Tuesday, December 20, 2016

შინ დაბრუნება


 ვუძღვნი ჩემი მშობლების ხსოვნას.

*****
   ჭიშკარზე დადებული ჟანგიანი კლიტე დიდი წვალების შემდეგ გავხსენი. ფართოდ გამოვაღე კარის ორივე ფრთა და ეზოში გაფენილ შემოდგომის ფარდაგს შევავლე თვალი. ფოთოლცვენა წითელ-ყვითელ ფერებად იღვრებოდა მიწაზე. დამენანა ამ სილამაზის საბურავებით გადათელვა და გადავწყვიტე ავტომანქანა გარეთ დამეტოვებინა. ეზოში შევედი და კუთხეში მდგარი მოწყენილი სახლისკენ ავიღე გეზი. საყვედურით აშრიალდნენ ფოთლები ფეხქვეშ. მდუმარე მზერა მომაგებეს ხეებმა. ვერ მიცნეს,  მხრები აიჩეჩეს... მერე ერთმანეთს მიუბრუნდნენ  და დაბალ ხმაზე საუბარი წამოიწყეს. ყური მივუგდე...
- მეჩვენება, თუ მართლა ჩვენი ვლადიმერია, უჩავ? - მაღალი მსხლის ხე ეკითხებოდა თხილის ბუჩქს.
- რას ლაპარაკობ, თულუხა ძია?.. ვლადიმერი ოთხმოცდათერთმეტის შემოდგომაზე არ გავასვენეთ?!. - გაიოცა უჩა თხილმა და ცნობისმოყვარე მზერა გამომაყოლა.
- ვინ უნდა იყოს, ნეტა? - ახლა ახალგაზრდა ჭანჭური ჩაერთო საუბარში.
- ძალიან კი ჰგავს ცხონებულ ვლადიმერსა!.. - ტოტი მოიჩრდილა და ისე განაგრძო ჩემი შესწავლა ღობის პირას მდგარმა ვაშლის ხემ.
- ზედ გამოჭრილი ვლადიმერია... - ჩაილაპარაკა თულუხა მსხალმა.
- ვლადიმერი ვინ არის, ანტონა პაპა?.. მე რატომ არ ვიცნობ? - იკითხა პატარა ჟოლომ და მოუსვენრად შეათამაშა ყლორტები.
- აბა, შენ საიდან გეცნობა, შვილოსან, სულ რაღაც ხუთიოდე შემოდგომას მოსწრებიხარ. - ჩაიცინა დახავსებულ ულვაშებში მხარბეჭიანმა კაკლის ხემ.
- ჟორიკა, შვილო, პატარა ნინიკოსა და გიორგის ხომ იცნობ, ზაფხულობით რომ ჩამოდიან ხოლმე ჩვენთანა? - შეეკითხა ვაშლი ანტონა ჟოლოს.
- ვიცნობ, ნინი და გიო ჩემი მეგობრები არიან. - წამოიძახა პატარა ჟორამ.
- ჰოდა, მაგათი პაპა იყო ვლადიმერი...
- რას ამბობ, ანტონა ძია?.. დიდი პაპა იყო, დიდი... - შეედავა ჭანჭური.
- დიდი?!.. - ჩაფიქრდა ანტონა.
- შენ როგორ გახსოვს, კაკო ძია?.. მგონი მართალია ჭაჭუ, არა?.. - ასძახა კაკლის ხეს უჩამ.
- როგორ არ მახსოვს, კაცო,  ვლადიმერის ხელში არ გავიზარდე?.. თვეებისა ვიყავ, აქ რომ მომიყვანა და თავისი ხელით დამრგო... ღმერთმა ადღეგრძელოს მაგისი მოდგმა!..
- ამინ!.. დალოცოს ღმერთმა!..- დასტური უთხრა თულუხამ და განაგრძო. - მეც მაგის დამყნილი არა ვარ ამ პანტის ძირზე?.. ოქრო კაცი იყო და ოქრო ხელი ჰქონდა ცხონებულს...
- ჰოდა იმას ვამბობდი, თულუხ ბატონო, რომა... - სიტყვა დაიბრუნა კაკომ. -  ეს ჩვენი გიორგი ვლადიმერის  სიყმის შვილია. გუშინდელი დღესავით მახსოვს, მაგის ძეობა რომ გადავიხადეთ...
- მართალი ხარ, კაკო, მართალი... მეც კარგად მახსოვს... გიორგი რომ დაიბადა, იმ გაზაფხულზე შეუსრულდა ვლადიმერს ოცდაათი წელი, - ახლა თალარზე წამოწოლილი ვაზი ჩაერთო საუბარში.
- ჰოო... აი, პირველი შვილიშვილი რომ შეეძინა, მაშინ უკვე სამოცის ხდებოდა. ეგრე არ არი სანდრო?.. - შეეკითხა კაკო ალექსანდროული ჯიშის შებერებულ ვაზს.
- ეგრეა, ეგრე... უთქმელი კაცი იყო, არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან კი უხაროდა, მაგისი სახელი რომ დაარქვეს ლადიკოს...
- ეეჰ... ნინის და გიოს დაბადებას უკვე ვეღარ მოესწრო, საწყალი...- ამოიოხრა და დანანებით ჩაილაპარაკა ანტონმა.
- კაკო პაპა, ვლადიმერის მეუღლეს რა ერქვა?... - ბავშვური ინტერესით იკითხა ჟორიკამ.
- ოლია ერქვა, ძალიან კარგი ქალი იყო, ცხონებული... - დაიწყო ანტონმა და  სხვებმა განაგრძეს.
- როგორი მშრომელი?..
- ერთგული მეუღლე...
- პატიოსანი და ღირსეული...
- მოსიყვარულე დედა...
- შვილებისთვის ცოტა მკაცრი იყო.
- მაგრამ სამართლიანი...
- ეეჰ... ვლადიმერის მერე ისიც მალე წავიდა იმქვეყნად... - თქვა  სანდრომ და ბოლო სიტყვას ოხვრა ამოაყოლა.
- ძალიან უყვრადათ ერთმანეთი, ძალიან... - თქვა და ცრემლიანი თვალები გაყვითლებული ფოთლებით მოიწმინდა უჩამ.
- მარტო ერთი შვილი ჰყავდათ?.. - ისევ დაინტერესდა პატარა ჟოლო.
- არა, გიორგის მერე  მარიამი შეეძინათ...- წამოიწყო ანტონმა.
- ეხლა სად არის მარიამი?
- მეზობელ რაიონშია გათხოვილი... მაგის ქორწილში იცეკვა ბოლოს ვლადიმერმა. - განაგრძო უჩამ.
- გახსოვთ, რა კარგად იცეკვეს პატარძლის მშობლებმა?.. - იკითხა ჭაჭუმ.
- ოლიასთვისაც ბოლო იყო ეგ ცეკვა. - ჩაიჩურჩულა თულუხა მსხალმა.
- ჰო... ბოლო იყო... აფსუს!..
- კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ, ნაბოლარა... - ახლა სანდრომ დაიწყო მოყოლა.
-  მათე ერქვა, მშობლების სიკვდილის შემდეგ აქედან გადაიხვეწა. - განაგრძო კაკომ.
- ამბობდნენ ევროპაში წავიდაო, ბიზნესი დაიწყო და  დიდი ფული იშოვაო. - ძველი ჭორები გაიხსენა უჩამ.
- ბოლოს ვიღაცამ ამბავი მოიტანა, მოკლესო...
- არა, არ მჯერა!.. - ტოტები გაასავსავა ჭაჭუმ.
- რა ვიცი... არც მე მინდა დავიჯერო, მარა...  - ამოიოხრა თულუხამ.
- გინდა მკვდარი, გინდა შინმოუსვლელიო, ნათქვამია... - ტოტი ჩაიქნია კაკომ.
- ეეჰ...
- არადა, რა ბიჭი იყო?..
- ჰაი გიდი!.. - ერთხანს ასე ბუტბუტებდნენ და გულისტკივილით ამოთქმულ სიტყვებს ოხვრას ურთავდნენ ხეები. მერე ცოტა ხნით დადუმდნენ. ის იყო წუთისოფლის ბედუკუღმართობაზე ჩაფიქრებას აპირებდნენ, რომ უეცრად ვიღაცის ყვირილმა მიიპყრო მათი ყურადღება.
- ეგ არი!.. ეგ არი!.. - ყვიროდა უხუცესი იფნის ხე, აქამდე შუაგულ ეზოში რომ თვლემდა და მეზობლების საუბარში არ ერეოდა.
- რა არი კოტე ძია?!. - შეეხმიანა გაოცებული ანტონი.
- რა კი არა, ვინ...
- ვინ არი, კოტე პაპა, ვინა?.. - ახლა უჩა მიაშტერდა გაკვირვებით ბატონ კოტე კოპიტ იფანს.
- ის არის!.. ის ბიჭი...
- ვინ ბიჭი?
- მათეა, მათე!... - ხმაში სიხარულის კანკალი ჩასდგომოდა მოხუცს. ხეები აყაყანდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცდიდნენ. ყველას რაღაცის კითხვა უნდოდა.
- ვინა?..
- სადა?..
- რას ამბობ?..
- საიდან მოიტანე?..
- ხუმრობ, კაცო?..
  ასეთი შეკითხვები დაძრწოდნენ ეზოში, ერთმანეთში ირეოდნენ და საუბარი თანდათან ძნელი გასარჩევი ხდებოდა. ამასობაში, მე სახლამდე მივაღწიე. რკინის მოაჯირს ხელი წავავლე და ყვითლად მორთულ ბეტონის კიბეს მეორე სართულამდე ავყევი. კარს გასაღები მოვარგე და გადავატრიალე...
- იყუჩეთ ხე ხილნო!.. - გაისმა კაკოს ყვირილი და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- სირცხვილია, უხუცესს სიტყვის თქმას არ ვაცდით... - დინჯად განაგრძო კაკომ და მხრები შეარხია. ხეებმა სუნთქვა შეიკრეს.
- გისმენთ, კოტე ძია, გვითხარი სად არის მათე!.. - თქვა კაკომ და მე, რატომღაც, უკან მოვიხედე. იფნის ხე პირდაპირ თვალებში მიყურებდა. გამჭოლი მზერა ჰქონდა. მომეჩვენა, თითქოს ჩემს თვალებს უკან, გონებაში ჩემს თავგადასავალს კითხულობდა და სიხარულისგან ტიროდა.
- აგე!..ეგ არის მათე... - თქვა და რამდენიმე ტოტი ჩემსკენ გამოიშვირა კოტემ.
 ახლა ყველა ხე მე მიყურებდა სუნთქვაშეკრული და  უკვე მეც შემეკრა სუნთქვა. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გავწითლდი. სასწრაფოდ მივბრუნდი კარისკენ, სახელური ჩამოვწიე და ანჯამების ჭრიალს ოთახში შევყევი.


*****
  ოცდახუთი წლის წინ დატოვებული სახლი ისევ მგლოვიარედ დამხვდა. მდუმარე კედლები უხმოდ ტიროდნენ. ყოველი ნაბიჯის ქვეშ იატაკი კვნესოდა. ფიქრებში წარსული ამოტივტივდა და ის  ტკივილი გააცოცხლა, წლების განმავლობაში რომ ვცდილობდი გულში დამემარხა. მომწყურდა... მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გავედი.  წითელი აგურით ნაშენებ კედელში თახჩებია ჩადგმული. აქვე თითბერის ძველებურ ონკანს წაუგრძელებია კისერი და მის ქვემოთ პატარ-პატარა რიყის ქვებით მოპირკეთებულ მომცრო აუზს ჩაჰყურებს. თახჩიდან ფიალა ავიღე და ონკანი მოვუშვი. იგივე თახჩაა, იგივე ონკანი... ონკანის ზემოთ მიმაგრებულმა ოქროსფერმა ფირფიტამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ზედ წარწერაა ამოტვიფრული - „ ლადოს წყარო“. თვალები ამიწყლიანდა... ფიალა ავავსე და წყალი მოვსვი. პირველივე ყლუპიდან ვიცანი თითქმის დავიწყებული გემო. ეს განსაკუთრებული წყალია. ამ სახლის საძირკველს რომ ჭრიდა, მაშინ აღმოაჩინა წყაროს თვალი ვლადიმერმა. სპეციალური აუზი აუშენა და აქედან ჯერ ეზოში, მოგვიანებით კი სამზარეულოშიც შემოიყვანა წყაროს წყალი. კიდევ ერთი ფიალა გავავსე და ვლადიმერს შენდობა ვუთხარი ...
   ამასობაში ორგანიზმმა ნიკოტინის მორიგი დოზა მომთხოვა. კარადაში საფერფლე მოვძებნე და უკანა ოთახში გავიყოლე. ეს ამ სახლში ყველაზე დიდი ოთახი იყო და ამიტომ მრავალფუნქციური დატვირთვა ჰქონდა. პატრონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხან ზალა იყო, ხან საძინებელი, ლხინის და ჭირის სუფრებიც ძირითადად აქ იშლებოდა. ვათვალიერებდი ოთახს და ხმამაღლა ვფიქრობდი:
- ამ ოთახში არაფერი შეუცვლია გიორგის.
- ისევ ის ავეჯი, ისევ ის განლაგება...
- აი, ამ სავარძელში უყვარდა მამაჩემს ჯდომა და გაზეთების კითხვა...
- ისევ ის ტელევიზორი, წიგნების კარადა...
  კედელზე ჩამოკიდებული გადიდებული სურათიდან ჩემი მშობლები მიყურებდნენ. მათ თვალებში საყვედური, ტკივილი, სიყვარული და სიხარული ერთდროულად იკითხებოდა. საფერფლე მაგიდაზე დავდე, სიგარეტი ამოვიღე, სანთებელა ავანთე და უცებ...
- შე დედამიკინტრულო, აკი არ ვეწევიო... - ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა. შევცბი.... მამაჩემის ხმაა, ამ ხმას მილიონში გავარჩევ.  „დედამიკინტრულიც“ მისი გამოგონილი სიტყვაა, რომელსაც ძირითადად შვილების „მოსაფერებლად“ იყენებდა ხოლმე. არასოდეს მომიწევია, მამის თანდასწრებით. დედასთანაც მისი სიკვდილის შემდეგ გავბედე მოწევა.
- დედა გენაცვალოს!.. ჩემი ბადუნია მოსულაო... -  ახლა დედაჩემის ხმა გავიგონე. „ბადუნია“ ჩემი მეტსახელი იყო, ოღონდ მხოლოდ დედა მეძახდა ამას მოფერებით.
   გამეცინა... მივხვდი, რომ ქვეცნობიერში დალექილი მონატრებული ფრაზები ამოტივტივდნენ  გონებაში. სავარძელში მოვკალათდი და როგორც იქნა, ტუჩებში შერჩენილ სიგარეტს მოვუკიდე. პირველივე ნაფაზს ფილტვებთან მოკითხვა დავაბარე და თვალები დავხუჭე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ოცდახუთი წლის წინანდელი რეალობიდან მართლა მესაუბრებოდნენ მშობლები. აქამდე ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. ფიქრები აირია და მოგონებების მორევში ჩავიძირე.
    ვლადიმერს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, ხეებს ელაპარაკებოდა ხოლმე. ეზოში ყველა ხეს დაარქვა სახელი და ამ სახელებით მიმართავდა. ოთხი ან ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა მამასთან მივედი და ვკითხე:
- მამა, ხეებს რატომ ელაპარაკები?..
- რატომ არ უნდა ველაპარაკო? - კითხვა შემომიტრიალა მამამ.
- ეგენი ხომ მკვდრები არიან და არ ესმით...
- არა, შვილო, მკვდრები აგე ისენი არიან. - მითხრა და საჩეხში დაწყობილი შეშისკენ მიმითითა. - მაგათ არც ველაპარაკები...
- მკვდრები კი არა, უსულოები... ლაპარაკი ხომ არ იციან?.. - შევეცადე დამეზუსტებინა.
- რატომ გგონია რომ არ იციან?..
- არასოდეს არ გამიგია მაგათი ლაპარაკი.
- ესეიგი, კარგად არ უსმენ...
- ვუსმენ, მამა, აი...  სულ ყურწაგრძელებული ვუსმენ, მაგრამ ვერა... - მამას გულიანად გაეცინა.
- არაუშავს, დრო მოვა და გაიგებ. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.
- როდის? - არ ვეშვებოდი მე.
- როცა ჩემსავით აგტკივდება ეს მიწაც, ეს ხეებიც და ეს სახლიც...
- რა უნდა ამტკივდეს?..
- არაფერი... თავის დროზე გაიგებ.
- მამა, კაკლის ხეს კაკოს რატომ ეძახი?..
- მოფერებით, შვილო...
- ჭაჭუც მოფერებით, ხო?.. ანტონი?..
- ანტონოვკის ჯიშის ვაშლია და მაგიტომ...
- სანდრო?
- ალექსანდროული ჯიშის ყურძენია...
- უჩა?
- უჩაც ჯიშია თხილისა...
- კოტე?..
- ოოო... მაგის სრული სახელი კოტე კოპიტ იფანია.
- კოპიტი რა არის?
- იფნის ხეს მეორენაირად კოპიტი ჰქვია.
- მამა, ხეები თუ ცოცხლები არიან, მაშინ რატომ არსად მიდიან?..
- ფესვები არ უშვებენ.
- ჩვენ რატომ არა გვაქვს ფესვები?
- გვაქვს!
- აბა სადა?.. რატომ ვერ ვხედავ? - გავიკვირვე მე.
- მაგას ვერ დაინახავ, უნდა იგრძნო! - მითხრა მამამ და ქოჩორი ამიჩეჩა.
  კარგად ვერ გავიგე, რა უნდა მეგრძნო, მაგრამ აღარაფერი მიკითხავს. მერე მამის წამბაძველობით ასეთი თამაში გამოვიგონე, დავდიოდი და ხმამაღლა ველაპარაკებოდი ხეებს. ისინი ხმას არ მცემდნენ, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი და ხანდახან ტყუილსაც ვკადრულობდი, დამელაპარაკნენ და გავიგე მეთქი.


*****
  სიგარეტი საფერფლეზე ჩამწვარიყო. ახალს მოვუკიდე, წამოვდექი და წიგნების კარადასთან მივედი. პირველი რაც ხელს მოხვდა, ის წიგნი გადმოვიღე. დავხედე, ნუნუ კერესელიძის საბავშვო ლექსები იყო. მახსოვს, სანამ კითხვას ვისწავლიდი, დედა მიკითხავდა, მერე მე თვითონ ვკითხულობდი. ძალიან მიყვარდა... გადავშალე და პირველივე შემხვედრი ლექსი წავიკითხე.
„რატომ არის, დროდადრო
 რომ ვდარდობ?“
  გამახსენდა, რომ ეს კითხვა ბავშვობიდანვე მაწუხებდა და უფროსებს ხშირად ვეკითხებოდი. ზოგი დამცინოდა, ზოგი სერიოზულად მპასუხობდა. ყველაზე მეტად დედაჩემის პასუხი მომეწონა და დამამახსოვრდა.
- გიყვარს და იმიტომ, ჩემო პატარავ... - მითხრა დედამ და გულში ჩამიკრა.
- ვინ მიყვარს, დე?.. - ახალი კითხვა გამიჩნდა უმალ.
- ვისზეც დარდობ, შვილო... რომ არ გიყვარდეს, არც იდარდებდი... - მითხრა დედამ და მე მივხვდი, როგორ უნდა გამეგო, ვინმე მიყვარდა თუ არა.
  ამ წიგნიდან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. დავდიოდი და ამაყად ვაფრქვევდი ამ სიბრძნეს. ყველგან ამ ლექსების თქმას ვცდილობდი, იმისდამიუხედავად იყო ამის შესაფერისი მომენტი თუ არა. რამდენიმე მათგანი დღემდე შემორჩა ჩემს ლექსიკონს. საბავშვო ლექსი უძახე და ამ ასაკშიც მშვენივრად გამოიყენებ ზოგიერთ სიტუაციაში. მაგალითად, თუ გინდა ვინმეს სიდინჯისკენ მოუწოდო,  შეგიძლია ლექსად უთხრა:
„თუ ვარგიხარ ბიჭი ბიჭად,
გააკეთე საქმე დინჯად!..“
  ან, თუ ქალი მოგეწონა და ლამაზი სიტყვებით გინდა ასიამოვნო, უთხარი:
„ავიარე მთვარის კიბე,
ვარსკვლავები დაგიკრიფე.“
  თუ ცოტა წაფილოსოფოსება მოგინდა, მაშინ ასე თქვი:
„რა იყო პირველად?. - წყვდიადი მეფობდა,
ვის ეწონებოდა?- თავის თავს ეტრფოდა“
  სადღეგრძელოში ვინმეს გულიანად დალოცვა თუ მოგინდა, მაშინ შეგიძლია ეს ლექსი წაიკითხო:
„ღმერთმა მოგცეთ პური, წყალი,
კერიაში ნაკვერცხალი,
ჯანი-მთელი, გული-ბრძენი,
სიტყვა მჭევრი, საქმე-ქველი“
 ბავშვური სიმარტივით გამჟღავნებული ალალი სიბრძნეა თქო, გავიფიქრე და წიგნი თაროზე დავაბრუნე. ოთახში თამბაქოს  მძაფრი სუნი დამდგარიყო. ფარდა გადავწიე და ფანჯარა გამოვაღე. თამბაქოს კვამლი რომელიღაც შორეული გალაქტიკის ნისლეულის ფორმად შეიკრა და თბილი ჰაერის ნაკადს  გარეთ გაჰყვა. ეზოში გადავიხედე და ყურს ისევ მოსწვდა ხეების საუბარი.
- მათე ყოფილა, კაცო!..
- მათე დაბრუნებულა...
- აკი მოკვდაო... ვინ დაუყარა ჭორი, ჰა?..
- როგორ იცანი კოტე ძია, როგორ?.. - კითხულობდა სანდრო.
- როგორა და ... აგე, მარცხენა ხელის მტევანზე ნაიარევს ატყობ?
- აბა?.. ჰო, მერე?..
- ამ მოუსვენარს ბავშვობაში ჩემს ტოტებზე უყვარდა ძრომიალი...
- ეგ ვის ტოტებზე აღარ დახტოდა კაცო?..
- ერთხელაც წაწვეტებულ კაპზე ჩამომარტყა ეგ ხელი და მაშინ დაიზიანა...
- მახსოვს ეგ ამბავი.  - დაუდასტურა კაკომ.
- კინაღამ გავთავდი ნერვიულობით, ბიჭს არაფერი მოუვიდეს თქო... - განაგრძო კოტემ.
- მაგრად კი შეგვაშინა ამ ონავარმა - ჩაიცინა სანდრომ.
- ვლადიმერს თვალებში ვეღარ ვუყურებდი, კაცო, მრცხვენოდა...
- მა რა იქნებოდა, კაცო?!.
- ბოლოს, ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა, დავიმარტოხელე ვლადიმერი და  ვუთხარი, ეგრე შერცხვენილს ნუ დამტოვებ და გთხოვ ეს ტოტი მომკვეთე რომელზეც ბიჭი დაზარალდა თქო...
- მართლა?!.
- მერე?.. რა გითხრა, კოტე პაპა?..
- ჯერ გაეცინა, როგორც იცოდა... მერე ასე მითხრა: „ რას ამბობ კოტე, ჯერ ერთი რა შენი ბრალია და მეორეც, მაგან რომ ტოტმოკვეთილი გნახოს, იცი როგორ დაითრგუნება ბიჭიო?.. “
- სხვას რას ელოდი ვლადიმერისგან?.. - ცრემლებს იწმენდდა თულუხა.
- მათე ძია!..  მათე!.. - მეძახდა და ყლორტებს მიქნევდა პატარა ჟოლო.
- არ ესმის ჟორიკ, ადამიანებს ჩვენი არ ესმით... - ეუბნებოდა უჩა.
- აბა ვლადიმერს როგორ ესმოდა?..
- ვლადიმერი სხვა იყო...
- ნიჭი ჰქონდა ღვთისგან ბოძებული...
- ძაან კი დამსგავსებია მათე ვლადიმერსა... - ჩაილაპარაკა კოტე პაპამ.
- დადინჯებულა, დაღვინებულა...
- არადა, რა ცელქი იყო?..
- ლექსები უნდა გასწავლოთო, რომ აიკვიატა, გახსოვთ?..
- კაკოს დაადგებოდა ხოლმე, „მართლა გკითხეს ბეღურებმა: ყინვა ხომ არ გვეხუმრებაო?..“
- მეზობლის ვირს ეჩხუბებოდა, „სახედარო, აქეთ წამო, გაზაფხული არ შეჭამოო“...
- თოვლს მიფერთხავდა ხოლმე ტოტებიდან ზამთარში და თან მეუბნებოდა „ჩემი ჭაჭუს რტო, მოუღუნავს თოვლს. მიშველეო, მთხოვს“...
-  ქარს ეკითხებოდა ხოლმე „რაო ქარო რა გაქროლებს? - გულს აყოლებ?..“ - ასე იხსენებდნენ ხეები ჩემს ბავშვურ ონავრობას და ნუნუ კერესელიძის ლექსების ჩემეული იმპროვიზაციის ამბავს.
- ყოველთვის მეგონა, რომ ვლადიმერის ნიჭი გამოჰყვებოდა მათეს. - ჩაილაპარაკა კოტემ.
- ჰოო... მეც დიდი იმედი მქონდა. - აჰყვა სანდრო.
- ძალიან ახლოს იყო ბუნებასთან...
- რა კარგი იქნებოდა...
- აფსუს!..
  ვეღარ გავუძელი, ფანჯარა მივხურე და ოთახში შევბრუნდი. 


*****
   კიდევ ერთი სიგარეტი გარდავქმენი ნისლეულად. მშობლების სურათმა საყვედურით შემომხედა. ნიკოტინი ემოციების შემოტევას იგერიებდა და ფიქრის საშუალებას მაძლევდა. გამახსენდა, როგორ განვიცადე, პირველად ხეების ლაპარაკი რომ გავიგე. მამაჩემის ცხედარს ღამეს ვუთევდით, მე და ორი ხანშიშესული მეზობელი. წინა ოთახში სამარხვო სუფრა იყო გაშლილი. მეზობლები სავალდებულო შესანდობრებს ამბობდნენ და საუბარში ჩემს აყოლიებას ცდილობდნენ. მე ლაპარაკის, როგორც სურვილი ასევე უნარიც დაკარგული მქონდა. უსიტყვოდ წავუქცევდი ხოლმე ჭიქას და ბოლომდე ვსვამდი. გამთენიისას მეზობლებს ძილი მოერიათ. მე სიგარეტს ვაბოლებდი და ფიქრის უთავბოლო ლაბირინთში ვიკარგებოდი. უცებ ღია ფანჯრიდან საუბარი შემომესმა. ყური მივუგდე და მოხუცი კაცის ხმა გავარჩიე.
- კაკო, გვითხარი ერთი, რა ხდება შიგნით.
- რაღა რა ხდება, კოტე ძია... მეზობლებს ჩასძინებიათ და მარტო ბიჭი ფხიზლობს ახლა მამის ცხედართან. - ახალგაზრდა კაცის რიხიანმა ხმამ გასცა პასუხი.
- შევარცხვინე მაგისთანა მეზობლები... - მოისმა უფრო შორიდან
- ჰაი დედასა... - გულზე მჯიღს იცემდა ვიღაცა.
   გავბრაზდი... ვიფიქრე, ვიღაცას ცუდი დრო მოუნახავს სახუმაროდ მეთქი და გულმოსული წამოვდექი... დავინახე, ფანჯრის რაფას კაკლის ხე  ჩამოყრდნობოდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა. შემეშინდა... ამ დროს მამაჩემის ხმა გავიგონე:
- ნუ გეშინია, შვილო, მათე... დრო მოვიდა.
- რა დრო? - გავიფიქრე დაბნეულმა, მაგრამ შიშისგან ხმის ამოღება ვერ მოვახერხე.
- ის დრო, რომელზეც გეუბნებოდი... შენ უკვე გესმის ხეების საუბარი ... ნუ ღელავ!..  თუ მზად არა ხარ, ნუ შეიმჩნევ რომ გესმის. მაგით არაფერი დაშავდება!..
  არ შევიმჩნიე და მეორე დღეს განცვიფრებისგან დამუნჯებულმა მოვისმინე, როგორ დაიტირეს ხეებმა მამაჩემი. ამის შემდეგ ყოველ საღამო ჩუმად ვუსმენდი, როგორ იხსენებდნენ ვლადიმერს და მის ამაგს მამაჩემის ძმა ხეები. მალე დედაჩემიც გარდაიცვალა და გასვენებაში ისევ ზარით იტირეს ხეებმა. მეტი ვეღარ გავუძელი და აქედან წავედი, ცხრა მთას იქით გადავიკარგე...
   ფიქრებიდან გამოვერკვიე, წიგნების კარადასთან მივედი და ისევ ის წიგნი ავიღე ხელში. ჩემი ონავარი ბავშვობა ცქმუტავდა ამ წიგნში. გადავშალე და ყველაზე ძალიან რომ მიყვარდა, ის ლექსი მოვძებნე.
„- გამარჯობა, ორაგულო!
- გამარჯობა, იცოცხლე!
- იქნებ თავი მოაბრუნო,
თითქოს არც კი მიცნობდე,
საით მიხვალ?
- სიკვდილსა.
-ჰოოო... რა მიგაქვს?
- სიცოცხლე.“
  ყოველთვის მაოცებდა ორაგულის საქციელი. სიცოცხლის მოსატანად სიკვდილს რომ მიდიოდა. ეს განსაკუთრებული ინსტინქტია შთამომავლობის გადარჩენისა. უფრო საოცარი კი ის იყო, ორაგული სადაც დაიბადა იქ რომ ბრუნდებოდა სიცოცხლის დასასრულებლად. თვითონ, საიდანაც დაიწყო, იქ ასრულებდა  და შთამომავლობასაც იქიდან აწყებინებდა სიცოცხლეს. უკვე ვხვდებოდი, რომ ეს იყო ფესვები, უხილავი ფესვები ორაგულისა... ახლა ჩემი თავიც ორაგული მეგონა... გამახსენდა მამის ნათქვამი  -„მაგას ვერ დაინახავ, უნდა იგრძნოო“ და იმავე წუთს გავაცნობიერე, რომ უკვე ვგრძნობდი... ვგრძნობდი, რომ ამ ფესვებმა დამაბრუნეს სახლში ოცდახუთი წლის შემდეგ.
   ჯიბეები მოვიქექე, მობილურს ვეძებდი... ალბათ მანქანაში დამრჩა... გარეთ გამოვედი და ფოთოლცვენით მოოქროვილ კიბის საფეხურებს ქვემოთ დავუყევი. ხეებმა დამინახეს და ისევ ჩემზე ალაპარაკდნენ:
- უკვე მიდის...
- ასე მალე?..
- მათე ძია!..  მოიცა, მათე ძია!.. - მეძახდა პატარა ჟოლო.
- არ ესმის ჟორიკ, ტყუილად ეძახი... - ეუბნებოდა უჩა.
- რატომ არ ესმის?.. - თვალები აუწყლიანდა ჟორას.
შევჩერდი, მოვტრიალდი და პატარა ჟოლოსთან მივედი.
- მესმის ჟორიკ, ყველაფერი მესმის. - ვუთხარი და ვიგრძენი ხეებს სუნთქვა როგორ შეეკრათ.
- არსად არ მივდივარ, კოტე პაპა, მე შინ დავბრუნდი და ბოლომდე აქ უნდა დავრჩე, თქვენთან ერთად... - სიხარულის ცრემლი მოსდგომოდათ ხეებს თვალებზე. ყველას ბურთი გასჩხეროდა ყელში და ხმას ვეღარავინ იღებდა. მეც გული ამიჩუყდა და ცრემლების დასამალად მივტრიალდი... მანქანისკენ წავედი... შუაგზაზე უკვე მესმოდა
ხეების გულიდან ამონახეთქი სიტყვები.
- ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!..
- შენ გაიხარე!..
- როგორ გამახარე?..
- ბარაქალა, შენს კაცობას...
- მათე დაგვიბრუნდა, მათე!..
  მანქანაში ჩავჯექი, სავარძელზე დარჩენილი მობილური ტელეფონი ავიღე და ნომერი ავკრიფე. ტელეფონში გიორგის ხმა გაისმა:
- გისმენ მათე!.. როგორ ხარ?..
- კარგად, გიორგი... სოფელში ვარ...
- ვიცი, ვიცი... როგორ ჩახვედი?..
- კარგად...
- მოდიხარ უკვე?..  ვახშამზე არ დაიგვიანო, სტუმრები გვეყოლება...
- ვერ მოვალ, გიორგი... აქ ვრჩები...
- რას ამბობ?.. მანდ რა გინდა მარტოს?.. წამოდი, თუ ძმა ხარ!..
- არ შემიძლია, ფესვები არ მიშვებს!..
- რა?!. ალო...
- თქვენ მესტუმრეთ!.. მე აქ გადმოვედი საცხოვრებლად...
- ალო... 
- შინ დავბრუნდი, გიორგი... გესმის?..
ტელეფონი გავთიშე. მანქანა დავქოქე, ფოთოლცვენას ბოდიში მოვუხადე და შემოდგომის ფარდაგი საბურავებით გადავთელე.


------------------------------------------------------
ქემო ქავთარი



Tuesday, December 13, 2016

ეს ცხოვრება კიბე არის... (დიალოგი საკუთარ თავთან)



- გამარჯობა, კეთილო კაცო!..
- ღმერთმა სიკეთე მოგცეს!.. რომელი ხარ, რომ ვერ გიცანი?..
- მართლა ვერ მიცანი?..  შენი ახალგაზრდობა ვარ, პაპა!..
- ჩემი ახალგაზრდობა?... აბა ერთი ახლო მაიწი, ბალღო... ეს ოხერი სიბერე, პირველ რიგში თვალის ჩინს ართმევს თურმე კაცსა...
- აჰა... ვერც ეხლა მიცანი?..
- ძაან კი მეცნობი, მარა... ვისი ხარ, ბალღო?
- ვისიც შენა...
- რა გქვია?
- რაც შენა...
- ვისი გორისა ხარ?..
- შენი გორისა...
- ეეე... კაი ჯეელი კი ჩანხარ, მარა ცუდი ხუმრობა გცოდნია, ღმერთმანი...
- არა ვხუმრობ, კაცო, მართალს გეუბნები...
- დიდება შენდა ღმერთო!.. ამ ხნის კაცი ვარ და ესეთი არაფერი მინახავს... მართლა მგავს, კაცო, უფრო სწორად, ჩემს ჯეელობასა ჰგავს, ხო იცი?..
- რა გჭირს, კაცო, საკუთარ თავს ვეღარა სცნობ?
- ვაა... ეგ არი, რა...  ხმაც იმისი აქვს, გარეგნობაც, მიხვრა-მოხვრაც... რანაირად?.. ჩემი შვილიშვილები ხო არ მაშაყირებენ, ჰა?.. არა, არა, ღირსებით სავსე ყმაწვილები არიან, მაგას არ იკადრებენ!..
- რა მოგივიდა, საკუთარ თავთან არასოდეს გილაპარაკია?..
- მაგის მეტი რა მიკეთებია, კაცო, მარა ეს საკუთარი თავი ხო ჩემში უნდა იყოს შიგნითა, არა?..
- ჰო, აქამდე ეგრე იყო, შენში ვიყავი, შიგნით... დღეიდან სხვანაირად იქნება, მე მივდივარ, გეყრები...
- რახან შენ იტყვი... მე აღარაფერს მეკითხები?... ვაა, მგონი მთლად კარგად ვერა ვარ... მეჩვენება?..
- არ გეჩვენები, მართლა ვარსებობ, აი ხელი ჩამომართვი...
- ვაა... ხორციელია, კაცო... ვიღაცა ცუდად მეხუმრება, ნამდვილად... ტყუილში უნდა გამოვიჭირო... მისმინე, ჩემი ახალგაზრდობა ხო ხარ, არა?..
- ვარ.
- მაშინ ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი „სეკრეტები“ ხო უნდა იცოდე?..
- ახალგაზრდობისაც ვიცი და ახლანდელიც...
- მიდი, აბა, ერთი ისეთი გამოუშვი წესით მარტო მე და შენ რომ უნდა ვიცოდეთ!
- კი ბატონო... გახსოვს, ცოლს რომ შენს მდივანთან ღალატობდი?.. ჩუმჩუმად ისევ რომ მოიკითხავ ხოლმე ტელეფონზე...
- გაჩუმდი, გაჩუმდი... რეებს როშავ?.. ცოლმა არ გაიგოს, მართალი ეგონება... ვაა, საიდან გაიგო, ამ ოხერმა?.. ეგენი არ გვინდა... აბა, ჩემი ფიქრები და ახალგაზრდული შეხედულებები გამახსენე!
- რის შესახებ?..
- ცხოვრების შესახებ...
ეს ცხოვრება  უსასრულო სიბნელეში მიმავალი უსახელურო და ვიწრო კიბე არისო... ასე ამბობდი ხოლმე მაშინ.
- ეგრეა, ღმერთმანი...
შემდგარან ადამიანები ამ კიბეზე და მიდიან...
- ჰოო... ზოგი შენსავით ზემოთ მიიჩქარის, ზოგიც ჩემსავით ქვემოთ ეშვება.
- შენნაირი ხანში შესულები...
- ანუ ბებრები, არა?.. 
-ჰო, ბებრები... დაღლილან უკვე აღმა სიარულით, ასულან ბოლომდე და დამშვიდებულნი ნელ-ნელა ჩამოდიან დაბლა.
- დამშვიდებისა რა გითხრა...  ალბათ უფრო დაქანცულნი...
- იყოს დაქანცულნი, ან ქანცგაწყვეტილნი,  ანდა არაქათგამოცლილნი... სულ ერთია...
- აი შენნაირი ახალგაზრდები კი, მუდამ  სადღაც რომ ეჩქარებათ , თავქუდმოგლეჯილნი გარბიან მაღლა...
- ამ ცხოვრების კიბეს კი საფეხურები ალაგ-ალაგ მოლაყლაყებია და ზოგგან ჩამტვრევია კიდეც...
- სიჩქარეში ახალგაზრდებს საფეხურზე  ფეხი უცდებათ, ძირს ვარდებიან და შთაინთქმიან სიბნელისაგან... 
- ჩვენ ამ საშინელ კიბეზე მივდივართ, ვცდილობთ, წონასწორობა შევინარჩუნოთ და უაზროდ გადადგმული ნაბიჯის მსხვერპლნი არ გავხდეთ.
- მაგრამ ერთხელაც მოგვიდუნდება ყურადღება, ანდა ნებისყოფა აღარ გვეყოფა და სიბნელეში გადავეშვებით ...
- იმ სიბნელეში, ადრე თუ გვიან ყველა მოვხვდებით... 
- ჰოო...ზოგი ადრე და ზოგიც გვიან...
- ანდა სადამდე უნდა ვიაროთ? ამ კიბეს ხომ არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...
- ჰოო... უთავბოლო კიბეა, შენმა მზემ...
- ვინც ადის, იმან არ იცის სადამდე შესძლებს ასვლას... 
- და ვინც ჩამოდის, ის სადღაც უკვე დაიღალა ჩემსავით, უკან მობრუნდა და ასე ივლის სანამ არ გადმოვარდება. 
- ზოგი ისე იღლება, თვითონ ხტება  სიბნელეში.
- კიბე სიცოცხლეა, სიბნელე სიკვდილი...
- „ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის ზოგი ჩადის...“
- გახსოვს ეგ სიმღერა?..
- რათქმაუნდა... რომელი სპექტაკლიდან არის?..
- „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“... რაფიელ ერისთავის პიესა ყოფილა, იცოდი?...
- რაღათქმაუნდა... დამდგმელი რეჟისორი?..
გიორგი კახაბრიშვილი... კომპოზიტორი გახსოვს?
- გიორგი ცაბაძე, სიმღერის ტექსტების ავტორი კი პეტრე გრუზინსკი...
- მართალია, მსახიობები?.. გენიალური დასი...
- ვასო გოძიაშვილი
- ოსეფას როლში...
- გივი ბერიკაშვილი აპოლონს თამაშობს.
- მურმან ჯინორია სერგოს...
- დარეჯან ჯოჯუა „ბატონი ელისაბედის“ როლში და მარინა ვეფხვაძე მაშიკოს როლში.
- ყოჩაღ, ყმაწვილო!.. მსახურებს ვინ თამაშობდნენ ისიც გახსოვს?..
- ბადრი კაკაბაძე და ზაზა ლებანიძე...
- ეგ როგორ?..
- რა როგორ?
- ერთი მსახური ხომ ქალია?..
- კი ნამდვილად ქალია... მოიცა, შენ ზაზა ლებანიძე კაცი ხომ არ გეგონა?
- ჰო... არა?!.
- ქალია, ზაზას მოფერებით ეძახიან, ნამდვილი სახელი  ზაირა ჰქვია...
- ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი... ამომივარდა გონებიდან...
- რას წუწუნებ, როდინდელი ამბები გახსოვს, მაგარი მეხსიერება გაქვს...
- როდინდელი?.. გუშინ „დავგუგლე“ და დღეს უკვე აღარ მახსოვს...
- „დაგუგლე?..“ ეგ რა არის?..
- რანაირი ახალგაზრდა ხარ?  „გუგლი“ არ იცი რა არის?..  კაი, მაგას მერე გასწავლი... ეეეჰ, ამ ცხოვრებას რა ვუთხარი...
- ჰოო... ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით... ახლა რას  ფიქრობ?..
- რაზე?..
- ცხოვრებაზე?.. ისევ კიბედ აღიქვამ?..
- კი, თუმცა ზოგიერთი დეტალი შეიცვალა...
- კონკრეტულად?..
- სიცოცხლე ისევ კიბეა და სიკვდილი ისევ სიბნელე. უბრალოდ კიბე ხის აღარ არის აღარც ძველია...
- აბა როგორია?
- ახალია, მეტალის და მოძრაობს... უსასრულო ესკალატორს ჰგავს... კიბე სიბნელიდან სინათლემდეა გადაჭიმული, მაგრამ სიბნელეც უსასრულოა და სინათლეც...
- მოძრაობს?..
- ჰო, მოძრაობს... სინათლიდან სიბნელისკენ მოძრაობს და სინათლისკენ რომც მიდიოდე, კიბის სიჩქარეს თუ ვერ გადააჭარბე, მაინც სიბნელისკენ წაგიყვანს თვითონ...
- კიდევ?..
- ისევ უსახელუროა ეს კიბე და ამას კიდევ რა უჭირდა, ადამიანები რომ მოწესრიგებულად დადიოდნენ ამ კიბეზე...
- აბა, როგორ დადიან?..
- ქაოსურად... ერთმანეთს ხელს ჰკრავენ, აგდებენ, აქცევენ, ზედ გადაუვლიან და გადათელავენ...
- ყველა?..
-  თითქმის... ათასში ერთი თუ შეაშველებს ხელს წაქცეულს, წამოაყენებს და თავისზე წინ გაატარებს ... ზოგჯერ სწორედ ის გადაგივლის და გადაგჩეხავს, ახლახან ხელი რომ გაუწოდე და ადგომაში დაეხმარე...
- მაშ კიბე სიცოცხლეა?..
- კი, სიცოცხლეა...
- სიბნელე სიკვდილი?..
- ასეა...
- სინათლე?..
- სინათლე ღმერთია.
- და ღმერთს გაურბიან ადამიანები?..
- არა, ცხოვრებას მიჰყავს სხვა მიმართულებით, სიკვდილისაკენ...
- ვერავინ აჭარბებს კიბის სიჩქარეს?..
- როგორ არა, ბევრი ახერხებს, თუმცა დროებით... კიბე ხომ უსასრულოა...
- სინათლეს ვერავინ აღწევს?..
- კიბის გავლით ვერა...
- აბა, როგორ?..
- სიბნელის გავლით.
- სიკვდილის შემდეგ?..
- ჰო...
- ყველა?
- ამბობენ, ცოტა ხნით ყველა ნახულობსო სინათლეს...
- რამდენად ცოტა ხნით?
- სანამ გაირჩევა სად დამკვიდრდები, ნათელში თუ ბნელში?..
- რითი გაირჩევა?..
- კიბეზე როგორც ვიარეთ იმის მიხედვით...
- სინათლისკენ რამდენად მივისწრაფოდით?..
- არამარტო... სხვებს რამდენად ვთელავდით და ვიცილებდით გზიდან, ესეც მნიშვნელოვანია...
- სულ ასე იქნება?..
- სანამ ჟამი მოვა.
- და ჟამი რომ მოვა?..
- კიბის მოძრაობის მიმართლულება შეიცვლება...
- როგორ?..
- სინათლისკენ წავა...
- ანუ ყველას ღმერთისკენ წაგვიყვანს?..
- ჰო, თუ საპირისპიროდ კიბის სიჩქარეს არ გაასწარი...
- ღმერთმა გისმინოს!..
- ღმერთი სულ გვისმენს...
- ახლაც?
- ახლაც... წეღან რას ამბობდი, სად მივდივარო?..
- ჰო, მივდივარ, გეყრები...
- მიზეზი?..
- ჩემი აღარ გესმის, ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ...
- ხუმრობ?..
- არა...
- აბა, შენი ახალგაზრდობა ვარო?..
- ვარ კიდეც, მაგრამ შენ გასხვანაირდი... შენ მე აღარა ხარ...
- კაი, კაცო, პიროვნების გაორება ვის არ დამართნია?.. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება!..
- რა იქნება კარგად, პაპა?..
- თუ ძმა ხარ, პაპას ნუ მეძახი, თავი მართლა ბებერი მგონია...
- არა ხარ რო?..
- შენ უფრო ბებერი ხარ!..
- რანაირად?..
- შენ ხომ უფრო ადრე იყავი, ვიდრე მე?..
- რას გულისხმობ?..
- ჯერ ხომ ახალგაზრდობაა და მერე სიბერე?
- ჰო... ეგრეა...
- ჰოდა, ახალგაზრდობა სიბერეზე ასაკოვანი ყოფილა...
- ეგ როგორ?..
- მაგას ახლა ვერ გაიგებ...
- რატომ?
- ჯერ უნდა დაბერდე...
- მე ახალგაზრდობა ვარ, მე ვერ დავბერდები...
- მაშინ ვერ გაიგებ... იცი რატომ არის სიბერე ბრძენი?..
- რატომ?
- უფრო ბევრი აქვს ნანახი...
- აბა ახალგაზრდობას რატომ მისტირის?..
- ჰე, ჰეეე... ჯეელობა ენატრება... ახალგაზრდობაში განცდილის განმეორება უნდა...
- რატომ?
- უყვარს ვნებებით და შეცდომებით სავსე ახალგაზრდობა, უყვარს...
- ახალგაზრდობას?..
- იმასაც უყვარს... ბრძენი სიბერე უყვარს... ერთმანეთს ავსებენ...
- დარწმუნებული ხარ?..
- აბსოლუტურად... წამო ჩვენი შერიგებისა დავლიოთ, ბალღო... ჩვენ უერთმანეთოდ ყოფნა არ შეგვიძლია!..
- წამო!.. ოღონდ ბალღს ნუ მეძახი, არც ისე პატარა ვარ...
- ჰოო?!. კაი, როგორც გინდა...
- ღმერთო შენ გვიშველე!..
- სიკეთე მოგვცეს!..
- ამინ!

-----------------------------------------------------------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, December 6, 2016

ჭიათურა


ერთი პატარა მხარეა, ძალზე მადლიანია,
ჭიათურა იმერლების დიდი სიამაყეა.
მაღაროთა ქალაქია...  ო, რა მარგანეცია!..
საბაგირო გზების, მართლაც, დიდი კომბინაცია...

ხომ გინახავთ ქუთაისი, ანდა კიდევ საჩხერე?..
ჭიათურა ჩვენს იმერეთს უფრო ძლიერ ამშვენებს.
ყველა სულდგმულს, უკვდავ-მოკვდავს თავის სითბოს აჩვენებს,
მონატრებულს მისი ხილვა მაგიჟებს და მახელებს...

ჭიათურას რომ ვშორდები, თვალზე ცრემლი მადგება.
ჭილოვანში ბუხუტისთან ქეიფი მენატრება,
ქუჩა-ქუჩა ხეტიალი, მოდი-ნახეს ხატება...
ნაგუთში რომ დროს ატარებ, მთელ ცხოვრებას გაგყვება.

------------------------
ქემო ქავთარი

Monday, December 5, 2016

სიყვარულისთვის?!.

   
     ლურჯად ლივლივებდა ზღვა. მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ტალღების ხმაური არღვევდა მყუდროებას და ნიავიც ფოთლებს რაღაცას ეჩურჩულებოდა...
     ვარსკვლავებისგან ოდნავ განათებულ ნაპირზე ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა. მკრთალი სინათლე მის სახეს კიდევ უფრო ნაღვლიანს ხდიდა. ნელა მოდიოდა ჩაფიქრებული, სევდით სავსე. მივიდა ზღვასთან, გადახედა მის უსასრულო სივრცეს... მერე ნაპირზე მიბმული ნავი აუშვა და ზღვაში შევიდა.
     - სად მიდის ნეტა?!. - კითხულობდა ჩუმად ნიავი.
     - ჩემთან მოდის, ჩემთან!.. - პასუხობდა ზღვა.
     - რატომ, რისთვის?!. - უკვირდათ ფოთლებს.
     - სიკვდილს ეძებს, სიკვდილს!.. - იძახოდა ზეციდან ამ ბიჭის ბედის ვარსკვლავი...
     ნაპირიდან ოდნავშესამჩნევადღა მოჩანდა ნავიც და მენავეც. ის კი ისევ მონდომებით უსვამდა ნიჩბებს. ბოლოს გაჩერდა ნავი. ბიჭი ფეხზე წამოდგა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. კარგა ხანს იდგა ასე გაქვავებული, მხოლოდ ნავი ირწეოდა ზღვის ტალღებზე და არწევდა მასაც... მერე კი, წყალმა ერთი დაიდგაფუნა და ზღვამ შთანთქა ბიჭის სხეული.
     - თავი მოიკლა... -აჩურჩულდა ისევ ნიავი.
     - კი, მაგრამ რისთვის?!. - გაიკვირვეს ისევ ფოთლებმა.
     - სიყვარულისთვის!- ჩამოსძახათ ვარსკვლავმა ისევ.
     - სიყვარულისთვის?!.
     - ჰო, იმისთვის, რომ მოეკლა სიყვარული. უცნაურია, არა?..  რას იზამ?...  ზოგჯერ ასეც ხდება.
     - ზღვავ, შენ არ დაინდე იგი. - ხმა აღიმაღლა ნიავმა.
     - შენ მისი მკვლელი ხარ, მკვლელი... - აჰყვნენ ფოთლებიც.
     - მკვლელი, თუ მხსნელი?.. - მშვიდად იკითხა ზღვამ.
     - ჰო, შეიძლება მხსნელიც... - ჩაერია ისევ ვარსკვლავი. - მის სიკვდილს კი ნურავის დააბრალებთ. სიყვარულმა მოკლა იგი...
     მერე, სული განშორდა სხეულს, დაუსხლტა ზღვის ტალღებს და ცაში გაფრინდა...
     - თვითმკვლელობა ხომ ცოდვა არის?..
     - როგორ მიიღო ცოდვილი სული ზეცამ?..
     - დიდი ცოდვის ასაცილებლად პატარა ცოდვა ჩაიდინო - არაფერია!..
     - ასეა, ზოგჯერ სიყვარულიც ცოდვად ითვლება!..
     ბედის ვარსკვლავი, ნელ-ნელა გაფერმკლთალდა და ბოლოს გაქრა. საიქიოში ბედი არვის აღარ ჭირდება!..

----------------------
ქემო ქავთარი

Sunday, December 4, 2016

ჩამოთოვა...


ჩამოთოვა უკვე მთაში.
ადრეული თოვლია...
ჟრუანტელი მივლის ტანში,
შენი კოცნა მგონია.

შენს შემოხედვას ვამსგავსე
თოვლში ჩამდნარი სხივი,
ჩამოურბენს თოვლიან მთებს
ათინათი ღიმილის.

ქარი შენსავით კისკისებს,
ექოდ დაქრის ხევდახევ,
აწკრიალებს ზანზალაკებს,
თითქოს გვიხმობს მე და შენ.

თოვლიან გზას მივუყვები,
შენთან ერთად, ღიღინით...
მომდევენ მოგონებები,
ფიქრი მათოვს ფიფქივით.

-------------------
ქემო ქავთარი

Saturday, December 3, 2016

მე და მთვარე


მე და მთვარე დავმეგობრდით წუხელ,
მთელი ღამე გავათენეთ თეთრად,
ქუჩა-ქუჩა დავდიოდით ერთად,
დავეძებდით იმედსა და ნუგეშს...
დრო ითვლიდა საათებს და წუთებს,
უკან, ჩუმად მოგვყვებოდა ღამე,
ვარსკვლავები აცეცებდნენ თვალებს,
ქარი ფოთლებს მიაფრენდა სადღაც...
და ვუსმენდით ერთმანეთის ამბავს,
მე და ჩემი მეგობარი  მთვარე.

ძნელიაო სიყვარული, მითხრა...
თვითონ, თურმე, ცხრათვალა მზეს ეტრფის
და გულს უკლავს იმის თვალთა ეშხი.
არ მძინავსო მისი ნახვის დღიდან,
ლამის არის გავიქცეო ციდან...
უკან დასდევს, თურმე, დღე და ღამე.
მზე კეკლუცობს, ახლოს არ იკარებს...
დარდობს, ხან მთლად გაილევა დარდით,
ხან ბოღმისგან გაბერილი დადის
მზესთან გამიჯნურებული მთვარე.

გავუმხილე ჩემი სადარდელი,
მეგობარს გადავუშალე გული,
ვუთხარ, რომ მკლავს  უტყვი სიყვარული,
მოვუყევი შენზე ყველაფერი,
იცის, სევდამ რომ დამრია ხელი,
რომ მაწამებს შენი სილამაზე,
შენზე ფიქრში ვათევ ყველა ღამეს,
გიშველიო, მეგობრულად მითხრა,
მე ვნახავო და ვეტყვიო სიტყვას,
მაიმედებს მეგობრულად მთვარე...

------------------------
ქემო ქავთარი

Friday, December 2, 2016

უცხო ენები (სახუმარო)


ერთხელ პატარა თაგუნას
მოსწყინდა სოროში ჯდომა,
გასართობად გარეთ გამოგულავდა,
მაგრამ უცებ, თითქოს ბედად,
წინ კატა არ შეეფეთა?..
და კინაღამ შეგვიჭამა
ეს თაგუნა...
ვაი, ვაი, ვაი!..

თუმცა აქ ჩვენმა თაგუნამ,
ხერხი და ჭკუა იხმარა,
შეაბრალა თავი კატას
და მასლაათი გაუბა:
ჯერ ნუ შემჭამ, ძია კატა,
ხომ იცი, რომ შენს ხელში ვარ,
სიკვდილის წინ, გეხვეწები,
მათამაშე ფეხბურთი!..

ითათბირეს, გადაწყვიტეს,
სანაძლეოსაც ჩავიდნენ:
თაგვს დაურტყვამს კატა პენალტს,
თუ გაუტანს ხომ შეჭამა...
თუ არა და მაინც შეჭამს,
აბა კატა რის კატაა,
თუ თაგვი ვერ დაიჭირა,
თუ თაგვი ვერ დაიჭირა...
ვაი, ვაი, ვაი!..

ბურთს ასწორებს ძია კატა,
გამორბენი, მერე დარტყმა
და თაგუნას უშედეგო
ნახტომი...
გაიტანა გოლი კატამ,
მაგრამ თაგვი სადღაც გაქრა,
მაგრამ თაგვი სადღაც გაქრა...
ვაი, ვაი, ვაი!..

სოროში ზის ჩვენი თაგვი
და გულიანად იცინის,
მოატყუა, თურმე კატა,
რა იოლად, რა ადვილად...
გარეთ კატა გულზე სკდება,
თაგვმა როგორ გამაცურა?
ვახ, მე კატა არ ვყოფილვარ,
თავში არ მქონია ჭკუა...
ვაი, ვაი, ვაი!..

ადგა და კატამ დაიწყო,
უცებ ძაღლივით ყმუილი,
თაგვს ეგონა, მომაკითხა მურიამ...
დაამჟავა ალბათ კატა,
ახლა მიხმობს, გამო გარეთ,
გამო, გამო, თაგვო, ნუ გეშინია!..

გაცუნცულდა თაგვი გარეთ,
გაცუნცულდა და რა ნახა?..
იქვე დახვდა ძია კატა,
სტაცა ხელი გადასანსლა.
თაგვს ხომ თაგვი მიტომ ჰქვია,
რომ ის კატის საჭმელია,
რომ ის კატის საჭმელია...
ვაი, ვაი, ვაი!..

გაიჭიმა ძია კატა,
გაილოკა ულვაშები,
ეშხიანად, მადიანად,
გადისვა მუცელზე ხელი...
რა კარგია, რა ნაღდია
და როგორ გამოსადეგი,
როცა კაცმა იცი
უცხო ენები!..

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, December 1, 2016

ჩემებურ სიყვარულს...


ჩემებურ სიყვარულს
მოგიტან მთებიდან,
მთიულურ გაზაფხულს
ვამსგავსებ ჩემს განცდებს,
გრძნობა დუღს და ჩემს გულს
ყოველდღე აწამებს,
ეულ სულს, დატანჯულს,
სიცოცხლეს აძალებს.

შენებურ სიხარულს
დავეძებ, როცა მე
შენს ჩურჩულს ვუგდებ ყურს,
ვაკოცებ შენს ბაგეს.
ტუჩები საამურ
ფიცს მეტყვის დაფარულს,
შენს გულში საგანძურს
ვიპოვნი დამალულს.

ჩემს მკლავზე ნაწოლ ქალს
გიგულებ თავისად,
იცოდე, რომ ახლა
ბოლომდე ჩემი ხარ.
სულ მალე მოვალ და
მთიულეთს წაგიყვან,
კახეთი გამზითვებს
ალაზნის ველიდან.

სანამ ეს გული ძგერს,
მე გულით გატარებ,
ვაღმერთებ მაგ თვალებს
სიცოცხლის ბოლომდე.
მინდა, სულ გიყვარდე,
სიხარულს მჩუქნიდე,
შენთვის ვარსებობდე
და შენთვის ვცხოვრობდე.

--------------------
ქემო ქავთარი


Wednesday, November 30, 2016

უყვარს ბულბულს


ცაზე მთვარე
ღამეს ათევს
და ვრცელ ბაღებს
ნათელს აფენს.
აქ მე დავკრეფ
ნარჩევ ვარდებს
და შენს გზაზე
დავფენ ასე...

მოსთქვამს, დროსთან
ობლად რომ დგას,
ტრფობა მოჰკლავს
ფრთოსან მგოსანს...
ვლოცავ შროშანს,
ნორჩ ვარდს რომ ჰგავს,
როცა გრძნობა
მოვა კოცნად...

უყვარს ბულბულს,
უნდა, გულს სურს
ტურფა ვარდი,
თუმცა დარდით
წუხს და უგნურს
სურს თქვას, ნუთუ
უბრად არის,
თუ სხვა ძალით

და სხვა ცეცხლით
სხვასაც ეტრფის?
აბა ჩემთვის
რაღა ეთქმის,
განა ესმის
რათა ვკვნესი?
რაღას მერჩის,
მტანჯავს ღმერთი?..

------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 29, 2016

ქორწილი


შარშანწინ უნახავს ეს გოგო პირველად,
მეჯვარედ ყოფილა დაქალის ქორწილში.
ისეთი იყოო, ვით მდედრი პანტერა,
მშვილდად მოზიდული მსხვერპლის მოლოდინში.

მზერა მოვტაცეო და შავ-შავ კაკლებში,
თურმე, ინტერესის სხივმა გაირბინა.
სახელი ვთხოვე და მიცქერსო თვალებში,
მიმხვდარა, გულმა რომ გულისკენ გაიწია.

მაშინ დაწყებულა, თურმე, სიყვარული,
დღეს რომ ამ ქორწილით გვირგვინი დაიდგა.
მაშინ დაიბადა, იგრძნო ორი გული
და მერე თანდათან ფესვები გაიდგა.

ჯერ მორიდებული, მორცხვი შეხვედრები...
პირველი კოცნა და მალვა სიყვარულის...
მერე, აჭიხვინდა ნაპარავი ცხენი,
ვეღარ დაიმალა გრძნობა დაფარული.

ხელის სათხოვნელად წინა თვეს ყოფილან,
მშობლების თანხმობაც ყოფილა ორმხრივი.
ნიშნობაც შემდგარა, იქვე დაგეგმილა
ეს ტრადიციული ქართული ქორწილი.

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, November 28, 2016

სად მიხვალ? (მეგობრის ხსოვნას)


სად მიხვალ ასე ადრიანად, სად გეჩქარება?
ჯერ ოცდასამიც არ გასულა შენი მოსვლიდან.
ცოტა ხანს კიდევ შეიცადე, დარჩი ცოლ-შვილთან!
ამბობ, რომ დედა და დაიკო გელის იმ ქვეყნად...
მამა გეძახის, მე წავალო, მათ მე მივხედავ...
გული დაღლილა, გულის ფეთქვა უფრო სუსტდება...
მეძინებაო, თქვი და წასვლის ითხოვე ნება,
ღიმილით შეხვდი აღსასრულს და სიკვდილს დასცინე,
მოკლე სიცოცხლე ჩაამთავრე,  გასცდი ნაპირებს
ამ ქვეყანისა ... და იმ ქვეყნად გაცხონოს ღმერთმა!..

----------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 27, 2016

სისხლის წვიმა...



სისხლის წვიმა მოდის ჩემი ოცნებების ბაღში,
შხამი მიდუღს სისხლის ნაცვლად ალბათ ყველა ძარღვში,
ცრემლის ღვარი და ნაღველი მეღვრება მე გულში,
ცხრაჯერ ვკვდები მე დარდისგან, სევდისაგან წუთში...

ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე და დამეცა მეხი,
არ მეგონა, ასე ძლიერ გამწირავდა ღმერთი...
გამოვიტანეთ სახლიდან მხრებით ორი კუბო,
ორჯერ ბაგემ იგრძნო მშობლის ცივი შუბლის სითბო.

მამის სიკვდილმა მე გულზე დამცა მძიმე ლოდი,
დედის სიკვდილმა იგი ხომ სულმთლად დამიმძიმა...
გულიდან წვეთ-წვეთ მდის სისხლი და შიგ სულში მოდის,
ლამის დავიხრჩო ჩემს სისხლში და ვერსად გავრბივარ...

თავში ფიქრი მიდუღს მძიმე, გულში კი ვარამი,
როგორ გადიტანოს სულმა ამხელა ზარალი?..
სამუდამოდ გაბატონდა ჩემში ალბათ დარდი,
ჩემი ოცნების ბაღებს კვლავ სისხლის წვიმა აწვიმს!..

--------------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 26, 2016

დრო


დღეს ხომ ეს ბრბო,
ღმერთს რომ ვერ სცნობს,
ხეს სპობს, ბევრს ფლობს,
მეტს სთხოვს ერთ გონს...

ჩემს ქოხს, შენს ჯორს
ხელს ჰყოფს, მხეცს შობს,
ტეხს ტოტს, ტყეს ნორჩს
გლეჯს ყლორტს, სდევს დროს.

დრო კი შორს ქრის,
თოვლს ძირს რომ ყრის,
ფლობს ვის ცოლს ვინ,
ზოგს სჯის ორ გზის...

ლოთს სმის შნო სჭირს,
ბოთლს ცლის, ხორცს ჭრის,
ლომს ვინ სთხოვს შვილს?..
ღორს კი ხბო სცვლის.

დრო არ თხზავს ჭორს,
დროს თუ სურს, თოვს.
ის ცის პირს ზის,
ცივ ფიფქს ძირს შლის,

თოვლს ფენს ქედს, ბორცვს,
დრო დებს თეთრ ნოხს.
დრო ხომ თოვლს გმობს,
ნორჩ ყლორტს რომ სპობს...

-------------------
ქემო ქავთარი


Friday, November 25, 2016

ტირის ღამეული სიჩუმე...


ტირის ღამეული სიჩუმე,
გრგვინავს მდუმარება ტაძრის,
ჩუმად სიყვარულზე ჩურჩულებს
ლოცვად მუხლმოყრილი კაცი...

უძირო თვალების ზმანება,
სევდა, ნაღველი და დარდი...
აწეწილ ფიქრებში არ ცხრება
უიღბლო სიყვარულის ლანდი.

ოდესღაც ბედნიერი დღეები,
ახლა კი ტკივილი მძაფრი...
კოშმარად ქცეული სიცოცხლე
ბორგავს და ნელ-ნელა გადის.

წარსულში გაფრენილან ფიქრები,
მისდევენ გულისსწორის აჩრდილს.
ქვითინებს ღამეული სიჩუმე,
გუგუნებს მდუმარება ტაძრის!..

---------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 24, 2016

არაგვო...


არაგვო, ჩემო არაგვო,
არაგვო არაგვიანო,
სამასი გმირის მეგზურო
იჩქარე შე მადლიანო!..

არაგვო, შენი ტალღები
მორბიან, მოიჩქარიან,
მთაში გაზრდილო მებრძოლო,
ბარში რად მიგიხარია?..

არაგვო, შენ არ ჩერდები
არცარას დაემონები,
შენებურად მსურს ვიცხოვრო
მაგ წესით, მაგ გემოვნებით...

არაგვო, ჩემო არაგვო,
არაგვო არაგვიანო,
მთიდან ბარს მიხვალ მაშველად,
მიდი, არ დააგვიანო!..

---------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 23, 2016

ცისკარი


განთიადია, ამოსულა ცაზე ცისკარი,
ორი ნაბიჯით დაუსწრია მზის ამოსვლისთვის.
ყველა ვარსკვლავი მილეულა, წასვლას იჩქარის,
მზეს თითქოს ცეცხლი შეუნთია ჰორიზონტისთვის.

ცისკრის ვარსკვლავი ცის ტატნობზე ბოლომდე რჩება,
ვარსკვლავებს ითვლის და აჩქარებს, წასვლის ჟამია,
სანამ მზე თავის ცხრავე თვალით შემოიხედავს,
ყველას გარეკავს ღამისაკენ ხარიპარია.

ძველ ბაბილონში თურმე უკვე გაკვირდებოდნენ,
ძველ საბერძნეთში აფროდიტე გერქვა სახელად,
რომში ვენერას გიწოდებდნენ, გაღიარებდნენ
სიყვარულის და სილამაზის ტურფა ქალღმერთად.

ბევრი სახელით გიხსენიებთ საქართველოში,
როგორც ღამეთა მათენებელს, მთიებს გეძახით.
ხარიპარიაც შენა გქვია და ასპიროზიც,
ცთომილ-პლანეტას ჩვენ ვარსკვლავი რატომ შეგარქვით?..

მწუხრის ვარსკვლავიც შენ ყოფილხარ, ცისკრის ვარსკვლავო,
მუდამ, აისის ან დაისის, ვარდისფერს ეტრფი,
ხან მზის ჩასვლისას გვევლინები, მოგყავს საღამო,
ღამის მნათობებს ჩრდილავ შენი კაშკაშა ეშხით.

------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 22, 2016

სიტყვა


"თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან."
თვით ღმერთი  იყო სიტყვა და შემოქმედის ნება.
მერე განკაცდა სიტყვა, დარჩა ადამთან ერთად,
ამეტყველდა და იქცა მრავალი ერის ენად.

მას შემდეგ კაცთა მოდგმას მეგზურივით თან დასდევს,
სიტყვა შენივთდა ლოცვად და ღვთის განგების მაცნედ,
იგი გადმოსცემს გრძნობას და გამოხატავს განცდებს,
ურთიერთობას ლამაზ, დახვეწილ ფორმებს აძლევს.

დიდი ძალა აქვს სიტყვას, დიდ ენერგიას იტევს,
კარგად ნათქვამი სიტყვა კარგ შედეგებსაც იწვევს.
უნდა უფრთხილდე სიტყვას, შენს ნათქვამს ღმერთი ისმენს
და ყველაფერს ნუ იტყვი, რაც მოადგება ფიქრებს!..

თორემ, თუ სთქვი და გასცდა, სიტყვა საკუთარ ბაგეს,
მას ვეღარ დააბრუნებ, რა იცი, როგორ ახდეს?..
ხან მწარე და ხან ტკბილი, ხან გავნებს, ხანაც გარგებს,
ზოგჯერ გატირებს ცრემლით, ზოგჯერ თავზარსაც დაგცემს...

სიტყვამ მოძებნა რითმა და სიტყვა გახდა ლექსი,
ლექსიც ყოფილა ღვთისგან, თუ სიტყვა უფალს ერთვის!..
თავიდან იყო სიტყვა, ღვთიური სიტყვა ერთი,
სიტყვა ყოფილა ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი!..

-------------------
ქემო ქავთარი


Monday, November 21, 2016

პატარა გოგო გრძელი ნაწნავებით


პატარა გოგო გრძელი ნაწნავებით სახლის წინ იჯდა კიბეზე და იცრემლებოდა.
რა გატირებს თქო, ვკითხე, მოვეფერე, ცრემლი მოვწმინდე ღაწვებზე რომ ჩამოსცვენოდა.
მამას ველიო, წაისლუკუნა, სველი თვალები შემომანათა მორცხვად ქვემოდან.
სად არის მეთქი, დავინტერესდი. ციხეშიაო, ისე მითხრა, თითქოს რცხვენოდა.

დღეს გამოდის თქო, ალბათ, გავიფიქრე... არაო, მითხრა, დედამა თქვა ჯერ ვერ მოვაო,
მამას კი უნდა მოსვლა, ვენატრები, მაგრამ ციხიდან არ უშვებენ, არ ჭრის თხოვნაო.
დედამ არ იცის, მაგრამ იქაც არის კეთილი ხალხი და ძალიან თუკი სთხოვაო,
ჩემს სანახავად გამოუშვებენო... აქ ველოდები მე მამიკოს, მალე მოვაო!..

-----------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 20, 2016

მუცო


მთის თხემს შეზრდილი კოშკები და ციხე-სახლები
მუშტად შეკრულა და შორიდან პირქუშ კლდედ მოსჩანს.
ეს მუცო არის, ხევსურების ციხე-ქალაქი,
მიღმახევს ქვეყნის უერთგულეს დარაჯად რომ დგას…

--------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 19, 2016

ალაზნის ველი



ჩუმად გაჰყურებს ისტორიას კავკასიონი,
ნატანჯი მიწა, კახელების, კოხტად მორთულა.
ალაზნის ველზე წინაპართა დაღვრილი სისხლი
ყაყაჩოების ულამაზეს ცეცხლად მოსულა.


--------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 18, 2016

ზღვა


ცამ თქვა, ამ ზღვას რა სწადს ამ წამს?..
არ ჰგავს კარგ კაცს და არც წყნარ ტბას,
ქარს ჰკრავს ავ ფრთას, წყალს ძრავს, მთად დგამს,
გზად სვამს და ნთქავს წყალს, ქვას და სხვას...

ავს ან და კარგს, ხან კაცს, ხან ქალს,
ცხრა ძმას, სამ დას, ათ ტახს, რვა ზღარბს.
შავ თვალს და წარბს, თავს, ტანს და თმას,
ძვალს, ტყავს და მხარს კლავს, ჭამს და ხრავს...

ცამ თქვა, ზღვა სხვა წყალს სვამს ამ წამს.
ამ ქალს ტანს ბანს, რწყავს და არ კლავს...
ქალს ცა სწამს და ზღვა სწადს, რა ქნას?
ზღვა თმას ბანს და მთვრალ კაცს არ ჰგავს...

--------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 17, 2016

ბოდიში



მე მთელი ღამე გავათენე შენზე ფიქრებში,
ბოდიშს გიხდიდი, თუმცა ამას  შენ არ ისმენდი.
ბოდიშს გიხდიდა, პატიებას გთხოვდა ეს გული,
დამწვარი შენი სიყვარულით და დატანჯული.

სადარბაზომდე მიგაცილე, ბნელოდა შიგნით...
მეშინიაო, მითხარი და მეც შემოგყევი,
ხელი ჩამკიდე, მომეხუტე და ვერც კი მივხვდი,
როგორ ვიპოვე სუნთქვის მიღმა შენი ტუჩები.

კოცნის სიტკბო და ვნების ცეცხლი რომ შეიცანი,
მყისიერ შეკრთი, გაექეცი ჩემსა მკლავებსა...
რა ცუდი ბიჭი ყოფილხარო, ასე მითხარი,
თუმცა მანამდე საპასუხო კოცნა გაგექცა.

გთხოვ, მაპატიე, თუ გატკინა გული ამ კოცნამ,
თუ შეგაშფოთა, გეწყინა და ისევ გაღელვებს...
ერთხელ გაკოცე,  ერთადერთი კოცნა შემორჩა,
შენი სახელის ბოდებაში დაღლილ ბაგეებს.

მე მხოლოდ მსურდა, ჩამეხედა შენთვის თვალებში,
მინდოდა, ყურში ჩუმად მეთქვა, რომ მე მიყვარდი...
შენ ვერ მიმიხვდი, გამექეცი, გამინაწყენდი,
პატიებას გთხოვ, მომიტევე, დიდი ბოდიში!..

-------------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 16, 2016

ფიქრთა თარეში




ტანჯავს ამღვრეულ გონებას
ფიქრთა თარეში,
მოგონებები ჩნდება კვლავ
მრუმე ღამეში.
წრფელი გრძნობა და გულისთქმა
ტრფობა ხავერდი...
და ოცნებების სანთელი
ცრემლად ნაღვენთი...

პირველი კოცნა, პირველი
ცეკვა და ლექსი,
გრძნობის გამხელა, გახსნილი
გულის კარები...
თრთოდენ წითელი ვარდები
ჩუმი ალერსით,
მოგონებები ჩნდება კვლავ
მრუმე ღამეში.

----------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 15, 2016

როგორ ვცდებოდი...



როგორ ვცდებოდი მე, როცა მეგონა,
ვერვინ წამართმევდა შენს თავს.
თურმე სიყვარულსაც ყოლია მტერი,
ოცნების კოშკებს რომ ლეწავს...

მე, შენსკენ მომავალს, დამადებს ხუნდებს
და სადღაც საკანში მკეტავს,
შენ კი საპატარძლოს შავად შეგმოსავს
და დაგაახლოვებს ცრემლთან.

რატომ გაგვწირა წუთისოფელმა,
რად გაგვიმეტა ბედმა?..
მაგ ლამაზ თვალებს ისევ დავეძებ,
ღამეებს ვათენებ თეთრად.

---------------------
ქემო ქავთარი

Monday, November 14, 2016

შენს ხსოვნას, მამი!..


ღამის სიჩუმე, ნელი სიო, ფოთოლთ შრიალი,
მოწმენდილ ცაზე დანახული ვარსკვლავთა ჯარი
ფიქრებს მიწეწავს, დარდებს მმატებს და გულს მიმძიმებს,
შენს თავს მაგონებს, უშენობას, ძვირფასო მამი...

მომაგონდება შენი სახე, შენი ღიმილი,
მე არ მეგონა, თუ დაგძლევდა მამი სიკვდილი...
მე ახლა ვიგრძენ უმამობა ყველაზე მეტად,
შენმა დაკარგვამ დამიტოვა ცრემლი, ტირილი...

მამავ, შენა ხარ შვილის ხმალიც, ურყევი ფარიც.
უმამობა, ეს უძლურობის ნიშანი არის,
მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ისევ მიცავ, ისევ მიფარავ,
შენს გასაკეთარს მე მივხედავ, გჯეროდეს მამი!

დავიჩოქები შენს საფლავთან, დაჰბერავს ქარი...
შენი სისხლი ჩქეფს ჩემს ძარღვებში...  უტეხი, მყარი...
ვინც შენ გიყვარდა შევიყვარებ, ვინც გძულდა მეც მძულს,
სიკეთეს ვუზამ კაგს და ცუდს კი ...  მის დედას ვაი...

შენდობას გეტყვი, მოგიგონებ, ჭიქას წაგიქცევ,
ღვინის წვეთებით დასველდება შენი საფლავი...
შენს სასახელოდ, რასაც შევძლებ, მე გავაკეთებ,
მთელ ჩემს ცხოვრებას მე მივუძღვნი შენს ხსოვნას, მამი!..

-------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 13, 2016

თითქოს უნდა გათენებულიყო...



თითქოს უნდა გათენებულიყო,
ცისკარმა გამოანათა ცაზე,
მაგრამ უცებ წყვდიადი ჩამოწვა,
უკუნი ღამე დაგვადგა თავზე...

გვეგონა, ყველას ასე გვეგონა,
თავისუფლება ავიღეთ ხელში,
ვამბობდით, აწი ჩვენ რაღა გვიჭირს,
ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის...

მართალი უთქვამთ წინაპრებს, ალბათ,
კაცი ბჭობს ღმერთი იცინის, მართლაც
თავისუფლად არვინ გვიშვებს, არა...
მოგვატყუეს ძალზე მწარედ, კვლავაც...

ტანჯვა-განსაცდელს ბოლო არ უჩანს,
რაც ბოროტებამ ხელი დაგვრია...
თავისუფლებას მოველით სუნთქვად,
სამშობლოვ ჩემო, დიდი ხანია...

ამოვა მზე ისევ, გამარჯვების,
დაგიბრუნდება ძველი დიდება,
გათენდება, რადგანაც ბოროტი
კეთილის ხელით შეიმუსრება...

გაბრწყინდება საქართველოს ზეცა,
თავისუფლება გაათბობს ჩვენს სულს.
ავდგეთ ფეხზე, საქართველოს შვილნო,
თაყვანი ვცეთ, სამშობლოს დიდებულს!

----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 12, 2016

ქორწილია!..


ქორწილია!..  ჟამი თქვენი ბედნიერების...
ქორწილია!..  ვარდობის და ყვავილობის დღე...
თამადა ასწევს ჭიქას, რომ თქვენ გადღეგრძელოთ,
ახალყვავილნო, იხარეთ და იბედნიერეთ!..

ფეხზე ამდგარა ხალხი, თქვენს სადღეგრძელოს სვამს.
ყველა გლოცავთ და ყველა გულით გისურვებთ კარგს...
და მეც გისურვებთ, მუდამ გიყვარდეთ ერთმანეთი,
დაგლოცავთ ძველებურად და...  ტკბილად დამიბერდით!

არ შეგერცხვინოთ ერი და ჩვენი საქართველო!
არ დაივიწყოთ არა, მამული სასახელო!
პატივი ეცით მშობელს, ძმას გაუწიეთ ძმობა,
მოყვარეს უმოყვრეთ და მტერს არ მოაკლოთ მტრობა!..

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და არსობის პური,
გაგამრავლოთ და შვილები მრავლად დაგეზარდოთ!..
შეაბერდით ტკბილად ერთურთს, გაიხარეთ გულით,
შვილთა შვილთა შვილთა შვილის ქორწილიც გენახოთ!

წუთისოფელი ბუტია ბავშვს არა ჰგავს, ხალხო,
დღეს გაგებუტოს, ხვალ კი ისევ შენ გეთამაშოს...
რაც წავა, წავა, ის მეორედ არ დაბრუნდება
და ეს ქორწილიც არასოდეს განმეორდება.

მხოლოდ თქვენს გულში, თქვენს რწმენაში, თქვენს ოცნებაში
დარჩება ეს დღე დაუვიწყარ მოგონებებად,
გაუნელებელ სიყვარულით თუ იწვის გული,
ქორწინების დღე არასოდეს დაავიწყდება.

------------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 11, 2016

შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა...


შენა ხარ ჩემი ხატი წმინდათ-წმინდა
და შენ რომ მწყალობდე, მე მხოლოდ ის მინდა.
მე შენზე ფიქრებით გაწამებული ვარ,
უტყვი სიყვარულით გზააბნეული ვარ...

მაგრამ შენ არ იცი, ვისთვის რადა ფასობ,
ვისთვის რადა ღირხარ, შენ არ იცი, კარგო...
შენ უცხო მშვენებით გაშლილი ვარდი ხარ,
ციდან მოწყვეტილი კოხტა ვარსკვლავი ხარ.

მე რომ ვერ მივწვდები, შენ ის მწვერვალი ხარ,
მე რომ არ მეკუთვნის, შენ ის ყვავილი ხარ,
შენამდე ვერ მოვალ, თუმცა სულ ახლოს ხარ,
ჩემთვის რომ არ მღერის შენ ის ბულბული ხარ...

და მე ამ ხატის წინ ისე ვიფერფლები,
ისე ვიღველფები, რომ შენ ვერც კი ხვდები.
თუკი არ ეწერა ბედი ჩვენს სიყვარულს,
ისევ ის მერჩია, რომ არ მყვარებოდი.

არა, აღარა მწამს ქვეყნად არაფერი,
მხოლოდ შენზე ვფიქრობ, შენგან ვიტანჯები.
შენი სიყვარული გულს ისე ედება,
ვიცი, არაფერი აღარ მეშველება...

----------------------
ქემო ქავთარი

Thursday, November 10, 2016

უბედურ კაცს...


უბედურ კაცს არასოდეს
გაუღიმებს, ალბათ, ბედი...
და მე, ბედი რომ მქონოდა,
შენ არ შემიყვარდებოდი.

სიყვარული, სატანჯველად
რომ გექცევა, მწარე არის,
მაგრამ მაინც შენს სიყვარულს
ამ გულიდან ვერვინ წაშლის...

ჩემი ღმერთი შენ ხარ მხოლოდ,
შენს მეტი მე არვინ არ მწამს.
შენთან ყოფნა სულს მიმშვიდებს,
უშენობა ძლიერ მტანჯავს...

შენი სილამაზით ვტკბები,
ეგ მშვენიერება მათრობს...
ნეტა, შენ ჩემზე ფიქრობდე,
ჩემთვის არსებობდე, კარგო!..

უბედურ კაცს არასოდეს
გაუღიმებს, ალბათ, ბედი...
და მე, ბედი რომ მქონოდა,
შენ არ შემიყვარდებოდი.

---------------------
ქემო ქავთარი

Wednesday, November 9, 2016

ისევ ღამე არის...


ისევ ღამე არის
და მოწმენდილი ცა
ისევ მოჭედილა
კოხტა ვარსკვლავებით,
ისევ ისე, ჩუმად
ჩურჩულებს ნიავი
და მას ძველებურად
უსმენენ ფოთლები.

ღამის სიჩუმეში
ისევ იდუმალად,
წყნარად შრიალებენ
ისევ ზღვის ტალღები,
ზღვაო, შენი შორი,
უსასრულო სივრცე
თავისკენ მიხმობს
და თავისკენ მეძახის!..

მხოლოდ მე შევცვლილვარ,
ჩემს თავს ვეღარა ვცნობ!..
ამდენი წვალება
მეყო უკვე, კარგო,
დასასრული აქვს ყველაფერს
და მეც დავასრულებ
ტანჯვა წამებას,
სიყვარულს და
თვითონ სიცოცხლეს...

--------------------------
ქემო ქავთარი

Tuesday, November 8, 2016

ბევრი გეძებე...


ბევრი გეძებე, ბოლოს გიპოვე...
გიპოვე აქვე, ჩემს გვერდით, ახლოს.
ბევრი ვიფიქრე, ბოლოს დავრწმუნდი,
მიყვარდი თურმე, ჩემო ძვირფასო...

თუ გიყვარს, უკვე ბედნიერი ხარ,
სხვაგვარად ფიქრობ, ცაში დაფრინავ...
ოცნებობ, ეტრფი, იმ ერთზე ფიქრობ,
რომლის გარეშეც აღარ ვარგიხარ.

მერე ნელ-ნელა ეჭვები გიპყრობს,
ნუთუ ვუყვარვარ?..  ან იქნებ არა?
მინდორში კრეფ და პენტავ გვირილებს...
ვუყვარვარ, არა, ვუყვარვარ, არა!..

ცალმხრივ სიყვარულს ბედნიერებად
მე ვერ აღვიქვამ... ვერ დავიჯერებ,
რომ არ გამწარდეს მთელი ცხოვრება,
თუკი შემიკრავ გამოწვდილ ხელებს.

რომ არ ვუყვარდე?.. ვფიქრობ და ვკრთები,
თითქოს მემსხვრევა ოცნების ფრთები,
გადავიღალე ფუჭი ფიქრებით,
გამოსავალთან სანამ მივედი.

ერთ მშვენიერ დღეს მოვედი შენთან,
ეს ჩემი გული გადაგიშალე...
პასუხი გთხოვე, მითხარი: არა!..
მივხვდი, სიმართლე რომ დამიმალე...

ახლა კი ვზივართ ერთად პირისპირ
და გეკითხები: გიყვარვარ კარგო?..
შენ შუბლს შეიკრავ, მეტყვი: არ გჯერა?
მე მეცინება, არ ვიცი რატომ...

--------------------
ქემო ქავთარი

Monday, November 7, 2016

ბუტია და თავნება


შემიყვარდა ერთი გოგო,
ბუტია და თავნება,
ო, ღმერთმანი, არ ვიცოდი,
თუკი გამაწამებდა.
რა ვიცოდი, დამტანჯავდა
ჩემი გოგო თავნება...
მის დევნაში დავიღალე,
დამეწყვიტა ნერვები...
მოდი ჩემთან, გენაცვალე,
მოდი მოგეფერები!..

გაკოცებ და გეწყინება,
წახვალ, დამემალები...
მე კი გული მეტკინება
შენგან განაწამები,
მე ისევ მომენატრება
ეგ ლამაზი თვალები...
არა, აღარ გამებუტო,
ნუღარ დამემალები!..
მეტი აღარ მომანატრო
ეგ უძირო თვალები!..

------------------------
ქემო ქავთარი

Sunday, November 6, 2016

წვიმდა



წვიმდა, როგორ წვიმდა,
გახსოვს?.. შენც ხომ გახსოვს...
იცი, როგორ მინდა
ის დრო ახლა, ამ დროს?..
გახსოვს იმ საღამოს,
ფეხით დავდიოდით,
იმ თავსხმა წვიმაში,
ჩვენ ხელჩაკიდულნი?..
თითქოს გვიხაროდა,
მაშინ ჩვენ ეს წვიმა,
თითქოს არც გვინდოდა,
რომ გამოედარა...
თითქოს ცა ტიროდა
და იმის ტირილზე,
ეს ჩემი გულიც რომ
ცრემლად იღვრებოდა...
თითქოს ბედნიერი,
მაინც უბედური,
მოთქვამდა ეს გული,
კვნესოდა, ტიროდა...
ჩემს გვერდით რომ იყავ,
მე ამით ვხარობდი,
გული კი სხვა რამეს მთხოვდა...
ის შენს გულს ითხოვდა
და მე კი ვუშლიდი,
ამიტომ ეს გული
კვნესოდა, თრთოდა.
წვიმდა, ძლიერ წვიმდა...
გახსოვს?.. ვიცი გახსოვს...
ნუთუ შენ არ გინდა,
ის დრო იყოს ამ დროს?..

-----------------------
ქემო ქავთარი

Saturday, November 5, 2016

დავიგვიანე


დამიგვიანდა მოსვლა შენამდე,
შევფერხდი გზაზე, ვეღარ ვიარე...
მე, თურმე, ძლიერ დავიგვიანე,
შენ ჩემს მოსვლამდე სხვა შეიყვარე.

რა ძნელია, როცა იტანჯები
უიმედო სიყვარულით კაცი,
როცა იცი, შენზე არც კი ფიქრობს
შენთვის ერთადერთი წმინდა ხატი...

სხვას ეკუთვნის უკვე შენი გული,
მე ისევ შენს სილამაზეს ვეტრფი.
უშენობით შფოთავს ჩემი სული,
ისევ მხიბლავს მაგ თვალების ეშხი.

ისე, როგორც ხავსს წყალწაღებული,
უკანასკნელ იმედს ვეჭიდები.
იქნებ ქვეყნად მოხდეს სასწაული,
იქნებ ჩემსკენ მოგიბრუნდეს გული...

ანთებული სანთელივით იწვის,
დაჩაგრული ჩემი სიყვარული,
დასასრული აღარა აქვს ტანჯვას,
ლამის არის, ბოღმით გასკდეს გული.

რა ვიცოდი, თუკი შენი გული
უკვე სხვისი სიყვარულით ძგერდა,
რა ვიცოდი, თუკი შენი გული
ჩემს სიყვარულს არასოდეს დაიტევდა.

------------------------
ქემო ქავთარი

Friday, November 4, 2016

ქარწაღებული


იდგა დეკემბერი, თოვლიან ტირიფებს
ქარი უბერტყავდა ტოტებს... ძირს ცვიოდა
თოვლი, თეთრი თოვლი ქუჩებს ათეთრებდა,
ხეებზე მობუზულ ბეღურებს სციოდათ.

ქარი ქუჩა-ქუჩა წითელ ვარდს ათრევდა,
გამხმარი ფურცლები გზადაგზა სცვიოდა.
შენი სიყვარულის სიმბოლო, რჩეული,
ახლა ქარს მიჰქონდა და მწარედ ტიროდა...

იდექ აივანზე და ჩუმად უმზერდი,
ქარი რომ ნავარდალს ტროტუარს ახლიდა,
ძველი სიყვარულის მოკვლა განიზრახე
და ახალ ცხოვრებას იწყებდი ამ დღიდან...

იდგა დეკემბერი... იქნებ ნოემბერი?..
ანდა იანვარი?.. იყოს სულერთია...
ჩემი დავიწყება უკვე გადაწყვიტეს,
იმ წვეულებაზე მე არ მიმელიან...

წლებმა გაიყოლა ბევრი წვეულება
შენი უგულობით გული გამიბზარე...
ალბათ, მაშინ შევცდი, მაშინ შევიშალე,
როცა სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარე...

ისევ დეკემბერი დადგა  და  აცივდა,
კიდევ ერთი წელი უჩუმრად გაფრინდა,
სტუმრები მოსულან და სუფრა გაშლილა,
შენს სადღეგრძელოზე ყანწები დაცლილა...

ვარდები გაჩუქეს, ფიქრი აგერია
და მოგონებები ნისლში ჩაგელია,
ცრემლები მოგადგა, გული გაგელია,
გულს ქარწაღებული ვარდი ჩაგრჩენია...

მორჩა წვეულება და შუაღამისას
მე სიზმრად გესტუმრე, სხვა გზა რომ არ იყო...
ნიაღვრად მოვარდა ნაკადი გრძნობისა
და კოცნა-ალერსის მდინარემ წაგიღო...

შფოთვით გაგეღვიძა, კანკალი დაგეწყო,
თითქოს მოთმინების ფიალა აგევსო,
ცრემლიან თვალებში ოცნება გაბრწყინდა
და ჩემი განდევნის სურვილი გაგიქრა...

ინატრე, სიზმრიდან ცხადში მოვსულიყავ,
ფიქრებით მეძახდი, მიხმობდი გონებით...
ციდან ვარსკვლავების სხივებს ჩამოვყევი,
როგორღაც შევძელი და მაინც მოვედი...

დიდხანს, მონატრებით თვალებში გიყურე,
კოცნად ვიქეცი და ტუჩებზე დაგაკვდი...
ტრფობის ოკეანე ერთად გადავცურეთ,
სულმთლად ჩაგისუნთქე და გულში გადამცდი.

ასე სუნთქვასავით როცა მჭირდებოდი,
ისევ გამექეცი, მაქციე წარსულად.
ჩემს გულში მზესავით ენთე და ვიწვოდი,
შენ სხვას ეკუთვნოდი, უთბობდი სასთუმალს...

ბევრჯერ გამებუტე, თუმცა კვლავ შევრიგდით,
ნაპარავ გრძნობებით ვთვრებოდი ლოთივით...
გულით გიყვარდი და გონებით მდევნიდი,
მაინც გადამაგდე დაცლილი ბოთლივით.

არ მინდა, შენს თვალებს ცრემლი ასველებდეს,
გული გტკიოდეს და დარდები გძალავდეს...
წავალ და საერთოდ უკვალოდ გავქრები,
ოღონდაც შენს სახეს ღიმილი ფარავდეს!..

სამყაროს გადაჰკრავს მუქი ჟოლოსფერი,
დრო თავად გამხდარა დროის მენეჯერი...
თვე თვეს გაჰყვება და მოვა ოქტომბერი,
მერე ნოემბერი და კვლავ დეკემბერი...

მოვა დეკემბერი, უფრო აცივდება,
კიდევ ერთი წელი ჩუმად გაფრინდება...
სტუმრები მოგივლენ, სუფრა გაიშლება,
შენი სადღეგრძელო ყანწით დაილევა...

ვარდებს გაჩუქებენ, ფიქრი აირევა...
სადღაც მოგონების ნისლი აიშლება,
ცრემლი მოგადგება, გული გეტკინება,
ქარს გატანებული ვარდი ატირდება...

მორჩება დღეობა, ხალხი აიშლება,
სიზმრად გესტუმრები, სხვა გზა არ იქნება.
კოცნით გაგაბრუებ, სუნთქვა შეგეკვრება,
გრძნობა და გონება ერთად აღელდება...

შფოთვით გაიღვიძებ, თრთოლვა აგიტყდება,
ცრემლიან თვალებში ვნება გაბრწყინდება.
მერე, მოთმინების ძაფი გაგიწყდება,
იტყვი: ვერ შევძელი შენი დავიწყება!..

--------------------
ქემო ქავთარი