის
ცეცხლში ვიწვოდი.
მე შენ მიყვარდი...

მაინც მიყვარდი,
და გიმღეროდი,
შენ არ იმჩნევდი,
ან ვერ ხვდებოდი,
მე შენ მიყვარდი...

---------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, September 25, 2016

ვაი, თუ...



ვაი, თუ ნებისყოფა მღალატობს,
ვაი, თუ გავურბივარ ცხოვრებას...
რა ვქნა, რომ ვერ ვპოულობ ვერა ფონს,
რა ვუყო ამ ამღვრეულ გონებას?..

რა ვუყო, დამაწვა გულს ნაღველი...
მწარეა სევდა, ცხოვრება ძნელი...
გაფრინდა ბავშვური ვარდისფერი
და დარჩა ტკივილი ბევრზე ბევრი.

ტკივილი წარსულში მიღებული,
კვალი რომ დამიტოვა უხეში...
აწმყო, მომავალი უბედური,
ლამის რომ წამართვას ნუგეში.

---------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 24, 2016

ხორისარიდან...


ხორისარიდან წვეთ-წვეთ ნაჟურო
ერეთოს არაგვის თავს ერთვები,
ღუდას, ლომისას ლოცვით ჩაუვლი
ქვეშეთთან ხადის წყალთან ერთდები.

მარცხნივ გხვდებიან ძმათა შვილები:
სონჩო, გვიდაქე, ფშარი, ჩირიკი.
ქვემოთ ხევშა და ქავთარათ ხევი
მგლურით მოდიან ვიწრო ბილიკით...

მარჯვნივ შინშები გეგებებიან
ალევის ქედის გამოზრდილები,
ჩოხელთ, ამირთ და ჩაბარუხის ხევს
თან მოჰყავთ ძმები და ძმისწულები.

ფასანაურთან შავი არაგვი
ლაშქარს გახვედრებს ძმური ერთობით,
წყალს გიმრავლებენ, ძალას გმატებენ
გუდამაყრელი თანამებრძოლნი.

ანანურამდე გზად დაგხვდებიან
ხანდო, ჭართალი, დგნალი, არყალა
ფშაველ-ხევსური ძმებიც მოსულან,
ჟინვალთან გულზვიადად დამდგარან...


ბარს ჩამოსული დინჯად მოღელავ,
ძმად შეფიცული მტკვარი მოგელის...
მცხეთაში მთიდან მოტანილ ამბავს
ჰყვები და გისმენს სვეტიცხოველი.

------------------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 23, 2016

წუწურაქი



ძუნწი კაცი, წუწურაქი, ქვაწვია
არც თავის თავს, არც სხვა ვინმეს არგია.
ფული უყვარს და აქვს კიდეც, ფაქტია...
ხარჯვის არა, დაგროვების კაცია.

სულ წუწუნებს და არ ხარჯავს არაფერს,
რას ფიქრობენ მასზე, სულ არ ანაღვლებს...
ბანკში შეაქვს, რომ არსებულ ანაბრებს
პროცენტები დაემატოს, გამრავლდეს...

წუწურაქო, იმის ფიქრში არ გძინავს,
დამარხული განძი ხომ არ დაგილპა,
ან შემთხვევით ბანკი ხომ არ გაკოტრდა,
ნაგროვები ფული ხომ არ აორთქლდა...

გვიან ღამით წვები და დილით დგები,
ფული გაქვს და მაინც შიმშილით კვდები...
შე ქვაწვია, რაღად გინდა ეგ ქონება,
თუკი მაინც უქონლობით მოკვდები?

ან რას უცდი, ან აქამდე რას უცადე?
როგორ გასძელ, ეგ ფული რომ არ დახარჯე?..
მიდი, ძუნწო, ეს ქვეყანა დაინახე,
ცოტა შენს თავს მოახმარე არ ინანებ!..

ფული მუდამ საჭიროა ოჯახისთვის,
დასახარჯად გაიმეტე , მოიხმარე,
უფალს მადლობა შესწირე შეწევნისთვის
მადლი ქენი, გაჭირვებულს დაეხმარე!..

შოთას უთქვამს, რასაც გასცემ შენიაო...
წუწურაქო, ეს სიბრძნე რად ვერ ისწავლე?..
ფულს კი ფასი მაშინა აქვს როცა ხარჯავ,
და ღვთის მადლით კეთილ საქმეს მოახმარებ.

--------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 22, 2016

თოვლის ფიფქი



ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

ნელ-ნელა მოდის ციდან
და მას მოჰყვება სხვებიც...
თოვლმა დაფარა თეთრად
მდელოები და მთები.

ო, რა ლამაზად ბარდნის,
ო, რა ლამაზად თოვს...
თოვლის ფიფქები ნელა
მიზოზინობენ შორს...

ო, რა ლამაზად ბარდნის
და მეც შევხარი თოვლს...
ბაღში გოგონა დადის
და ის მიკარგავს გონს...

როცა გოგონა არ ჩანს,
ეს არემარე დუმს.
შემომაწვება დარდი,
და დამიმძიმებს გულს...

ფიფქი უკოცნის სახეს,
მე მაგ ფიფქების მშურს...
ისე მიყურებს, თითქოს
მე არ მიკლავდეს გულს.

ნელ-ნელა მოდის ციდან
პაწაწა თოვლის ფიფქი...
თუ შეუძლია, ნეტა,
მას ოცნება ან ფიქრი?..

-----------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, September 21, 2016

უფულო კაცი...



უფულო კაცი სუსტია, თურმე,
არ გააჩნია, არა აქვს ძალა...
უფულოს კაცად არ გთვლიან, თურმე,
ფული ყოფილა ცხოვრების ღალა...

ფული ყოფილა მთელი ქონება
და თუ არა გაქვს საკმაო თანხა,
არა რა არის შენი ცხოვრება,
ვერ იარსებებ, შორს ვერსად წახვალ...

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 20, 2016

გულგატეხილი ყველაფერზე...


გულგატეხილი ყველაფერზე
ფიქრების ჯაჭვს ვახვევ და ვახვევ,
ასე მგონია, დავსნეულდი,
დარდს და ნაღველს თავს ვეღარ ვართმევ...
თითქოს მომწყვიტეს მე სამყაროს
და ღამეებს წყვდიადში ვათევ,
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ...

წრფელი გულით და წმინდა ნიჭით,
დიდი შრომით ანთებულ სანთელს,
ჭაობი ვრცელი და უძრავი
გარს აკრია... ლამის, რომ ჩაქრეს...
დრო მეფეთ მეფე ,მბრძანებელი,
უცნაურად არიგებს საქმეს,
ზოგჯერ მებაღე, ვარდს რომ სთესავს,
სანაცვლოდ კრეფს ეკალს და ბარდებს...

თუ შეგხვედრიათ ან გიგრძვნიათ
ამაო სიბრძნე და სივალალე?..
რომ უგუნური ბატონობდეს
და ვეზირად რეგვენი ჰყავდეს...
მწარე ნაღველი ფიქრი მძიმე
გულს მისერავს, ლამის სულს მართმევს...
ვერ შევეგუე ამ ცხოვრებას,
ხან ის მათრევს და ხან მე მივათრევ.


--------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 19, 2016

ალბათ მეძებდი...


ალბათ მეძებდი, ალბათ გეძებდი, გოგო,
წმინდა სიყვარულს ველოდით გულით, როგორც...
როგორც ყვავილი გაზაფხულს ელის ნარნარს,
შენც მელოდი და მეც დაგეძებდი, ალბათ...

ღმერთმა ინება და შეგვახვედრა ბედმა,
მერე კი მუდამ გვინდოდა ყოფნა ერთად...
მწვერვალებს მოსწყდა, აზვავდა სიყვარული,
გრძნობით აგვავსო და გაგვიბრუა გულნი...

თუკი გიყვარვარ, თუკი მიყვარხარ, მაშინ...
ერთი გვაქვს მაშინ სიხარულიც და დარდიც.
ერთად ყოფნა და ერთად ცხოვრება გვინდა,
რომ არ ჩაგვიქრეს ეს სიყვარული წმინდა.

ალბათ მეძებდი, ალბათ გეძებდი, გოგო,
წმინდა სიყვარულს ველოდით გულით, როგორც...
როგორც ყვავილი გაზაფხულს ელის ნარნარს,
შენც მელოდი და მეც დაგეძებდი, ალბათ...

--------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 17, 2016

შენი ხომალდი...



შენი ხომალდი ნაპირს მოადგა,
მე ნავსადგურში გიცდი.
მე მთელი დღეა აქ გელოდები,
შენ, ალბათ, არც კი იცი.
მოდიხარ, მედიდურად მიყურებ,
გულში მედები ლახვრად.
მშობლიურ მხარეს ნახავ ცოტა ხნით
და მერე ისევ წახვალ...

შენი ხომალდი ზღვაში მიცურავს
და მას სდევს ჩემი ფიქრი,
მე შენგანა მაქვს გული მოკლული,
შენ, ალბათ, არც კი იცი.
ტალღებს გავანდე გულის ნადები,
ერთი მაინც ხომ იტყვის...
კვლავ იწვიმებს და ნაწვიმარ მთებზე
კვლავ ჩამოწვება ნისლი.

დიდი ხნის შემდეგ, კვლავ დაბრუნდები
ძებნას დამიწყებ ფიქრით,
მე ნავსადგურში აღარ დაგხვდები,
ვიქნები ცხრა მთას იქით...
და გაიხსენებ, რომ არსებობდა
ერთი სულელი ბიჭი...
ის შენ სიყვარულს გეფიცებოდა,
შენ არ გჯეროდა მისი.

--------------------
ქემო ქავთარი

Friday, September 16, 2016

წუთისოფელი


ვზივარ და ვფიქრობ; რა არის ეს წუთისოფელი?..
დაიბადები, ამ ქვეყანას მოევლინები...
უნდა იჩქარო, გსურს კეთება თუცა რამისა,
ამ ქვეყანაზე ხელმეორედ ვერ დაბრუნდები...

არ უნდა ჰკარგო დრო, არც ერთი წუთი, არც წამი,
ნურც ფიქრს მიიჩვევ, არც ძილმა არ მოგწყვიტოს თავი...
განა ძილში რა  ცოცხლები ვართ?.. ვართ ისევ მკვდარნი...
მძინარე მებრძოლს დაკარგული აქვს თვისი თავი.

ან ბევრი ფიქრი რას გვარგია?.. გვარგია რამეს?..
თუ გაგვიჩნდება საფიქრალი, ვიტეხავთ თავებს...
იმას არ ვამბობ, არ ვიფიქროთ სულ არაფერზე
და ყველაფერით მიჯაჭვულნი ვიყოთ ჩვენ ღმერთზე.

დავბერდებით, ასეთები არ ვიქნებით აღარა...
როს სიკვდილის მოციქული გვესტუმრება, ჭაღარა,
დავფიქრდებით, რა ვაკეთეთ?.. ზოგმა რა და ზოგმა რა...
მოვა მიქელ-გაბრიელი... გვეშველება?... აღარა!..

--------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 15, 2016

უფორმო ფორმა...


უფორმო ფორმა, უაზრო აზრი,
შორს ჰორიზონტზე თეთრი ღრუბლები...
ფიქრთა ნაკადი უძრავად დაჰქრის,
მეც მათ მივყვები, ვეღარ ვბრუნდები.

გაორებული თავს ვეღარა ვცნობ,
ვერ გამიგია, რა მსურს რა არა,
დაკარგულ დროის მძიმე ტკივილს ვგრძნობ
ამდენი ტანჯვა ნუთუ არ კმარა?..

ლურჯი ცის ფონზე ღრუბლის ფთილები
კვლავ ნაირნაირ სახეებს ხატავს...
ჭაობში მდგარი ღმერთს შევღაღადებ,
ცაში გაფრენის სურვილი მდაგავს.

--------------------
ქემო ქავთარი


Wednesday, September 14, 2016

ფასანაური


მთიდან მოხეთქილი ზვავი  თუ არ გინახავს,
არ გინახია მაშინ შენ ფასანაური...
გაცოფებული არაგვი თუ არ გინახავს,
არ გინახია, აბა მაშ,  ფასანაური...
მხოლოდ შორიდან მოგიკრავს თვალი,
ვერ გაგიცნია ფასანაური...

თუკი ყოფილხარ ჩაბარუხში ანდა ბულვარდზე,
წიფორშიც ღამე გითევია, ბიბილიანშიც...
თუკი გინახავს ცხვედიათი, დიხჩო, ბახანი,
არაგვის ჭალა მოგივლია მარტოკას ღამით,
მაშინ მიხვდები რა ყოფილა, რა სილამაზე
და რა სილაღე ფასანაური...

თუ ოშპიტელში ოშპიტლობა გიზეიმია ,
ლომისის ნიშთან დაგიკლია წყვილი ბატკანი,
ნახევარკუნძულზე თუ ღამით გიქეიფია,
ან თეთრ დუქანში გაგიშლია სუფრა ზღაპარი,
მაშინ გაიგებ რა ყოფილა ფასანაური,
რა სილაღე და რა სიყვარული...

ღამით ქუჩაში ლოთბიჭები თუ შეგხვედრიან
დარდიმანდული სიმღერებით, ღვინის ბოთლებით,
შეყვარებული წყვილის ფიცი თუკი გსმენია
და ხმა ორღობის სიბნელეში ჩუმი კოცნების,
მაშინ გცოდნია რად ყოფილა ზღვა სიხარული...
ზღვა სიყვარული, ფასანაური...

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 13, 2016

თოვს...



თოვს, ეფინება მიწას ფანტელი,
გათეთრებულა მთელი ქალაქი...
თოვს, ზოგს არ მოსწონს ცუდი ამინდი,
მე რომ მგონია კარგი, ლამაზი...
თოვს და ჩამოჰყვა ციდან ფანტელებს
შენზე ფიქრები, ჩემთვის ძვირფასი
ფიფქების მიღმა ვხედავ შენს თვალებს,
შიგ რომ ჩამდგარა სევდა ათასი...
თოვს... ეფინება მიწას ფანტელი,
გათეთრებულა მთელი ქალაქი.

--------------------
ქემო ქავთარი

ნურაფერს მეტყვი!


ისევ ბუნდოვნად ჩანს მომავალი,
წინ ვერ მივიწევ და ადგილს ვტკეპნი,
ნისლი ჩამოწვა ჩემს ცხოვრებაში
და ვეღარ ვარჩევ, სადაა გზები...

ამ უგზოურში საით წავიდე?
შემომეკვეცა ოცნების ფრთები...
მე უცაბედად კვლავ დავღონდები,
ვერაფერს მირჩევ, ნურაფერს მეტყვი!

ასე დაბნეულს მნახავს ბახუსი,
ფიალას მაწვდის ქეიფის ღმერთი,
დავლევ, ვიმღერებ, ისიც ბანს მომცემს...
ღვინოს ვსვამ, მაგრამ დარდისგან ვთვრები.

დარდი აწმყოსი, დარდი წარსულის,
ამაოდ წყალში ჩაყრილი წლები...
ნუთუ იმდენად განწირული ვარ,
რომ არც მომავლის მქონდეს იმედი?..

გზააბნეული და განწირული
ამაოდ ვიბრძვი, ამაოდ ვთვრები,
კვლავ დავღონდები და გავყუჩდები...
ვერაფერს მირჩევ, ნურაფერს მეტყვი!

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 12, 2016

მარტოობა



სევდიანი, დარდიანი, ნაღვლიანი
მარტოობა კაეშანის ლანდი არის...
არ იფიქროთ, მარტოობა კარგი არის!..
ტკივილია უსაშველო, ადრიანი.

ფიქრებია წარსულის და მოგონება,
განვლილ დღეთა ძახილი და შთაგონება,
მომავალის უიმედო მოლანდება,
მოშუშებულ იარათა განახლება...

სევდა, დარდი, ტკივილი და ისევ სევდა...
ამ დარდებში იმედი მთლად იკარგება
და უბედო ბედი ჩემი იქარგება...
მომავალიც მარტოობით ითანგება.

----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 10, 2016

ჩემო არაგვო


ჩემო არაგვო, შენი ზვირთები
თავბრუდამხვევი სისწრაფით მორბის.
შენი სისწრაფე შენი ძალაა,
მოუსვენარო, ვერ ჰგუობ ლოდინს.

ზვიადი ხარ და ძალზე ამაყი,
როგორც შენს თავზე დამყურე მთები...
მთაში გაზრდილო, რას ბუტბუტებენ
ეგ აქოჩრილი შენი ტალღები?

როგორ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებაც
ერთი პატარა არაგვი იყოს,
სწრაფად იაროს, სულ წინ იაროს,
არ გაყუჩდეს და არ გაირინდოს!..

თუნდ ბევრი შემხვდეს, ვით მთის მდინარეს,
ხელის შემშლელი დაბრკოლებები,
არ ვჩივი, ოღონდ მეც არაგვულად
ვიბრძოლო, ვკაფო სავალი გზები...

ჩემო არაგვო, შენ არ ჩერდები,
სიცხე-სიცივეს არ ემონები...
მეც შენებურად მინდა ვიცხოვრო,
მაგ სისწრაფით და მაგ გემოვნებით!..

----------------------
ქემო ქავთარი



Friday, September 9, 2016

წვეთ-წვეთად წვეთავდა ...



წვეთ-წვეთად წვეთავდა ყოველი წამი
და თითქოს ნელ-ნელა ჟონავდა ჟამი...
ო, ისე ჩქარობდა დრო, როგორც ქარი...
წლები გაფრინდა და ვერ მოვკარ თვალი.

უცებ შეიცვალა ცხოვრების დარი,
ბავშვურ ილუზიებს გაუჩნდა ბზარი...
ბედი ულმობელი ყოფილა, ავი...
ერთად ვერა სძოვენ მგელი და კრავი.

დიახ, ვარდისფერი გამუქდა უკვე,
ცხოვრება გართობა არ არის თურმე...
ჭაობი ყოფილა, ბინძური წუმპე...
განვლილ გზას დავტირი, ღამეებს ვუთევ.

---------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 8, 2016

მარტო ვარ, სულ მარტო...



მარტო ვარ, სულ მარტო...
მარტო ვარ, სულ მარტო
დავიარები ობლად.
დავდივარ, დავდივარ
სულ ასე დავდივარ...
არცა ვტირი, არც ვოხრავ...

ბედმა ეს მარგუნა
და რაკი მარგუნა,
შევურიგდები ბედსაც...
და თუკი გაჭირდა,
თუ უფრო გაჭირდა,
ავიტან უფრო მეტსაც...

მაგრამ სადღაც აქ,
გულის სიღრმეში
მეც მაქვს პატარა დარდი...
მავანი მდიდრდება
და „ეს ახალგაზრდა“
ისევ ისეთი დადის...

დავდივარ, დავდივარ
და გულში დარდი მაქვს,
დრო კი გადის და გადის...
ქვეყანა შენდება
მზე კი ძველებურად
ხან ამოდის ხან ჩადის.

ბედის ბორბალი
სწრაფად ტრიალებს,
არ ვიცით ვის რა გველის,
მაგრამ იმედი
უნდა ღვიოდეს,
იმედი გვქონდეს წრფელი!

---------------------
ქემო ქავთარი

რა ვთქვა, ვინა ვარ?..


რა ვთქვა, ვინა ვარ?..  მე, უპატრონო,
იქნებ არცა ვარ ამ პლანეტელი...
იქნებ ხომალდით დავეშვი ციდან
და გავიჩინე აქ სამყოფელი...

იქნებ არცა ვარ აწ მე ცოცხალი,
იქნებ გავედი სოფლის ბოლოში...
იქნება არც კი დავბადებულვარ,
ან იქნებ ვზივარ მე ბნელ ორმოში.

იქნებ თევზი ვარ, ანდა ფრინველი,
ან იქნებ მხეცი გადარეული...
რა იცი, იქნებ ეშმაკიცა ვარ,
კაცთ უბედობით გახარებული?..

წუთისოფელი ძალზე რთულია,
ნუ გეგონებათ ასე მარტივი.
ზოგჯერ კაჭკაჭი ენაჭარტალა
შესაძლო არის გახდეს არწივი.

მეც ასე ვფიქრობ: რა ვარ?.. ვინა ვარ?..
ანდა სადა ვარ, სითგან მოსული?..
მინდა გავიგო, ვეღარ ვიხსენებ,
როგორი იყო ჩემი წარსული.

------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, September 7, 2016

ხეები ტირიან...


ხეები ტირიან,
ბუჩქები ტირიან
და ტირის თვითონ ცაც,
მე მეტის მოთმენა
აღარ შემიძლია
და ვეღარ ვიკავებ თავს...

ხეები ტირიან,
ო, როგორ ტირიან...
და მათ თანაუგრძნობს ცა,
ჩვენ კი, კაცთა მოდგმას,
ჩვენი თავის მეტი
არავინ გვადარდებს სხვა.

ერთნი თუ ვტირივართ,
სხვანი იცინიან,
გულს არ აკარებენ დარდს...
ტყუილუბრალოდ
არ გაიმწარებენ
ცხოვრებას, კარგსა და ლაღს.

ზოგჯერ ჩვენ გვიჭირს და
სხვებს კი ლხინი აქვთ,
ზოგჯერ სხვა ტირის და
ვიცინით ჩვენ...
სხვის ტირილს არ ვდარდობთ
და ურცხვი ღიმილით,
სულ მთლად უდარდელად
ავუვლით გვერდს.

ხეები ტირიან
და ქვებიც ტირიან,
მთებიც შეუპყრია დარდს...
არაგვი სიბრაზისგან
გაშმაგებულია
და ქვეყნის წალეკვა სწადს.

ნეტავი ვიცოდე,
ცხოვრება ბუნებას,
რატომ, რატომ არ ჰგავს?..
სხვისი გულისათვის
მთები იტირებენ,
მაგრამ სხვა არ ახსოვს კაცს.

--------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, September 6, 2016

დუმილი


დუმილი მძიმე ლოდად აწევს ჩემს გულს...
თითქოს, რაღაცას ვნატრობ, რაღაცა მსურს,
ვიღაცა მეჯავრება, ვიღაცა მძულს...
მე მტერს დავამარცხებ და ვიძიებ შურს!..

მაგრამ ვერაფერი მომიშუშებს წყლულს,
ჩემს გულში ნაღველი დუღს ისევ დუღს...
ერთმანეთისგან ვეღარ ვარჩევ თეთრსა და ლურჯს,
ვეღარა ვხედავ ცხოვრებაში კარგსა და ცუდს.

ცხოვრება რთულია საცოდნელად, ყველას რაღაცა სურს...
და თავს თვითონ თუ არ მიხედე, არავინ გიგდებს ყურს!..
ზოგი თუ ლუკმაპურს დაეძებს, ზოგიც სიმდიდრით ქუხს,
ზოგი იმღერის უდარდელად, ზოგიც ტირის და წუხს...

პატიოსნება აღარ ფასობს და ყველა აღმერთებს ფულს...
აი, რა არ მომწონს მე ამ ქვეყნად!.. სწორედ ეს მძულს!..
მე ვამბობ, მაგრამ ყურს ვინ მიგდებს?..ისევ მე მაკლია გულს...
კაცი ნიჭით რომ ფასდებოდეს, აი, ეს მსურს!..

-------------------
ქემო ქავთარი

Monday, September 5, 2016

დედა



თენდება, ვხედავ ცაზე
ვარსკვლავთ ნათელი ქრება.
ქარი ბუზღუნებს გარეთ,
დედაზე ზღაპარს ყვება...

წუხელ სიზმარში გნახე,
ჩემო ძვირფასო, დედა,
კვლავ მომეძალა დარდი,
გული ამივსო სევდამ...

წუხელ სიზმარში გნახე,
ჩემთან იყავი, დედა,
გულში მიკრავდი შენს შვილს...
ო, ამიცხადდეს ნეტა!..

ბავშვივით ვნატრობ ისევ,
ო, ამიცხადდეს ნეტა!..
არაფერი მსურს, ოღონდ,
ცოცხალი მყავდეს დედა!..

ოცნებით ვცდილობ თითქოს,
გულს მოვაცილო სევდა...
მწარეა სინამდვილე:
დედა აღარ მყავს, დედა!..

იმ ქვეყანიდან ვიცი,
ვერ დაბრუნდები ვეღარ.
ვიცი და უფრო მიკვირს,
რატომ დამტოვე, დედა?!.

მომენატრები ოდეს,
მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
ვუცქერი მაგ შენს თვალებს,
შიგ დარიგებას ვხედავ...

იცოდე, დედი, შენს შვილს
უყვარდი სხვაზე მეტად,
იმედი გქონდეს ჩემი,
რომ არ შეგარცხვენ, დედა!..

------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, September 3, 2016

შემოიხედე ჩემს ბლოგზე...





შემოიხედე ჩემს ბლოგზე!..
შემოდი, ნუ დამზარდები!
იხილე ჩემი ლექსები,
ცუდებია თუ კარგები...

კომენტარს ნუ დაიშურებ,
გამიზიარე აზრები!
მკითხველის ვალსაც მოიხდი,
მეც კმაყოფილი დაგრჩები...



-------------------
ქემო ქავთარი

Thursday, September 1, 2016

გილოცავ შორიდან!..


შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
მე კეთილ სურვილებს გიგზავნი შორიდან.
ვწუხვარ, რომ ვერ მოვალ, ვარდებს ვერ მოგიტან,
გულში ვერ ჩაგიკრავ ანთებულს ტრფობისგან...

შენს თვალებს იდუმალ მზერას ვერ მოვტაცებ,
მთრთოლვარე ტუჩებს კი კოცნით ვერ გაგითბობ,
წელზე ხელს ვერ მოგხვევ, მუხლზე ვერ დაგისვამ,
ალერსით დამთვრალი გრძნობით რომ დაგიპყრო...

შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა,
სიზმრად გესტუმრები და გრძნობებს მოგიტან,
ზეცაში აგაფრენ შენი საწოლიდან
და ასე, სიყვარულს გაჩუქებ შორიდან.

---------------------
ქემო ქავთარი